მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში ჩასვლა უფრო ძვირია, ვიდრე ბათუმში – აქტივისტები ტრანსპორტს ითხოვენ

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში ჩასვლა უფრო ძვირია, ვიდრე ბათუმში – აქტივისტები ტრანსპორტს ითხოვენ

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, არც მუნიციპალური ავტობუსი და არც კერძო სამარშრუტო ტაქსი. ამის გამო ხშირად მგზავრებს ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე მგზავრობა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე, მაგალითად, ბათუმამდე ან თბილისამდე.

მგზავრებს – ადგილობრივებსა თუ ტურისტებს, ორჯერ მეტი თანხის გადახდა და ხშირად ტაქსის მძღოლების კონფლიქტთან შეჯახება უწევთ.

ქუთაისის მერიამ წლებია, იცის პრობლემის შესახებ, თუმცა დღემდე არაფერი გაუკეთებია მის მოსაგვარებლად.

ირინა დოსტალიკოვა ჩეხეთიდანაა.

17 მაისს, ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთიდან ჩამოფრინდა. მეორე ფრენამდე შუალედი 12 საათი ჰქონდა. დროის აეროპორტში გატარების ნაცვლად ქუთაისის დათვალიერება გადაწყვიტა.

ირინა იხსენებს, რომ, პირველ რიგში, აეროპორტის საინფორმაციო ბიუროში მივიდა, სადაც უთხრეს, რომ აეროპორტიდან ქუთაისში ვერც ავტობუსით და ვერც სამარშრუტო მიკროავტობუსით ვერ მოხვდებოდა. ტაქსი უნდა დაექირავებინა.

„მითხრეს – შეიძლება ტაქსიმ 50 ლარი მოგთხოვოს. მაგრამ ეს არარეალური ფასია, ძვირია. 30 ლარი არის მაქსიმუმი ქუთაისამდე მგზავრობის ღირებულებაო.

თვითმფრინავში ორი ყაზახი გოგო გავიცანი. ისინიც ქუთაისში მიდიოდნენ. „ბოლტი“ ჰყავდათ უკვე გამოძახებული. 20 ლარი ჯდებოდა მგზავრობა. შევთავაზე, რომ ამ თანხის ნახევარს მე გადავიხდიდი და მათთან ერთად წავიდოდი ქუთაისში.

სანამ ჩვენ ტაქსის ველოდებოდით, სხვა ტაქსის მძღოლები მოვიდნენ და სერვისი შემოგვთავაზეს, მაგრამ მათ უარი ვუთხარით.

მალე მოვიდა ჩვენი ტაქსი. ბათუმიდან მგზავრი ჩამოიყვანა. ის იყო ჩავსხედით მანქანაში, რომ უცებ მოვარდა იქვე მდგომი ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი და ჩვენს მძღოლს ჩხუბი დაუწყო. მძღოლს მინა ჰქონდა ჩამოწეული. ეს კაცი ნახევარი ტანით შემოვიდა მანქანაში და ჩხუბობდა. ლამის წინ მჯდომ გოგოსაც შეეხო.

რამდენიმე წუთში სხვა კაცი მოვიდა, იქნებოდა ასე 50 წლამდე. ჩვენს მძღოლს ტელეფონი სადგამზე ჰქონდა დამაგრებული და მუხტავდა. ტელეფონი თავის სადგამიან-სამუხტიანად გამოგლიჯა და გარეთ გადაუგდო“, – იხსენებს ინციდენტს ირინა „ბათუმელებთან“.

ირინას თქმით, ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია, თუმცა არაფერი გაუკეთებია.

“არ ვიცი, პატრული იყო თუ აეროპორტის პოლიცია. თეთრი მანქანა იყო და პოლიცია ეწერა. 3 მეტრში იდგა შემთხვევის ადგილიდან. უყურებდნენ ამ ჩხუბს. საბოლოოდ ჩვენ ტაქსიდან არ ჩამოვედით და ამ მძღოლმა ჩაგვიყვანა ქუთაისში. გზაში ვკითხეთ, თუ რა მოხდა, რატომ ეჩხუბებოდნენ. გვითხრა – მე ბათუმიდან ვარ. მითხრეს, არ გაქვს უფლება, აქ მგზავრები აიყვანო და ამიტომ მეჩხუბნენო. როცა ჩემი ფრენის დრო მოახლოვდა, აეროპორტში ისევ „ბოლტით“ დავბრუნდი. 25 ლარი გადავიხადე, თუმცა ამჯერად მძღოლს არავინ წაჩხუბებია“, – გვითხრა ირინამ.

“ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტის წინ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება არ დაწყებულა. მოგვიანებით კი შსს-ში დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას კიდევ ერთხელ დააზუსტებენ.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აეროპორტში ჩამოსული ტურისტები ქართული სერვისის წინაშე მარტონი რჩებიან.

ქუთაისში არსებული ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე „ბათუმელებს“ უყვება, რომ მის სტუმარს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსის მძღოლმა 170 ლარი გადაახდევინა.

„ბრიტანელი სტუმარი იყო. ტაქსის მძღოლს, რომელიც აეროპორტის გასასვლელში დახვდა, გამოურთმევია ჩემოდანი და მანქანის საბარგულში ჩაუკეტია. რადგან ტურისტი ინგლისურენოვანი იყო, რა თქმა უნდა, დიალოგი არ შემდგარა მათ შორის. ერთადერთი, რასაც ტაქსისტი იმეორებდა, „ტაქსი-ჰოტელ“ იყო. ფურცელზე დაუწერა ფასი 170 და ვინაიდან ჩემი ჩემოდანი დატყვევებული იყო, იძულებული ვიყავი მეც ჩავმჯდარიყავიო,“ – იხსენებს სასტუმროს მეპატრონე.

ქუთაისის აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა.

10 წელია ქუთაისელი აქტივისტები, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვენ.

საჯარო ტრანსპორტის არარსებობამ თავის დროზე პრობლემა შეუქმნა თავად აეროპორტის მომსახურე პერსონალს. საბოლოოდ აეროპორტების გაერთიანებამ მინივენი შეიძინა იმისათვის, რომ ქუთაისში მცხოვრები თანამშრომლების ტრანსპორტირების პრობლემა მოეგვარებინა.

ასევე, ორივე სატრანსპორტო კომპანიას – “ჯორჯიან ბასსა“ და “ომნიბასს“, რომლებიც ქუთაისის აეროპორტს ემსახურებიან, კონტრაქტში ჩაუდო, რომ მგზავრები საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გადაიყვანოს.

“ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი“ ლაშა ბერეკაშვილი წლების განმავლობაში არაერთგზის ითხოვდა და ითხოვს ქუთაისის მერიისგან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულისგან, ტურიზმის დეპარტამენტისგან, რომ აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრამდე მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნოს.

„იმის გამო, რომ არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი ქუთაისამდე, ტურისტები დასარჩენად ირჩევენ ბათუმს ან თბილისს, რადგან ბილეთის ფასი თბილისამდე ან ბათუმამდე უფრო იაფი ჯდება.

ამ პრობლემის გამო ადგილობრივი მცირემეწარმეები – გესთჰაუსები, საოჯახო სასტუმროები და სხვა ტურისტული ობიექტები ბევრ ტურისტს კარგავენ. ბევრ ტურისტს კარგავს თავად ქალაქი. ვერ ვიყენებთ აეროპორტის მთავარ პოტენციალს,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

რატომ არ აღმოჩნდა 10 წელი საკმარისი იმისათვის, რომ ქუთაისის აეროპორტი ქალაქ ქუთაისს მუნიციპალური ტრანსპორტით დაუკავშირდეს, „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

ნების არსებობის შემთხვევაში ქუთაისის მერიას შეეძლო და ახლაც შეუძლია შექმნას თუნდაც სამარშრუტო ხაზი მიკროავტობუსებისთვის, რომელ ხაზსაც აუქციონზე გაიტანს და გამარჯვებული კომპანია გადაიყვანს მგზავრებს.

ქუთაისის მერიაში ზუსტად ჯერ კიდევ არ იციან, როდის დაინიშნება მუნიციპალური ტრანსპორტი ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით.

მერიაში ამბობენ, რომ გრანტის ფარგლებში ორი ელექტროავტობუსის შეძენას გეგმავენ, რომლებსაც აეროპორტის მიმართულებაზე დანიშნავენ.

„ქუთაისს აქვს გრანტი, რომლის ფარგლებში იგეგმება ორი ელექტროავტობუსის შეძენა.

სხვადასხვა კომპანიასთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკების პროცესი მათ მოწოდებასთან დაკავშირებით. როდესაც შევიძენთ, ეს ავტობუსები დაინიშნება აეროპორტის მიმართულებით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ქუთაისის მერიის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებაში.

წყარო: “ბათუმელები”

კომენტარები