მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერიაში 6 თვეში 178 164 ლარის სახელფასო ჯილდო და დანამატი გაიცა

ქუთაისის მერიაში 6 თვეში 178 164 ლარის სახელფასო ჯილდო და დანამატი გაიცა

ქუთაისის მერიაში 178 164 ლარის სახელფასო ჯილდო და დანამატი გაიცა.

ქალაქის მერიაში გაცემული პრემია-დანამატებით და სახელფასო ჯილდოებით  იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.

ოფიციალური საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ქუთაისის მერიაში 92 249 ლარის ჯილდო და 85 915 ლარის დანამატი, მიმდინარე წლის ბოლო 6 თვეში გაიცა.

ვის შეხვდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი წახალისება, უცნობია.

რას ფიქრობს ხალხი, ქუთაისის მერიაში გაცემულ სახელფასო ჯილდოებს და დანამატებზე – “ინფო იმერეთმა” აღნიშნული კითხვა ადგილობრივებს დაუსვა.

მოსახლეობის თქმით, მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო, ადამიანები ქალაქს ტოვებენ, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა ხარვეზებით სრულდება, ამ დროს კი მათთვის გაუგებარია, რატომ წაახალისეს მერიის თანამშრომლებმა საკუთარი თავები.

“ხალხი ამ ქალაქიდან გარბის, ვინც დავრჩით, კისერს მოიტეხ ისეთი ქუჩებია და პრემიები რატომ ეკუთვნის ვინმე ამიხსნის?!” – აცხადებს ადგილობრივი ლალი დოლიძე.

“ხალხის ნაცვლად საკუთარ თავებზე ფიქრობენ, რაც ნამდვილად გამოსდით კიდეც. ფული ხალხს სჭირდება, ესენი კიდევ საკუთარ თავზე არიგებენ”, – ამბობს ნუნუ მაისურაძე.

“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის  მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად, რაზე და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.

მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

კომენტარები