მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ფაქტობრივად, გავწირეთ გელათი, გამოუვალი მდგომარეობაა”

“ფაქტობრივად, გავწირეთ გელათი, გამოუვალი მდგომარეობაა”

ფაქტობრივად, გავწირეთ გელათი. გამოუვალი მდგომარეობაა. ყველა უნდა დაფიქრდეს, მამა კირიონიდან დაწყებული დავით ლორთქიფანიძით დამთავრებული. ისინი არიან პასუხისმგებლები საპატრიარქოს და სახელმწიფოს მხრიდან, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის “კულტურული მემკვიდრეობა და გარემოს” დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა.

“ძალიან დიდი პაუზა აღმოჩნდა ძველ ხარაჩოსა და ახალ კითხვებით სავსე ხარაჩოს შორის. ფაქტობრივად, მთელი თვე, რომელიც იყო ძალიან წვიმიანი, გავწირეთ გელათი. ის კომიტეტი, რომელიც ძალიან კარგმა სპეციალისტებმა დატოვეს, არ ვიცი, რას ფიქრობს.

ცნობები მოდის წამყვანი სპეციალისტების, რესტავრატორების, იტალიელებისგან, რომ უნიკალური მოზაიკის 80% არის დაზიანებული. ამბობენ, ეს მოზაიკა ხომ არ მოიხსნას საერთოდ. მოკლედ, გამოუვალი მდგომარეობაა.

ახლა არის განგაშის ზარი ასატეხი. ყველა უნდა დაფიქრდეს, მამა კირიონიდან დაწყებული დავით ლორთქიფანიძით დამთავრებული, რომ ეს ფაზა აიცილონ თავიდან. ისინი არიან პასუხისმგებლები საპატრიარქოს და სახელმწიფოს მხრიდან და ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს”, – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

“ევროპა ჩემი სახლიას” ხელმძღვანელის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით კი, 25 დღის განმავლობაში გელათს დროებითი გადახურვა მოხსნილი ჰქონდა.

“გაკეთებულია ტენდი, რომელიც ნაწილობრივ დააზღვევს წყლისგან, იმიტომ, რომ წყლის შედინების დაზღვევა შეუძლებელია, ამ ეტაპზე, ვიდრე სრულად არ მოეწყობა კონსტრუქცია.

ჩვენ ვითხოვდით, რომ ყოფილიყო უკეთესი გადახურვა, მაგრამ ფორსირებულად და შეცდომების ფონზე  მიდის საქმე და ამ შეცდომას არ აღიარებენ კომიტეტის წევრები.

კონკრეტული საკითხია, თუ რატომ იქნა მოხსნილი 25 დღის მანძილზე დროებითი გადახურვა, რომელიც ახლაც მოხსნილია საკურთხევლის თავზე, რომლის შიგნითაც მოზაიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში”, – განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩადის. დამოუკიდებელი სპეციალისტების ინფორმაციით, საფრთხე ემუქრება მე-12 საუკუნის კულტურული ძეგლის საკურთხევლის კონქის მოზაიკას.

კომენტარები