ქუთაისის მერის ორი მოადგილე: იუზა უგულავა და დავით ერემეიშვილი ამერიკაში გაემგზავრნენ. ისინი აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე სხვა მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილიც იმყოფება, თუმცა “ინფო იმერეთს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ქალაქის პირველი პირი ქუთაისშია და მუშაობს.
რატომ არ წავიდა ან გეგმავდა თუ არა ქუთაისის მერი ამერიკაში წასვლას და ხომ არ მოხვდა ის ამერიკის მიერ დასანქცირებულთა სიაში, ამ კითხვაზე მერიაში გვპასუხობენ, რომ იოსებ ხახალეიშვილი მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე გასულ წელს იყო, მიმდინარე წელს კი აღნიშნულს მერის მოადგილეები ესწრებიან.
იოსებ ხახალეიშვილი რუსული კანონის აქტიური მომხრეა. ის სოციალურ ქსელში რუსული კანონის მხარდამჭერ ვიდეო რგოლებს და ე.წ ქარდებსაც აზიარებდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის მერები და მერების მოადგილეები აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან.
ვიზიტი დააფინანსა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციამ“. ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღეს შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა.
კომენტარები