მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიასთან მღვდელ დამიანე სააკაშვილის მიერ აღდგენილი სამკითხველო  

ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიასთან მღვდელ დამიანე სააკაშვილის მიერ აღდგენილი სამკითხველო  

საქართველოში კათოლიკური მისიონების და სამრევლოების არსებობა მრავალ საუკუნეს ითვლის. საქართველოს ყოფა-ცხოვრების მსგავსად კათოლიკეებს ჩვენს ქვეყანაში ზოგჯერ მშვიდობიანი პერიოდი, ზოგჯერ რთული პერიოდები ჰქონდათ.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე რუსეთი მოახდენდა საქართველოს ანექსიას, საქართველოში არსებულ კათოლიკურ ტაძრებთან არსებობდა და ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახეობის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთა შორის იყო სამრევლო სკოლები და სამკითხველოები. თბილისში კათოლიკურ ეკლესიასთან არსებობდა არქივი და სამკითხველო. ასევე, საქართველოში კათოლიკე ეკლესიას სამკითხველოები გააჩნდა: ქუთაისში, გორში, ახალციხეში, მესხეთ-ჯავახეთის სოფლებში არსებულ ყველა კათოლიკურ თემში (ერთ-ერთი გამორჩეული იყო ახალციხის წმიდა იოანე ნათლისმცემლის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებული სამკითხველო). ამგვარი სამკითხველოები არსებობდა ტრაპიზონსა და მოზდოკში არსებულ ქართველ კათოლიკეთა ეკლესიებთან.

1801-1810 წლებს შემდგომ, როდესაც რუსეთმა დაიპყრო საქართველო, რუსეთის იმპერიამ დაიწყო ქართველი კათოლიკე მღვდლების და მათდამი რწმუნებული სამრევლოების დევნა. ქართველ კათოლიკეთა დევნის ამ პერიოდს ასახავს ქართული ხალხური ლექსი:

“ქალაქში მოვიდნენ თეთრი ბატები,
იანვარში გარეკეს ფრანგის პატრები“.

ამ რუსული დევნის ფონზე, საქართველოში, სამწუხაროდ, დაიხურა ყველა კათოლიკური სამკითხველო.

1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. აღნიშნულის თანადროულად კათოლიკე ეკლესიას საქართველოში კვლავ მიეცა თავისი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით თავისუფლად განახლებისა და გაგრძელების შესაძლებლობა.

1918 წლის შემდგომი აღნიშნული პროცესი ქუთაისის კათოლიკურ სამრევლოშიც წარმატებულად მიმდინარეობდა. 1905-1939 წლებში ქუთაისის კათოლიკური მონასტრის წინამძღვარი იყო მღვდელი დამიანე სააკაშვილი, რომელიც ასევე პედაგოგად მოღვაწეობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. ის გამოირჩეოდა თეოლოგიის, ფილოსოფიის, საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე ცოდნით. ასევე თავისუფლად ფლობდა ლათინურ, იტალიურ, ფრანგულ, პოლონურ და რუსულ ენებს.

1919 წლის შემოდგომაზე მღვდელმა დამიანე სააკაშვილმა ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიასთან აღადგინა სამკითხველო, რომელიც ამავე ეკლესიის გალავანში გახსნა და მოაწყო. ამ ფაქტის შესახებ, 1919 წლის 4 დეკემბერს, ქუთაისში არსებული და გამომავალი გაზეთი “ჩვენი ქვეყანა” წერდა:

“ახლა, ამ ბოლო დროს, როგორც იყო გამოცხადებული, პატივცემულს დონ დამიანე სააკოვს, ქუთაისის რომის ქართველ კათოლიკეთა პატრს, ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის გალავანში შეუკრებია სხვადასხვა წიგნები, მით მსგავსათ ძველის ჩვეულებისა, სამკითხველო გაუხსნია.

იმედია, რომ პატივცემულ დონ დამიანეს სამაგალითო საქმე ყველასათვის საყურადღებო დარჩება და ნამეტურ ქართველ კათოლიკენი ხელს შეუწყობენ, რომ პატივცემულმა დონ დამიანემ თავისი განზრახვა ბრწყინვალეთ შეასრულოს და მასთან სამკითხველოში რაც შეიძლება სხვადასხვა წიგნები მრავლათ შეაგროვოს“, – იუწყებოდა გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ჭიჭინაძის პუბლიკაციის „სამაგალითო სამკითხველოს“ მეშვეობით, რომელიც ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიასთან სამკითხველოს აღდგენას მიეძღვნა.

სამწუხაროდ, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა კვლავ დაიპყრო საქართველო. შექმნილი უმძიმესი რუსულ-ბოლშევიკური ანტირელიგიური კამპანიის მიზეზით, იმავე წლის მარტში, ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, დონ დამიანე სააკაშვილი იძულებული გახდა, რომ საქართველო დაეტოვებინა.

შემდგომში მღვდელი დამიანე დაბრუნდა სამშობლოში… 1937 წელს რუსული საბჭოთა კოლონიზატორული რეჟიმის ქუთაისის აღმასკომის გადაწყვეტილებით ქუთაისის კათოლიკე მრევლს ჩამოერთვა ტაძარი, რომელსაც შემდგომ საბჭოთა ათეისტური ხელისუფლება სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდა. ამ ფონზე ფუნქციონირება შეწყვიტა ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულმა სამკითხველომაც, რომელშიც დაცული საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდიდან მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა დღევანდელობამდე. დონ დამიანე სააკაშვილი კი ქუთაისის გაუქმებული კათოლიკური ეკლესიის დარაჯად გაფორმდა და ამგვარად უვლიდა ტაძარს გარდაცვალებამდე. ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი, დონ დამიანე სააკაშვილი 1943 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ქუთაისის ყოფილი კათოლიკური ეკლესიის (ამჟამად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი) გალავანში არსებულ ბაღში.

 
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

ფოტოზე: ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი, დონ დამიანე სააკაშვილი (1865-1943) (ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში)

კომენტარები