მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – საბჭოთა “გარდაქმნის“ დროინდელი ერთი დოკუმენტის შესახებ ქუთაისის ცენტრალური არქივიდან

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – საბჭოთა “გარდაქმნის“ დროინდელი ერთი დოკუმენტის შესახებ ქუთაისის ცენტრალური არქივიდან

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირის იმჟამინდელი ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებით საბჭოეთში დაიწყო “პერესტროიკა“ ანუ ე.წ. გარდაქმნა, რომელსაც, კომუნისტური ხელისუფლების მოსაზრებით, მრავალი პრობლემის წინაშე მყოფი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი უნდა გადაერჩინა და ერთგვარად გაეძლიერებინა.

ე.წ. გარდაქმნისას საბჭოთა ხელისუფლების ცენტრალური თუ ადგილობრივი ორგანოები, ზოგიერთ შემთხვევაში, იღებდნენ იმგვარ გადაწყვეტილებებს, რაც სულ რამდენიმე წლით ადრეც კი წარმოუდგენელი იყო კომუნისტური რეჟიმის პირობებში.

ერთ-ერთი ამგვარი სახეობის დოკუმენტი დაცულია ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, კერძოდ ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საარქივო ფონდში (N 149), საქმე N 5892.

1990 წლის 8 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) კალისტრატე და საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი თეიმურაზ შაშიაშვილი. შეხვედრისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეთხოვა, რომ მონაწილეობა მიეღო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ცერემონიალში, რასაც კათოლიკოს-პატრიარქი დათანხმდა. ამავე შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ უკანასკნელი ქართველი მონარქი, იმერეთის მეფე სოლომონ მეორე უნდა გადმოესვენებინათ სამშობლოში…

ხსენებული შეხვედრიდან მცირე ხანში კი ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

“ამ რამდენიმე ხნის წინათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ქალაქის ხელმძღვანელების თხოვნით მოწყობილი შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე რელიგია ასრულებს ერის გამთლიანების ფუნქციას, სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მრავალი ცნობილი მეცნიერი და თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე გამოთქვამს ქალაქში დაბრუნების სურვილს. შედეგად იქმნება ყველა წინაპირობა, რათა ქუთაისი გადაიქცეს მძლავრ კულტურულ კერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო საბჭოს აღმასკომს ქუთაისის კულტურული ცხოვრების აღორძინების, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქუთაისის ტრადიციული ადგილის დამკვიდრებისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გზაზე ერთ-ერთ მთავარ ნიშანსვეტად გელათის სასულიერო აკადემიის გახსნა მიაჩნია.

ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა:

1. მოწონებულ იქნას ქალაქის ინტელიგენციის, მოსახლეობის, ახალგაზრდობის წარმომადგენლების და ქუთაის-გაენათ-ლეჩხუმ-ცაგერ-სვანეთის საეპარქიოს წინადადება გელათში სასულიერო აკადემიის გახსნის თაობაზე.

2. ეთხოვოს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს განიხილოს გელათში სასულიერო აკადემიის გახსნის საკითხი.

3. ეთხოვოს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს აღმოუჩინოს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბოს აღმასკომს საჭირო მხარდაჭერა გელათში სასულიერო აკადემიის გახსნის საკითხში“ (ქ. ც. ს. ა. ფ.149, ა.1 ს.5892, ფურც.12-13).

 აღნიშნული ოფიციალური საბჭოთა დოკუმენტიდან ნათელია თუ როგორ მკვეთრად და შესაძლოა ითქვას, წარმოუდგენლად შეიცვალა ქრისტეს ეკლესიისადმი ჯერ კიდევ სახელმწიფოს სათავეში მყოფი კომუნისტური ხელისუფლების დამოკიდებულება. თუ ათწლეულთა განმავლობაში საბჭოეთი ხურავდა და ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს, ახლა უკვე საბჭოთა ხელისუფლებამ, თავად მიმართა თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ აღდგენილიყო გელათის სასულიერო აკადემია და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ. მართალია, იმ დროისათვის უკვე მომხდარია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და ქართული ეროვნული მოძრაობაც მომძლავრებულია, თუმცა, ჯერ ისევ კომუნისტური ხელისუფლება ინარჩუნებდა მართვის სადავეებს, ჯერ კიდევ წინ იყო 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნები, რომლის შემდგომ მოვიდა საქართველოს სათავეში ეროვნული ხელისუფლება.

კითხულობ ზემოთ წარმოდგენილ დოკუმენტს საბჭოთა ქუთაისის ისტორიიდან და არ შეიძლება არ გაგახსენდეს, იმავე საუკუნის დასაწყისში, ასევე საბჭოთა ქუთაისის მმართველობის მიერ დანგრეული ქუთაისის წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი (სობორო), ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, ქუთაისის საფიჩხიის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და ადმინისტრაციული წესით დახურული და სხვა დანიშნულებით მოხმარების მიზნით გადაკეთებული ტაძრები ქუთაისში, ასევე, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილნი: წმიდა ახალმოწამეები – ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე. მართლაც, რომ მიუწვდომელია ღვთის განგება და ასევე საოცარია, რომ რა მხრივ და რა დოზით შესაძლოა, შეიცვალოს ადამიანთა მიდგომები, რომ ერთი და იგივე მმართველობისა და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლობამ, ერთ საუკუნეში ურთიეთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს.

აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაცულია ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, ერთ-ერთი საუკეთესოდ მეტყველი მოწმე და გამომხატველია ე.წ. გარდაქმნის პერიოდის ქუთაისისა და აქ მიმდინარე პროცესების.

 

ხსენებული დოკუმენტის ორიგინალის პირი ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან, ქვეყნდება პირველად (ქ. ც. ს. ა. ფ.149, ა.1 ს.5892, ფურც.12-13)

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები