გელათის მონასტერი ზამთარს ისევ მოუმზადებელი ხვდება. ტაძარში წყალი რომ არ ჩავიდეს, გელათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა ისევ თუნუქის ფირფიტებით არის გადახურული.
სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციის პროცესი უშედეგოდ გრძელდება – ფრესკებისა და ფრაგმენტების ნაწილი ამ დრომდე ცვივა. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება კი იმ ადგილებთანაა, სადაც წყალი ჩავიდა.
რესტავრატორები მიიჩნევენ, რომ დაზიანების პროცესი შეუქცევადია და პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და კულტურის სამინისტროს აკისრებენ.
“საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა გელათის სამონასტრო კომპლექსი, ჯერ ხელისუფლების დანაშაულებრივი, ხოლო შემდეგ უმოქმედობის შედეგად, კარგად ვხედავთ, რომ მდგომარეობის სიმძიმეს ვერ ცვლის მათ შორის, ამ საქმეში არაკვალიფიციური უწყების – საპატრიარქოს მიერ პროცესის გადაბარება და ვხედავთ, რომ უკვე მეოთხე ზამთარს ხვდება გელათი დაზიანებული მხატვრობით და უიმედო მდგომარეობაში. ამ პროცესში ელემენტარული ამოცანის მიღწევაც კი ვერ მოხერხდა, რომ სამი წლის მანძილზე დროებითი გადახურვა მაინც გაკეთებულიყო შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალის გამოყენებით, რაც მინიმუმადე დაიყვანდა შემდგომი გართულების შესაძლებლობას”, – აცხადებს “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
კომენტარები