დღეს, 12 ივლისს (ახ.სტ.), წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლესი.
წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელზე მრავალი ტაძარია აგებული, რომელთა შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი თავისი ისტორიული მნიშვნელობით უკავია ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს, რომლის კურთხევიდან მიმდინარე 2023 წელს შესრულდა 120 წელი.
ხსენებული ტაძრის აგების იდეის განხორციელება დაიწყო 1881 წლის 10 მაისს, იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით.
ტაძრის აგებისათვის შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: პ. ქორქაშვილი, კ. ცომაია, ე. მატვეევი, დ. წულუკიძე, გ. ტყეშელაშვილი. მცირე ხანში, ეპისკოპოს გაბრიელის რჩევით, კომიტეტის წევრები გახდნენ მღვდელი ნ. ხუციევი და ქუთაისის პოლიცმეისტერის ყოფილი თანაშემწე, ივ. ბაინდუროვი.
შემოწირული თანხებით, 2112 მანეთად შეიძინეს 1700 კვ. მ. მიწა ე.წ. “სილის უბანში“, სადაც დროებითი ხის ტაძარიც ააგეს, რომელიც 1894 წლის დეკემბერში დამწვარა.
ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის აგება დაიწყო 1882 წელს. ტაძრის მშენებლობას რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ შესწირა 2000 მანეთი. შემწირველთა შორის ასევე გახლდათ წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი.
1895 წლიდან ტაძრის მშენებლობა დროებით შეჩერდა და შემდგომში განახლდა 1897 წელს შექმნილი ახალი კომიტეტის თაოსნობით (მასში ძველი წევრებიც შეიყვანეს), რომელიც შეიქმნა დარახველიძის ხელმძღვანელობით. ტაძრის მშენებლობის გაგრძელებისათვის ძველი ოსტატების ნაცვლად მოიწვიეს ცნობილი ოსტატი ისიდორე ფილიპეს ძე ბერეკაშვილი. 1897-1901 წლებში ტაძრის მშენებლობისათვის შეგროვდა 9100 მანეთზე მეტი.
1903 წლის 9 თებერვალს ახალაგებული ტაძარი წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელზე აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდემ (ოქროპირიძე).
ტაძარი უწყვეტად მოქმედებდა შემდგომი ოცი წლის მანძილზე. 1923 წელს მას შეეხო საბჭოთა ათეისტური ტოტალიტარული რეჟიმის მსახვრალი ხელი. ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი საბჭოთა საოკუპაციო მმართველობამ დახურა და მასში ქუთაისის კომკავშირის კლუბი განთავსდა. 1924 წლის 2 ნოემბერს ტაძრიდან მუზეუმში გაიტანეს სიწმიდეთა ნაწილი და ასევე სხვა ნივთები.
1944 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარი გაიხსნა. ისტორიკოსი ლევან ტყეშელაშვილი წერს: „აქვე უნდა აღინიშნოს ერთი სამწუხარო ფაქტი: 1944 წელს დაანგრიეს ქუთაისის ცენტრში მდებარე მთავარანგელოზის ეკლესია (დღევანდელი მერიის ადგილზე), რომლის კანკელი და კანკელის ხატები გადმოტანილ იქნა პეტრე-პავლეს ეკლესიაში“ (ლევან ტყეშელაშვილი, სტატია „ქუთაისის წმიდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი 100 წლისაა“, გაზ. „ქუთაისი“, # 49 (18909), 2003 წ. გვ. 1).
1944 წელს ქუთაის-გაენათის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეფრემი (სიდამონიძე), რომელსაც კათედრის შესაბამისად 1945 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) უბოძა მიტროპოლიტის წოდება. 1944 წელს მეუფე ეფრემმა აღასრულა ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის ენკენია (განახლება).
ფოტო: იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე), რომლის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძრის აგება 1881-1882 წლებში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი გამოცხადდა ქუთაისის საკათედრო ტაძრად. აღნიშნულის შესახებ 1947 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: „ვიღებ რა მხედველობაში ქუთაისის ეკლესიების ადგილმდებარეობას და აგრეთვე კრებულის რაოდენობის მოუწესრიგებლობას, აუცილებლად ვთვლი შემდეგს: პეტრე-პავლეს ეკლესიას, როგორც ცენტრალურს, ვაცხადებ საკათედროდ…“, – წერდა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე.
ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში 2020 წლამდე წირვა აღევლინებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმიდა კალისტრატეს მიერ ნაკურთხ ოდიკზე (დღესდღეობით იგი დაცული და შენახულია, როგორც სიწმიდე და ისტორიული რელიკვია).
ტაძრის კანკელში დაბრძანებულია წმიდა მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის მე-18 საუკუნის ხატი. ასევე, კანკელში ბრძანდება ვერცხლით მოჭედილი საწინამძღვრე ჯვარი, რომელიც სათაფლიის მიდამოებში აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა და შესწირა ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს.
1945 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს შესწირა:
1. ვერცხლის ბარძიმი – რომელზედაც გამოსახულია: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაცხოვარი, ნათლისმცემელი, ჯვარცმა, და სადგამ ფეხზე მახარებელები, იკითხება წარწერა: მოიხსენე ღმერთო ეფრემი მიტროპოლიტი ქუთათელ-გაენათელი და ჭყონდიდელი 1945 წ. დეკემბრი 25;
2. ვერცხლის შანდლები (წმიდა ტრაპეზისთვის);
3. სამღვდელმთავრო ხელბანის ჭურჭელი – რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა: მოიხსენე უფალო ეფრემი მიტროპოლიტი ქუთათელ-გენათელი 1945 წ. – ხელბანის დოქზე იკითხება: მოიხსენე უფალო ეფრემი მიტროპოლიტი 1945 წ;
4. ვერცხლის ლანგარი – (ინახება ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარში) რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა: ქუთაისის საკათედრო ტაძრისათვის მოიხსენე ღმერთო მიტროპოლიტი ეფრემი 1949 წ;
5. სამღვდელმთავრო კონდაკი – რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა: ქუთაისის საკათედრო ტაძრისაა 1947. XII.4. მიტრ. ეფრემი;
6. წმიდა ტრაპეზის ხელის ვერცხლის ჯვარი – რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა: ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრისათვის. მოიხსენე უფალო ეფრემი მიტროპოლიტი ქუთათელ-გენათელი და ჭყონდიდელი (ჯვარი ინახება პეტრე-პავლეს ეკლესიაში) (ცნობა აღებულია ირაკლი ლორთქიფანიძის პუბლიკაციიდან, ჟურნ. „კარიბჭე“, 2017 წ.).
მას შემდგომ, რაც პეტრე-პავლეს ტაძარს მიენიჭა ქუთაისის საკათედრო ტაძრის სტატუსი, აქ მოღვაწეობდნენ და ღვთისმსახურებას აღავლენდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტები: ეფრემი (სიდამონიძე; 1944-1953 წ.წ.), გაბრიელი (ჩაჩანიძე; 1953-1956 წ.წ.), ნაომი (შავიანიძე; 1957-1969 წ.წ.), რომანოზი (პეტრიაშვილი; 1971-1974 წ.წ.), შიო (ავალიშვილი; 1978-1981 წ.წ.), ნიკოლოზი (მახარაძე; 1981-1983 წ.წ.), კალისტრატე (მარგალიტაშვილი; 1983-2019 წ.წ.). ჩამონათვალში გამოტოვებულ წლებში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველობა შეთავსებული ჰქონდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებს: კალისტრატეს (ცინცაძე), მელქისედეკ მესამეს (ფხალაძე), ეფრემ მეორეს (სიდამონიძე), დავით მეხუთეს (დევდარიანი), ილია მეორეს (შიოლაშვილი). იმ პერიოდში, როდესაც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველობა შეთავსებული ჰქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთეს, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), ყოველ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ქუთაისში და წირვა-ლოცვა აღავლენდა წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში (აღნიშნულის შესახებ თავად მიტროპოლიტმა გაიოზმა მომითხრო. ლ. დ-შ).
ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში დაკრძალულნი არიან: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტები დავითი (კაჭახიძე; +1935) და ნაომი (შავიანიძე; +1969). ასევე, ტაძარში დაკრძალულია გენერალი, თავადი ნიკოლოზ ჩიქოვანი.
ქუთათელ-გაენათელ მღვდელმთავართა შორის, ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში, როგორც საკათედრო ტაძარში, ყველაზე დიდხანს მსახურება მოუწია ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს. მას შემდგომ, რაც 2012 წელს აღდგა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარი, მიტროპოლიტ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევითა და გადაწყვეტილებით, წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარს შეუნარჩუნდა საკათედრო ტაძრის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტმა კალისტრატემ არაერთგზის დასდო ღვაწლი პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის გამშვენიერებას. მათ შორის, მეუფე კალისტრატემ ჩაასმევინა ტაძრის დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეებზე ჭედური სტილის მაღალი საოსტატო შესრულებით დამზადებული სამი კარი.
საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წლებში, როდესაც მოქმედი ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობა ძალზე მცირე იყო, თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს არეალიდან მოდიოდნენ ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ნათლობისა თუ სხვა საეკლესიო წესების შესასრულებლად. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი იყო თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს ემბაზი.
ფოტო: იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე), რომელმაც 1903 წლის 9 თებერვალს აკურთხა ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარი
ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში არაერთ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს წარმოუთქვამს მრავალი ქადაგება, რომელთა შორის მოვიტანთ ამონარიდს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაომის მიერ წარმოთქმული ერთ-ერთი ქადაგებიდან:
“გვახსოვდეს, რომ თქვენ ზეციერ მამას მზე ერთნაირად ამოჰყავს კეთილისა და ბოროტისათვის, წვიმასაც მართალს და უსამართლოს ერთნაირად უგზავნის. თუ თქვენ გიყვართ მოყვასი და მტერი გძულთ, მაშინ რა განსხვავებაა თქვენსა და მებაჟეს შორის?! თუ მხოლოდ ძმებს მოიკითხავთ, რას გააკეთებთ განსაკუთრებულს?! ასე ხომ ფარისეველიც იქცევა.
ძვირფასო მორწმუნენო! გიყვარდეთ ყველა, მტერიც და მოყვარეც და ნუ იფიქრებთ იმაზე, უყვარხართ თუ არა თქვენ მათ. უპასუხეთ ბოროტებას სიკეთით და იქნებით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. ამინ“, – ბრძანებდა მიტროპოლიტი ნაომი (მარინა შავიანიძე, „ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969 წწ.“, 2020 წ. გვ. 62).
აქვე, შევნიშნავთ, რომ წმიდა ღირსი მამა გაბრიელი, სალოსი და აღმსარებელი (ურგებაძე) დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმული გახლავთ ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის გაბრიელის (ჩაჩანიძე) მიერ.
დასასრულს კი გვსურს, ჩვენი პუბლიკაცია, რომელიც ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის 120 წლის იუბილეს ეძღვნება, დავასრულოთ 20 წლის წინ, 2003 წელს, როდესაც ხსენებულ საკათედრო ტაძარს შეუსრულდა 100 წელი, გაზეთ „ქუთაისში“ დაბეჭდილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს მისალოცი ფრაზებით: „ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის მეასე წლისთავს. მათი წმიდა ლოცვით, ღვთისმშობელმა დედამ გადაგვაფაროს თავისი სათნოების კალთა ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ“.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები