მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის პურ-ღვინით მოვაჭრეთა კავშირის კრება და არჩევნები

ქუთაისის პურ-ღვინით მოვაჭრეთა კავშირის კრება და არჩევნები

საქართველო თავისი მრავალათასწლიანი ისტორიის მანძილზე მსოფლიო არენაზე ერთ-ერთი მიმართულებით ცნობილია, როგორც პურისა და ღვინის ქვეყანა. ჩვენს სამშობლოში ხორბლის არაერთი სახეობა მოჰყავდათ. რაც შეეხება ყურძნის ჯიშებს და მათგან დაწურული ღვინის სახეობებს, მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე მისი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ქუთაისში მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებობდა “ქუთაისის პურ-ღვინით მოვაჭრეთა კავშირი“, რომელიც საკმაოდ ქმედითი იყო და მასში გაწევრიანებულები, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს უწევდნენ კოლეგიალურ თანადგომას სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული კავშირის დამფუძნებელი და თავმჯდომარე გახლდათ ს. აბაკელია.

1919 წლის 29 ივნისს ქუთაისში გაიმართა პურ-ღვინით მოვაჭრეთა კრება და არჩევნები. სხდომას წარმართავდა კრების დამფუძნებელი და თავმჯდომარე ს. აბაკელია. ამ კონკრეტული კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ი. ლორთქიფანიძე, ხოლო მდივნად – გ. ჯაფარიძე. დღის წესრიგში შეიტანეს თექვსმეტი საკითხი, რომელთა შორის იყო კავშირის თავმჯდომარის არჩევა, ახალი გამგეობის წევრების არჩევა, ხაზინადარის არჩევა, სარევიზიო კომისიის არჩევა, საუბნო წარმომადგენლების არჩევა, შესაბამისი ხართაღრიცხვის წარმოდგენა, სამკითხველოს დაარსება, ავეჯეულობის შეძენა კავშირის საჭიროებისათვის. კავშირის წესდების შემუშავება და ამისათვის სხვა ქალაქებიდან გამოცდილების გაზიარების მიზნით მსგავსი კავშირების წევრთა მოწვევა და მოსმენა, წინა კრების დადგენილების დამტკიცება ან გაუქმება და ა.შ.

ქუთაისის პურ-ღვინით მოვაჭრეთა კავშირის 1919 წლის 29 ივნისის კრება სიტყვით გახსნა კავშირის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ს. აბაკელიამ. კრებას დაესწრო ქუთაისში ამ საქმიანობით დაკავებული ასოცდაცამეტი პიროვნება. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ გამოცხადნენ, თუმცა, კავშირის წევრთა უმრავლესობის დასწრების გამო კრება ჩაითვალა ლეგიტიმურად.

კრებაზე წარმოადგინეს ანგარიში იმის შესახებ, თუ რა დახმარებას უწევდა ხსენებული კავშირი პურ-ღვინით მოვაჭრეებს ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის პურ-ღვინით მოვაჭრეთა კავშირის ხაზინაში იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდური თანხები არსებობდა, რომელიც სხვადასხვა მიზნით იხარჯებოდა, რის შესახებაც ინფორმაცია ამ კრებაზე წარმოადგინა კავშირის თავმჯდომარემ, რომელმაც ასევე მიმართა კრებას, რომ აერჩიათ ახალი თავმჯდომარე და გამგეობის წევრებად ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ განათლებას მოახმარდნენ ქუთაისში პურ-ღვინით ვაჭრობის განვითარებას, გაფართოებასა და კავშირის წევრების კეთილდღეობას. კრებამ კავშირის თავმჯდომარედ კვლავ მისი დამფუძნებელი ს. აბაკელია აირჩია, ხოლო გამგეობის წევრების შემადგენლობაში მოხდა გარკვეული ცვლილებები.

ქუთაისის პურ-ღვინით მოვაჭრეთა კავშირის კრებამ ხელფასი დაუნიშნა კავშირის თავმჯდომარეს – 1000 მანეთის ოდენობით, ხოლო მწერალს – 550 მანეთის ოდენობით. გამგეობის შემადგენლობა განისაზღვრა ათი პირით, რომელთა შორის იყვნენ: წ. გრიგოლაშვილი, ივ. ტყეშელაშვილი, გ. თათარიშვილი, ერ. ჯაფარიძე, ა. ჯინჭარაძე, ი. ცნობილაძე, ნ. წერეთელი, ვლ. კოსტავა, ალ. ბერაძე, ნ. ფხაკაძე. ასევე, განისაზღვრა სარევიზიო კომისია ოთხი პირის შემადგენლობით. დასახელდნენ კანდიდატები გამგეობის მომავალი წევრობისთვისაც.

კრებაზე კავშირის სამმა წევრმა ითხოვა კავშირის წევრობიდან გათავისუფლება. ასევე, გაირკვა, რომ კავშირის კიდევ ორ წევრს თავი დაუნებებია პურ-ღვინით ვაჭრობისათვის, რაც ცნობად მიიღო კრებამ და ისინი გაათავისუფლა კავშირის წევრობიდან.

ქუთაისის პურ-ღვინით მოვაჭრეთა კავშირის ხაზინადარად აირჩიეს ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც დაევალა კავშირის კრების წინაშე დასმული დანარჩენი საკითხები თავად შეემუშავებინა და შემდგომ მათ შესახებ იმსჯელებდა კრება და გადაწყვეტდა შესაბამის საკითხთა მიზანშეწონილობას.

ქუთაისის პურ-ღვინით მოვაჭრეთა კრებამ იარსება საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია-ანექსიამდე და ის იყო საქართველოში ერთ-ერთი პირველი სახეობის საქალაქო პროფესიული ტიპის კავშირი, რომელიც შესაბამისი საქმიანობით დაკავებულებსა და მათ ოჯახებს აქტიურად ეხმარებოდა.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები