მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის და ჭიათურის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები კონკურსით შეირჩევიან

ქუთაისის და ჭიათურის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები კონკურსით შეირჩევიან

აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრის და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.

კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ:

– თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან

– თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვ.

თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას.

საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] , ელექტრონული ფორმით.

 

კომენტარები