ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი განმარტავს, რომ მერიამ შეთანხმებული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა.
ფესტივალის ორგანიზატორები ქართველი და უცხოელი სტუმრების სასტუმროში განთავსებასა და მასპინძლობაში დახმარებას ითხოვენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია გასული წლების განმავლობაში ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო, რომლის კონტრიბუციაც იყო არათანხობრივი და უზრუნველყოფდა ფესტივალის სტუმრებისა და გუნდის ცხოვრების ხარჯებს.
“მერიაში საკადრო ცვლილებების ფონზე, შეყოვნებებით და ხარვეზებით მიმდინარეობდა ტენდერის პროცესი, რასაც მაქსიმალურად გაგებით ვეკიდებოდით და ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ ამ დაყოვნებების უკან სხვა არაფერი იდგა, რადგანაც წერილობითაც და სიტყვიერადაც გვქონდა შესაბამისი პირების დასტური და მხარდაჭერა.
მაგრამ, დღეს, 17 სექტემბერს, ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მერიამ ოფიციალური წერილით უარი განგვიცხადა შეთანხმებული პირობების შესრულებაზე, მიზეზად კი საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა. მათი განცხადებით: “ბოლო თვეების განმავლობაში, წარმოიშვა რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემური საკითხი, რომლის დროული გადაჭრა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მოქალაქეთა კეთილდღეობაზე”.
ჩვენთვის დამანგრეველია ის დაკარგული დრო, რაც მერიის გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია და ჩვენი ფესტივალი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
ფესტივალის მზადების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, შეძენილია უცხოელი სტუმრების სამგზავრო ბილეთები და არასაკონკურსო პროგრამები.
სწორედ ამიტომ, ყველას, ვისთვისაც ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია, გთხოვთ დახმარებას, გვჭირდება ქართველი და უცხოელი სტუმრების სასტუმროში განთავსებისა და მასპინძლობის თანხა. მხარი დაგვიჭირეთ, რათა გავაგრძელოთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – მაყურებლამდე კინოს მიტანა!
ვიმედოვნებთ, რომ 4-9 ოქტომბერს, თქვენი დახმარებით აუცილებლად შევხვდებით ქუთაისში!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშზე:
GEL: #GE09TB7442736080100010
EUR: #GE75TB7442736180100002
USD: #GE75TB7442736180100002
მიმღები: ხელოვნების განვითარების ფონდი აია / Khelovnebis ganvitarebis pondi AIA
კომენტარები