მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქვის საფუძველზე აგებული ხიდი მდინარე რიონზე VIII საუკუნის ქუთაისში

ქვის საფუძველზე აგებული ხიდი მდინარე რიონზე VIII საუკუნის ქუთაისში

VIII საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთის საერისთავო (სამთავრო) სამეფოდ გარდაიქმნა. ხსენებულ პერიოდში აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) ერისთავი იყო ლეონ მეორე, რომელმაც მეფის ტიტული მიიღო და გახდა აფხაზთა (დასავლეთ საქართველო) სამეფოს პირველი მეფე. ლეონ მეორემ თავისი სამეფოს დედაქალაქად ქუთათისი (ქუთაისი) გამოაცხადა.

სწორედ ლეონ მეორის მეფობის ხანაში, კონკრეტულად კი VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში (ზოგიერთი ცნობით VIII საუკუნის 90-იან წლებში) აფხაზთა (დასავლეთ საქართველო) სამეფოს დედაქალაქ ქუთაისში ქვის საფუძველზე პირველი ხიდი აიგო.

არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, VIII საუკუნეში აგებული ხიდი მდებარეობდა დღევანდელი ჯაჭვის ხიდის ადგილზე. აღნიშნული მოსაზრება ემყარება XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე შვეიცარიელი მოგზაურისა და სიძველეთა ცნობილი მკვლევრის, დიუბუა დე მონპერეს ცნობას. დე მონპერე ქუთაისში იმყოფებოდა XIX საუკუნის 30-იან წლებში და მან საკმაოდ ვრცელი საისტორიო აღწერილობა და ცნობები დაგვიტოვა.  ის ამბობს: “ახალი ხიდი ძველ ბოძებზეა აშენებული“, – გვაუწყებს დიუბუა დე მონპერე, თუმცა, ხსენებული ავტორი ქუთაისში, ისტორიულად არსებულ სხვა ხიდებზეც საუბრობს, რომლებიც იმავე ტერიტორიულ არეალში მდებარეობდა და ისინი ზემოაღნიშნულ ხიდზე უფრო ძველი უნდა ყოფილიყო. ხსენებული ხიდებიდან ერთ-ერთი განთავსებული იყო ამჟამინდელი ჯაჭვის ხიდის ზემოთ და მის შესახებ დე მონპერე წერს: “აქვე ჩანს მეორე ხიდის ბურჯებიც; ეს ხიდი პირდაპირ ციხისკენ (იგულისხმება ქუთაისის ციხესიმაგრე“ ლ. დ-შ.) მიმავალი ფენილი ქუჩით ბოლოვდებოდა“, – ამბობს შვეიცარიელი მოგზაური. აქედან ირკვევა, რომ მეორე ხიდი მთავრდებოდა ქუთაისის ციხესიმაგრესთან მიმავალ გზასთან.

გარდა ზემოხსენებული ორი ხიდისა, დიუბუა დე მონპერე საუბრობს ასევე კიდევ სხვა ხიდებზე, რომელთა შესახებაც წერს: “მარცხენა ნაპირზე მოჩანს რიყის ქვებით ნაგები ხიდის ბურჯის ნაშთები, რომლის ბოლოშიც, აღმოსავლეთით, თურქული აბანო იყო“, – აღნიშნავს ავტორი.

ასევე, საინტერესოა კიდევ ერთი აღწერილობა დასახელებული ავტორისგან, რომელიც წერს: „მეოთხე ხიდის ბურჯები; ამ ხიდით ერთი ნაპირიდან მეორეზე ისე გადადიოდნენ, რომ მდინარისპირა კლდეებზე ასვლა აღარ სჭირდებოდათ“, – აღნიშნავს დე მონპერე, რომელმაც ხსენებული ცნობები შემოგვთავაზა ქუთაისის შესახებ მის მიერ შედგენილ # 32 და # 33 გეგმებზე.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი მოგზაურისა და სიძველეთა მკვლევრის წარმოდგენილი ცნობები ქუთაისში ძველად არსებული ხიდების შესახებ მოგვიანებით დაადასტურა მდინარე რიონის სანაპიროს მშენებლობისას უძველესი ხიდების ნაშთების აღმოჩენამ და როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს მიერ ბოლოს მოხსენებული ორი ხიდი დღევანდელი ჯაჭვის ხიდის ადგილზე ისტორიულად მდებარე ხიდზე ქრონოლოგიურად უფრო ძველი უნდა ყოფილიყო. ასევე, საგულისხმოა ის ცნობაც, სადაც ვკითხულობთ, რომ ჯაჭვის ხიდის ზემოთ არსებული ხიდი უერთდებოდა ციხესიმაგრისაკენ მიმავალ გზას, რომლის მიხედვით შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს იყო ის ხიდი, რომელიც VIII საუკუნის მიწურულს, ლეონ მეორის მეფობის ხანაში, ქვის საფუძველზე აიგო.

ქვის საფუძველზე ხსენებული ხიდის აშენებამ უფრო მეტი პრაქტიკული მნიშვნელობა შესძინა ქუთაისის ციხესიმაგრეს, ქალაქში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამ ხიდის აგებით მათ უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დაუბრკოლებლად დაკავშირებოდნენ ქუთაისის ციხესიმაგრეს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფდა უკვე ქალაქის ორივე ნაწილის (მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე) მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების უფლების უსაფრთხოებას.

დიუბუა დე მონპერეს მიერ დატოვებული ცნობის თანახმად, რომლის მიხედვით  ხიდის არსებობის გამო ქუთაისის მოსახლეობას უკვე აღარ სჭირდებოდა მდინარისპირა კლდეებზე ასვლა ქალაქის ერთი მხრიდან მეორეში გადასასვლელად, საფუძვლიანად გვაფიქრებინებს, რომ ახალი ხიდის (ხიდების) აგებით და ქალაქის ორივე ნაწილის მარტივად დაკავშირებით, კიდევ უფრო გაიზარდა ქუთაისის ურბანული გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობა.

ფოტოზე: ქუთაისის გეგმა, შედგენილი დიუბუა დე მონპერეს მიერ XIX საუკუნის 30-იან წლებში

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები