რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ასევე ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აკრძალულია საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული- ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი) და ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ106 მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.
კომენტარები