პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებს მედიის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ.
მედიამენეჯერი ქეთი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, შეუზღუდოს საქმიანობა კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო სექტორს და გაინთავისუფლოს ველი 2024 წლის არჩევნებისთვის.
“მე მხარს არ ვუჭერ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის რუსული კანონის ანალოგი, რომლითაც “ქართული ოცნება” ცდილობს, შეუზღუდოს საქმიანობა კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო სექტორს და გაინთავისუფლოს ველი 2024 წლის არჩევნებისთვის. საქართველოს და ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი, რომელიც გაცხადებული გვაქვს კონსტიტუციითაც, სადაც წერია, რომ: კონსტიტუციის მეთერთმეტე თავში, 78-ე მუხლით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ყველა ზომა მიიღოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
იგივე კანონპროექტის ინიცირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ამავდროულად სახელმწიფოებრიობას.
აღნიშნულის კანონად დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო გახდება სრულიად რუსული ინტერესების გამტარი. გარდა ამისა, მედია და არასამთავრობო საქტორი გახდება ტოტალური კონტროლის და გავლენის მსხვერპლი ხელისუფლების მხრიდან. სერვისები შეეზღუდება ათასობით ადამიანს. ქვეყანა დაიცლება პროგრესულად მოაზროვნე და სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობების ადამიანებისგან. მე არ მინდა, ვიყო რუსული კანონის ნაწილი”, – აცხადებს რადიო “ძველი ქალაქის” პროგრამების ხელმძღვანელი ქეთი ბერძენიშვილი.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური “უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
კომენტარები