მთავარიახალი ამბები

უცხო ფრინველი – ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე

უცხო ფრინველი – ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე

ლანა ღოღობერიძე ჩვენი თაობისთვის მთელი ეპოქაა.

არ ვიცი, როგორ მესმოდა ამის მნიშვნელობა ბავშვობაში, მაგრამ ის, რომ კინორეჟისორობაზე ძალიან ადრე დავიწყე ოცნება,  11-12 წლიდან, ლანას დამსახურებაა. მომწონდა მისი სახელიც, ხმაც, მისი კადრს მიღმა ცხოვრება, რომელიც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობდა, საინტერესო და ფერადი, დაკაწრული, რაღაცნაირად იდუმალიც და თავისუფალიც, ძლიერიც და პოეტურიც, უცხო, გამორჩეული. თუმცა, რეალურად არაფერი ვიცოდი მასზე. ეს ის დროა, როცა ვერაფერს „დაგუგლავდი“, „დასერჩავდი“ და მითუმეტეს, ვერ წაიკითხავდი ყვითელ პრესაში. ეს ყველაფერი არ არსებობდა და იმიტომ.

ახლაც, როცა ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მის ბოლო დოკუმენტურ ფილმს “დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი“ ვუყურებდი, პარალელურად ჩემს უცნაურ ბავშვობას მარცვალ-მარცვალ ვხსნიდი, როგორც დავიწყებულ რებუსს.

წლების მერე გავიგე რა ბედისწერით იცხოვრა ლანამ. წლების მერე გავიგე, ის, რაც უსახელოდ და გაუაზრებლად მომწონდა და წარმომედგინა, -ნამდვილად რომ ყოფილა ამ მოფრანგულედ რომანტიკული ქალის ცხოვრებაში. ალბათ, პროფესიის სახელიც ჯადოსნურად მეჩვენებოდა მაშინ. ჰოდა, ეს ჯადოც ნამდვილად ჰქონდა – მცირე ასაკიდან მძაფრი განცდები. არა მარტო დედის გადასახლებით გამოწვეული, რომელიც მოგვიანებით მის ფილმებშიც ჩანდა. არა. კიდევ ბევრი არომატი სასურველი “პოეტი ბედუინების“, მისი თაობის ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი ბიჭების მეგობრობის, ბიჭების – სხვა ეპოქიდან, ყველაზე გამორჩეულების ჩემნაირი მეოცნებეებისთვის, სტანდარტებს იქეთ ნაპოვნი უსწორ-მასწოროდ დიდი სიყვარულის, პოლიტიკაში არეულ-დარეული არსებობის, დაუსრულებელი შემოქმედების – ცხოვრების გრძელ გზაზე ბოლომდე მიტანილი საკუთარი მნიშვნელობით, აზროვნების უბერებლობით.

ახლა ეს ქალი, 93 წლის ასაკში,  თავიდან ყვებოდა საკუთარ ცხოვრებაზე. დოკუმენტურად და პოეზიაშეპარული თხრობით. ყვებოდა დედაზე – საოცარი ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძის თავიდან დაბადებაზე, რომელიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე “ინტერვიუ პირად საკითხებზე“ და „წუთისოფელი“ და რომელიც მთლიანად არის “ვალსი პეჩორაზე“.

ვუყურებდი და ვფიქრობდი: თურმე რატომ მომნუსხა ბავშვობაში აუხსნელმა ენერგიამ, კადრს უკან ნაგრძნობმა ხასიათმა და ძარღვმა..

ახლა ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე ვისმენდი და ვუყურებდი ლანას ცხრა ათეულზე მეტი ასაკის ბიოგრაფიის მუსიკებს და თემებს, პასტორალური ფერებით აწყობილ საკადრო ტილოებს, კეთილი და უმწეო ადამინების შეხვედრა-დაშორებების ზნეობრივ ელეგიებს ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებში, როცა მეც ამდაგვარი ტკივილების და გემოების მძაფრი ნაზავით ვარ გაჯერებული. მაგრამ სხვა რამის გამო დავიწყე ბლოგის წერა.

ლანას დედა – ნინო- ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე. დამატყვევებელი და აღმაფრთოვანებელი. საინგილოში დაბადებული, ცოდნისკარიდან თბილისამდე ურმით ჩამოსული ხუთ დასთან  და ერთ ძმასთან ერთად, ფილოსოფიური განათლებით, პირველი კინორეჟისორი ქალი, რეპრესირებული, მერე რეაბილიტირებული, წარსულზე არ მოლაპარაკე და სიკვდილის მერე თავიდან ნაპოვნი მისი არაჩვეულებრივი ფილმებით, სცენარებით, მოთხრობებით, განზრახდავიწყებული ისტორიებით.

ეკრანი გადაანათა მისმა სილამაზემ. მისმა გამორჩეულობამ. სხვა სამყარო ლაპარაკობდა მისი „შეჩერებული წამებით“. ალექსანდრა კალანტაიც იყო, ლილია ბრიკიც, სიმონ დე ბოვუარიც, ლუ – ანდრეას სალომეც.  ჰანა არენტდის  და ახმატოვას ნაწილიც, ერთად (“ჩემი  ქალების“ უმაღლესი ლიგა) შესაშური, გონიერი თავხედობით, გამომწვევი პროფესიით და ეგზოტიკური გარდერობითაც ლამაზ სხეულზე. არტისტული და ნიჭიერი შარმის. სულ სხვა ცხოვრებისთვის დაბადებული. სულ სხვაგან შეწყვეტილი უზღვავი ენერგეტიკით. გულაგში!

ლანას ფილმის ფერების და კომპოზიციის იმპრესია დამავიწყა ნუცას შავ-თეთრმა რეტროსპექტივამ მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან. პირგამშრალი ვუყურებდით ფრაგმენტებს მისი გადარჩენილი ფილმებიდან “ბუბა“ და „უჟმური“ . უფეროდ  დაძველებული სახეების და პეიზაჟების დღევანდელზე უფრო მგრძნობიარე სუნთქვას. დიაგონალურად აწყობილი სივრცეები – ყველა კადრი ფერწერული ფრაგმენტი. მხატვრებიც როგორი ჰყოლია: დავით კაკაბაძე და პეტრე ოცხელი. როცა ნუცას კადრში გეომეტრიას მივაქციე ყურადღება, ოცხელი გამახსენდა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი თუ “უჟმურზე“ ჩვენი საოცარი ბიჭიც (პეტრეს ვგულისხმობ) მუშაობდა. არავის უხსენებია. მერე წავიკითხე სახლში რომ მოვედი და ინტუიცია შევიქე. მანამდე პეტრეზე მოძიებულ ინფორმაციებში არასდროს გადავყრივარ ამ ფაქტს და გამიკვირდა. თავიდან წავიკითხე. ხელოვნების და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში ეკა კონტრიძე წერს საარქივო მასალებზე დაყრდნობით: “1933-1934 წლებში ნუცა ღოღობერიძე მუშაობდა მხატვრულ ფილმზე „უჟმური“. სცენარის ავტორები არიან: შალვა დადიანი და ნუცა ღოღობერიძე, ოპერატორი – შალვა აფაქიძე, მხატვრები – პეტრე ოცხელი და მიხეილ გოცირიძე“.

ბურთი გამეჩხირა ყელში, ისე ცხადად წარმოვიდგინე შემოქმედებითი ჯგუფის ერთობა, წვა, დღე და ღამე, წუთი და საათი, დაწყებული – სცენარის გარჩევიდან, მონტაჟის მაგიდამდე. ეიზენშტეინიც არის ჩარეული მის რედაქტირებაში!

ნუცა ღოღობერიძე. პირველი ქალი კინორეჟისორი საქართველოში! ალბათ, რა მჩქეფარე ცოდნით და ენერგიით იყო სავსე ევროპიდან დაბრუნებული, ფილოსოფოსის დიპლომით, ხელოვნების ახალ ენაზე ლაპარაკის წყურვილით! თავიდან ვუყურე “ბუბას“, ფესტივალიდან რომ მოვედი. თავიდან გამაგიჟა ბავშვების კადრებმა. ვერ დაივიწყებ ისე ნამდვილია. ისე მკაფიო და მხატვრული. ქალები – კიდევ უფრო საოცრება. ყველა სახე ცალკე ამბავია, დამოუკიდებელი ამბავი.

დიდხანს გამყვება ამ დღით შთაგონება.

დიდხანს არა. სულ!

ლანას ხმა, – დამუხტული დრო და ჰაერი სიტყვებს შორის – როცა მის გენიალურ დედაზე ლაპარაკობს, შეხვედრის და დაშორების ირონიაზე ცხოვრებაში, შემწყნარებლობის/ადამიანობის იშვიათ სიძვირფასეზე – დღესაც და სულ ..

მაინც როგორ შეძლო იმ სისტემამ, რეპრესიების საზიზღარმა და გიგანტურმა მანქანამ, ნუცასნაირად თავაშვებული სილამაზის და ნიჭიერების დადუმება ისე, რომ რეაბილიტირებულმაც და სახლში დაბრუნებულმაც, აღარ მოინდომა ძველის მოყოლა და გახსენება. ასეთი რა პირობა დადო “გულაგში“ – ნათელი სულების იმ სასაკლაოზე, რას შეაქცია ზურგი ასე თავგანწირვით და უპირობოდ.

არადა, იცოდა, სადღაც, ძველი საბჭოეთის რომელიღაც კინოსტუდიის მტვრიან თაროზე, მისი შედევრები, მისი ბედნიერი ცხოვრების მთავარი შემოქმედება იდო თუნუქის ყუთებში, ნაოცნებარ კინოფირებზე სუნთქვაშეკავებული. მისი თავიდან აღიარების ისტორია ელოდა…

არ თქვა, ისე წავიდა. გაილია. დათმო. აღარ გაიხსენა. როგორც ღალატის გახსენება აღარ გინდა, ისე…

თან, ფილოსოფოსი იყო.. აზროვნების აქტის კონფიგურაციაც სხვა ჰქონდა.. გრძნობებიც და გრძნობების ახსნაც..

აღარ მოყვა თავიდან, ისე წავიდა.. კლასიკური ფორმულა უარყო. ყველაზე საჭირო,  ადამიანად ყოფნისთვის. რა ძალაა ეს!

ნუცა ხუციშვილი. კიდევ ერთი უცხო ფრინველი ჩემს ჯადოსნურ სამყაროში – დღეც და ღამეც  გულში გამოსახმობად, ნაკაწრების მოსაშუშებლად.

სულ გამყვება.. ახლა წერას დავასრულებ და ფიქრს ვერა.

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები