ქუთაისის მერიის თანამშრომელი, რომელმაც არჩევნებზე ხმა “ქართულ ოცნებას” არ მისცა, სამსახურიდან გაუშვეს.
ცოტნე თვარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 4 წელი მუშაობდა, ის გრაფიკოს-დიზაინერია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე კი ხმა “ქართულ ოცნებას” არ მისცა.
საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული უკვე ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ ხმის მიცემის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, ადგილზე მობილიზებულმა “ქართული ოცნების” დამკვირვებელმა, თითქოს დახმარების მიზნით მას ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი გამოართვა და ელექტრონულ სისტემაში მოთავსების პროცესში მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ხმა არა სახელისუფლებო პარტიას, არამედ ოპოზიციას მისცა.
“არჩევნებზე როცა მივედი, დამკვირვებელმა ჩემი ბიულეტენი კონვერტიდან გამოიღო იმ არგუმენტით, რომ თითქოს აპარატი მას ამ ფორმით არ მიიღებდა და იქამდე გამოსწია, ვიდრე მარკერის კვალი და ჩემი არჩევანი არ გამოჩნდა და არ მიხვდა, რომ “ქართულ ოცნებაზე” არ მქონდა მიცემული ხმა. შემდეგ კი მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულება არ გამიგრძელდებოდა. მანამდე კიდევ მივიღე დავალება “ქართული ოცნებიდან” გრაფიკული დიზაინი გამეკეთებინა, რაზეც ვთქვი უარი, რადგან ვთვლი, რომ მერიის რესურსს არ უნდა იყენებდეს არცერთი პარტია. ვაპირებ სასამართლოში ჩივილს”,- აცხადებს ცოტნე თვარაძე.
“ინფო იმერეთს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, რომ ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთდება, ზეპირ სიტყვიერად კი ამბობენ, რომ ცოტნე თვარაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ უგრძელდება.
კომენტარები