ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ მფლობელის ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
საფეხუბურთო კლუბი ინფანტინოს სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელიც მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გააგზავნა.
“მინდა, გამოვხატო ჩემი წრფელი და გულითადი სამძიმარი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სიტყვები უძლურია გადმოსცეს ის სევდა, რომელსაც ჩვენ ამ დანაკლისის გამო განვიცდით. ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში…
მისი მიღწევები და მემკვიდრეობა, განსაკუთრებით მისი ხასიათი, ლიდერობის უნარი და მისი ადამიანური თვისებები არასდროს იქნება დავიწყებული და ის ნამდვილად ყველას დაგვაკლდება. ფიფა-სა და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოების სახელით, გვინდა მივუსამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით, ილიას ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის საყვარელ ადამიანს. თანაგიგრძნობთ!
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანადგომის სიტყვები მცირედით მაინც დაგამშვიდებთ და განუგეშებთ ამ მძიმე დროს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ მფლობელი ილია კოკაია 23 ნოემბერს მწვერვალ “დედაენაზე” გარდაიცვალა. ის 27 ნოემბერს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს დააფუძნა, იმავე წელს გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში გადავიდა. მისი ხელმძღვანელობით, “ზესტაფონი“ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2010/2011, 2011/2012), ვიცე-ჩემპიონი (2013/2014), მესამე ადგილის მფლობელი (2007/2008, 2009/2010), საქართველოს თასის გამარჯვებული (2008) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2011, 2012).
კომენტარები