საბჭოთა სოციალისტური რეპუბლიკების კავშირის მმართველობა ემყარებოდა მასობრივ ტერორს, უსამართლო განაჩენების საფუძველზე წარმოებულ რეპრესიებს, გადასახლებებს, დახვრეტებს. ამ მეთოდებით საბჭოთა დანაშაულებრივი რეჟიმი მუდმივი შიშის ქვეშ აცხოვრებდა და მართავდა დაპყრობილი ქვეყნების მოქალაქეებს.
1920-იანი წლების დასაწყისიდან 1950-იანი წლების შუა პერიოდამდე საბჭოთა კავშირში „მართლმსაჯულების“ სახელით გამოიტანეს დაახლოებით ორმოცდათორმეტი მილიონი განაჩენი პოლიტიკური მოტივით. მათგან, დაახლოებით ერთი მილიონნახევარი განაჩენი ითვალისწინებდა დახვრეტას, რისი აღსრულებაც, როგორც საბჭოთა წესი იყო, დაუყონებლივ ხდებოდა. ასევე, მილიონობით უდანაშალო ადამიანი გადაასახლეს, უმეტესწილად ციმბირში.
გამონაკლისი არც საქართველოს სსრ და ქალაქი ქუთაისი იყო. საქართველოში საბჭოთა რეპრესიებში მოჰყვა მრავალი უდანაშაულო ადამიანი, რომელთა ერთი ნაწილი დახვრიტეს, მეორე ნაწილი გადაასახლეს, მათ შორის იყვნენ სასულიერო პირები და ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი.
1980-იანი წლების მიწურულიდან, თავად საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ, ე.წ. „გარდაქმნის“ პირობებში დაიწყო საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი რეაბილიტაცია, მათდამი სამართლიანობის აღდგენა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქუთაისი იყო. აღნიშნული პროცესი სხვა მიზეზებთან ერთად დააჩქარა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ.
1989 წლის 17 მაისს გაიმართა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის საქალაქო საბჭოს მეთორმეტე სესია, რომელიც გახსნა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ თეიმურაზ შაშიაშვილმა. ხსენებულ სესიას თავმჯდომარეობდა დეპუტატი გ. ჩუბინიძე. ამ სესიას საბჭოს 250 დეპუტატიდან დაესწრო 218.
ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს ხსენებულმა სესიამ მიიღო გადაწყვეტილება N113 „ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან 30-40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დამდეგ პერიოდში მომხდარი რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:
“1. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს 1989 წლის 31 იანვრის დადგენილების /N 115 § 3/ შესაბამისად, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან შეიქმნას 30-40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დამდეგის პერიოდში მომხდარი რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის საკითხთა კომისია – 23 ამხანაგის შემადგენლობით;
- დამტკიცდეს 30-40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დამდეგ პერიოდში მომხდარი რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დეპუტატი დავით ვარლამის ძე წერეთელი – სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
– კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ – დეპუტატი გიორგი ერისტოს ძე ფაჩუაშვილი – სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი.
– კომისიის მდივნად – ტარიელ შალვას ძე მგელაძე – სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.
კომისიის წევრებად (დასახელებულია ოცი პიროვნება, რომელთაც იმჟამად ეკავათ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა);
- დაევალოს 30-40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დამდეგის პერიოდში მომხდარი რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიას /ამხ. დ. წერეთელი/ შესაბამისი დახმარება გაუწიოს რეაბილიტირებულ პირებს მათი უფლებებისა და ინტერესების განხორციელების საქმეში;
- აღნიშნულ საკითხზე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 22 მარტის შესაბამისი გადაწყვეტილება /6.18.168/;
- აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი გამოქვეყნდეს საქალაქო პრესაში“.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განვითარებული ცნობილი დიდი ძვრებისა და პროცესების ფონზე, ბუნერივია, ის რეალურ მოქმედებაში ვერ იქნა მოყვანილი, თუმცა, თავად ეს გადაწყვეტილებაც კი თავისი სათაურითა და შინაარსით, ფაქტობრივად, უკვე რეაბილიტირებულად თვლის თავისი იურისდიქციული სივრციდან გამომდინარე ქუთაისში საბჭოთა უსამართლო და დანაშაულებრივ რეპრესიებს შეწირულ ადამიანებს. საგულისხმოა ისიც, რომ ხსენებული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობის ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო.
აქვე ვურთავთ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის საქალაქო საბჭოს მეთორმეტე სესიის მიერ მიღებული ხსენებული გადაწყვეტილების ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში და საისტორიო მიმართულებით პირველად ქვეყნდება.
ხსენებული დოკუმენტის ორიგინალის პირი საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან, ქვეყნდება პირველად (ქ.ც.ს.ა. ფ.149, ან.1 ს. 5842)
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები