მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა ფონდ “სოხუმში” საჯარო დისკუსია გაიმართა

ქალთა ფონდ “სოხუმში” საჯარო დისკუსია გაიმართა

“ყველა ფემიციდის წინააღმდეგ” კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, საჯარო დისკუსია/კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 180-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის დასავლეთ საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოების, იურიდიული სამსახურების, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, რესურს ცენტრების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ფონდ “სოხუმის” სხვადასხვა პროექტების ქალთა/ახალგაზრდული ჯგუფები და ჟურნალისტები.

რა ინსტრუმენტები და პერსპექტივები აქვს სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის წინააღმდეგ – ამ თემაზე მოხსენებები გააკეთეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოდან ანა ნაცვლიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ანა ფაჩუაშვილმა, სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა ლობჟანიძემ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან ინდირა რობაქიძემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სახელით (NALAG) ნათია ღვინაშვილმა.

ფემიციდის შემაშფოთებელი სტატისტიკიდან გამომდინარე, გამოსვლების ძირითად ნაწილში, მთავარი აქცენტი საერთო განათლების პოლიტიკაზე გაკეთდა, რაც მოზარდისთვის მცირე ასაკიდან „თანასწორობის შესახებ“ მეტი ინფორმაციის სწორად და ინტენსიურად მიწოდებას გულისხმობს. ასევე, გულისხმობს ღია საუბრებს თაობებს შორის გენდერული კულტურის დამკვიდრებაში.

ონლაინკონფერენციის მეორე პანელით შეხვედრის ორგანიზატორებმა, ფემიციდის პრევენციაზე ღია დისკუსიაში დამოუკიდებელი ექსპერტების და სამოქალაქო სექტორის ხედვა და ინიციატივები წარმოადგინეს.

ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე პროფესიული ანალიზით გოგა ხატიაშვილმა, თამარ ლუკავამ, ნანა თოდუამ, ნათია კიკვაძემ და ლინდა ჩიხლაძემ ისაუბრეს, რომელთა სპეციალიზაციაც სწორედ ფემიციდის გამომწვევ მიზეზებზე სკურპულოზური მუშაობაა. დამოუკიდებელი ექსპერტის, გოგა ხატიაშვილის მოსაზრებით – „გამოსავალი ერთია, მოვუსმონით ყველას!“

საჯარო დისკუსიის/კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ყველა იმ ინსტიტუციურ ნაკლზე, რომელსაც ქვეყანა და საზოგადოება სავალალო შედეგამდე მიყავს და სახელმწიფო ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზეც გამოთქვეს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ, რეკომენდაციების ფორმატით შესაბამის სტრუქტურებს მიეწოდება.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია/კონფერენცია, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთო პრობლემის მოგვარების გზებზე, ერთ დემოკრატიულ სივრცეში და ერთ ენაზე ილაპარაკოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

 

 

კომენტარები