ქუთაისის საკათედრო ტაძარი (სობორო)
ქუთაისის ამჟამინდელი ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე (შადრევანსა და „თი ბი სი“ ბანკს შორის არსებული სივრცე) მდებარეობდა ქუთაისის წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი, სობოროდ წოდებული. მოგეხსენებათ, ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარი, მომხვდურმა ოსმალებმა იავარ-ჰყვეს 1691-1692 წლებში. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ქუთაისს აღარ გააჩნდა კათედრალი. მხოლოდ 1759 წლიდან, იმერეთის წმიდა კეთილმსახური მეფის სოლომონ პირველის თაოსნობით, ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე მიაშენეს სამხრეთ კარიბჭე, სადაც ღმრთისმსახურებას აღასრულებდნენ ჯერ ქუთათელი, ხოლო მოგვიანებით – იმერეთის მღვდელმთავრები, ვიდრე 1871 წლამდე.
1851 წელს გაჩნდა იდეა, ქუთაისში ახალი საკათედრო ტაძრის აგებისა. ამავე წელს, დაიწყეს ხსენებული კათედრალის აგება, ცნობილი რუსი მხატვრის, გაგარინის გეგმით. თუმცა, სამწუხაროდ, მშენებლობა მოკლე დროში შეჩერდა, რომელიც განახლდა 1858 წლიდან…
1860 წელს იმერეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ღვაწლითა და სიწმიდით გამორჩეული მაღალიერარქი გახლავთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში. სწორედ, მეუფე გაბრიელის მღვდელმთავრობისას, მეცხრამეტე საუკუნის სამოციან-სამოცდაათიან წლებში, ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა, გლეხობიდან მოკრეფილი შემოწირულობით დაასრულა აღნიშნული საკათედრო ტაძრის აგება. 1871 წელს წმიდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი აკურთხა ეპისკოპოსმა გაბრიელმა. ახალ კათედრალს საარქიელო (ანუ სამღვდელმთავრო) სობორო ეწოდა. ტერმინი „სობორო“ სლავური წარმომავლობისაა და ამ შემთხვევაში აღნიშნავს საკათედრო ტაძარს. 1920 წელს ტაძარი გახდა წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის სახელობისა. ქუთაისის სობორო იყო იმერეთისა და შემდეგ ქუთათელ მღვდელმთავართა კათედრალი, სადაც მოღვაწეობდნენ, ღმრთისმსახურებას აღასრულებდნენ და უფლის წმიდა და მართალ სიტყვას ქადაგებდნენ: იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე, 1871-1896 წ.წ.), იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი, 1896-1900 წ.წ.), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე, 1900-1908 წ.წ.), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომ ჭყონდიდელი და ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი) გიორგი (ალადაშვილი, 1908-1917 წ.წ.), ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე, 1917-1918 წ.წ.), ქუთათელი მიტროპოლიტი წმიდა ნაზარი (ლეჟავა, 1918-1923 წ.წ.). 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო ათეისტური მმართველობა დამყარდა. მოგეხსენებათ, უღმერთო ბოლშევიკები რა გააფთრებით ებრძოდნენ ქრისტეს ეკლესიას… იხურებოდა ეკლესია-მონასტრები, სიცოცხლეს ასალმებდნენ სასულიერო პირებს, ბერ-მონაზვნებს, იდევნებოდნენ მორწმუნენი… აღნიშნულ აგრესიულ ათეიზმის ვერაგობას, ვერც ქუთაისის საკათედრო ტაძარი გადაურჩა… 1923 წლის 8 მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას ურჯულო ბოლშევიკთა მიერ ჩამოერთვა სობოროს კათედრალი, რომლის გუმბათიდან, ამავე დღეს, ათეისტებმა ჯვარი ჩამოხსნეს, ტაძრიდან გამოიტანეს წმიდა ხატები და სხვა სიწმიდენი, რომლებიც შეურაცხყვეს… ათეისტ ბოლშევიკთა მიერ, ამ საშინელ დღეს, ტაძართან მოეწყო მიტინგი…
„სიტყვების დროს ეკლესიას მოსწყდა ჯვარი, რომლის ნაცვლად მის ადგილზე აფრიალებულ იქნა წითელი დროშა, რომელსაც მხურვალე ტაშის ცემით, ოვაციებით და „ინტერნაციონალის“ ჰიმნით შეხვდნენ. აქვე დადგენილ იქნა, რომ კვლავ გაგრძელდეს ასეთი ბრძოლა ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ და მიტინგი დაიშალა. ამ დღის შემდეგ ეს „სობორო“ კომკავშირის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის განკარგულებაშია ( გაზეთი „მუშა და გლეხი“ N 11 ( 127 )1923 :1-2 ).“ საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის 1924 წლის 30 იანვრის დადგენილებაში ჩაიწერა: „დაირღვეს საკათედრო ტაძარი (სობორო). მასალა გამოყენებული იქნეს ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად. იმ ადგილზე გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილზე დაიდგეს ამხ. ლენინის ძეგლი.“ მეორე დღეს, 31 იანვარს, ტაძრის უდიდესი მნიშვნელობისა და მისი გადარჩენის მიზნით, ბოლშევიკურ საოკუპაციო ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნა საპყრობილედან ახალმა განთავისუფლებულმა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა).
“ქუთაისის საკათედრო ტაძარის დაკეტვამ ძაძებით შემოსა მორწმუნეები, ხოლო მისი დანგრევა უეჭველად სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და სარწმუნოებრივ აღშფოთებას გამოიწვევს, არა თუ ქუთაისის მორწმუნეთა შორის, არამედ იმერეთის ნახევარ მილიონ მორწმუნეთა შორის. ასეთი სარწმუნოებრივი გრძნობის შელახვა არ მომხდარა არა თუ ჩვენს მეზობელ სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში , არამედ არც რუსეთში, სადაც დღეს სარწმუნოებრივი ცხოვრება დუღს და გადადუღს. სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამართლიანობის საფუძველზე არ უნდა მოხდეს არც საქართველოში…“, – წერდა თავის მიმართვაში წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი. თუმცა, სამწუხაროდ, უღმერთო კომუნისტებმა არ ისმინეს მღვდელმთავრის თხოვნა და შეგონება… ასევე, ცნობილმა ქუთაისელმა საზოგადო მოღვაწემ და პუბლიცისტმა ტრიფონ ჯაფარიძემ, ბოლშევიკურ მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ ტაძარში მოწყობილიყო მუზეუმი და არ დაენგრიათ იგი, თუმცა უღმერთო კომუნისტურმა ხელისუფლებამ არც აღნიშნული ინიციატივა გაიზიარა…
1924 წლის ზაფხულში, ბოლშევიკურმა მთავრობამ ტაძარინ მთლიანად დაანგრია და მიწასთან გაასწორა. ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობორო) დაკრძალული გახლდათ საქართველოს ეკლესიის ორი მღვდელმთავარი: იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), რომელიც 1896-1900 წლები განაგებდა იმერეთის ეპარქიას. ის გარდაიცვალა 1900 წლის აგვისტოში და დაკრძალეს ქუთაისის სობოროში.
აგრეთვე, სობოროს კათედრალში დაკრძალეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალური მოძრაობის ერთ-ერთი უპირველესი ლიდერი, ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მოთავე და შემოქმედი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ავტორი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), რომელიც ზუსტად ერთი წელიწადი – 1917 წლის 17 სექტემბრიდან 1918 წლის 18 სექტემბრამდე მართავდა ქუთაისის უძველეს სამიტროპოლიტო კათედრას. სამწუხაროდ, ის მოწამლა საკუთარმა სიძემ (ქალიშვილის მეუღლემ), ნიკალაი რედიგერმა და ამგვარად აღესრულა მიტროპოლიტი ანტონ ქუთათელი, 52 წლის ასაკში, 1918 წლის 18 სექტემბერს. მიტროპოლიტი ანტონი დაკრძალეს ამავე წლის 24 სექტემბერს, ქუთაისის საკათედრო ტაძარში. სამწუხაროდ, 1924 წელს, ტაძრის დანგრევისას, მღვდელმთავრები არ გადაუსვენებიათ და მათი საფლავები დღესაც ამ ტერიტორიაზე ანუ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეა.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები