ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აჭარის ტელევიზიიდან იმპიჩმენტის წესით გათავისუფლებული დირექტორის ნათია კაპანაძის საქმის პირველი სხდომა გაიმართა.
ნათია კაპანაძე სასამართლოში ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას. მის ინტერესებს საია იცავს.
მოსამართლე შოთა სირაძემ მომდევნო სხდომა 8 სექტემბერს დანიშნა. ამ სხდომაზე ის მხარეთა განმარტებებს მოისმენს და მტკიცებულებებს გამოიკვლევს.
ნათია კაპანაძის თქმით, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მისი გათავისუფლებით პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ბათუმელი მოსამართლის ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, მიმდინარე პროცესის მიმართ ძალიან მაღალი მოლოდინი არ აქვს, თუმცა, როგორც უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაწილში ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული.
როგორც ნათია კაპანაძე აღნიშნავს, აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის გამო მიიტანეს მასზე იერიში და თუ სიმართლე ქვეყნის შიგნით ვერ დადგინდა, საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებს.
ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.
კომენტარები