ქუთაისის საქალაქო სასამართლოში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ნარსიას სასამართლო პროცესი იმართება.
ბრალდებულის ადვოკატის დალი სულაქველიძის განცხადებით, სასამართლომ დღეს ნარსიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საკითხის ძალაში დატოვების თუ შეცვლის გარემოებები უნდა განიხილოს.
“დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილება გრიგოლ ნარსიას მიმართ ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საკითხის ძალაში დატოვების თუ შეცვლის გარემოებები. აღნიშნული მოქმედება განაპირობა იმან, რომ 2022 წლის 29 ოქტომბერს ზედამხედველმა პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გრიგოლ ნარსიას მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის თარიღის ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ მათთვის გამოყოფილი დრო არ იყო საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებისთვის და დღეისათვის მათ მტკიცებულებები აქვთ მოპოვებული, რომელიც საჭიროა გრიგოლ ნარსიას მიმართ ბრალის დასადასტურებლად.
მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე წინააღმდეგი იყო აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების, სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და ის ვადა, რომელიც მოითხოვა ბრალდების მხარემ აღნიშნულ საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად, თითქოს დააკმაყოფილა და დღეისათვის განისაზღვრა, რომ გრიგოლ ნარსიას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 15 დეკემბერს. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების გამო სასამართლომ ავტომატურად უნდა გადახედოს (ამას სისხლის სამართლის პროცესი ითვალისწინებს) ადრე, კონკრეტულად 2022 წლის 22 სექტემბერს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თუ ძალაში დატოვების საკითხს. დღეს ეს საკითხი განიხილება. ვფიქრობ, რომ გრიგოლ ნარსია სხდომას დაესწრება”, – განაცხადა ადვოკატმა დალი სულაქველიძემ.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზე დაიწყო.
გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალს თავს 20 სექტემბერს, დილის საათებში დაესხა. მან მძევლად 12 პირი აიყვანა, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.
კომენტარები