მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგი პოლიევქტო ყვიცარიძე – გარდაცვალებიდან 120 წელი

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგი პოლიევქტო ყვიცარიძე – გარდაცვალებიდან 120 წელი

1821 წელს იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონის (წულუკიძე) ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, რომელმაც იმავე წლის 6 თებერვლიდან დაიწყო ფუნქციონირება. აღნიშნულ პერიოდში საქართველო დაპყრობილი იყო რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც თავისი კოლონიზატორული პოლიტიკა ყველა სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემის მიმართულებითაც გაავრცელა, რასაც, ბუნებრივია, ვერ ასცდებოდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელიც, რომელიც უშუალოდ რუსული მმართველობის ხანაში დაარსდა, თუმცა, ხსენებულ სასწავლებელში მოღვაწე არაერთი პედაგოგი ღირსეულად და კეთილსინდისიერად ემსახურებოდა პროფესიულ საქმეს. მათ შორის იყო ქართული ენის პედაგოგი პოლიევქტო ყვიცარიძე (კვიცარიძე), რომლის გარდაცვალებიდან მიმდინარე 2024 წელს შესრულდა 120 წელი. მან რუსული კოლონიალური მმართველობისას საქართველოში ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის სწავლებას ერთ-ერთი თვალსაჩინო ღვაწლი დასდო.

პოლიევქტო ყვიცარიძე დაიბადა 1849 წელს. მან დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. შემდგომ ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტზე, რომლის დასრულება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო. დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ის იყო ქართული ენის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე. მისი არაერთი საავტორო წერილი იბეჭდებოდა იმჟამინდელ ქართულ პრესაში: „დროებაში“, „იმედში“, „ივერიაში“, „ნობათსა“ და ა.შ.

1885 წელს პოლიევქტო ყვიცარიძემ შეადგინა „ქართული საგრამატიკო ტერმინოლოგია“, ხოლო 1888 წელს „ორნაწილიანი ქართული გრამატიკა“. პირველის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა „დროებაში“, ხოლო მეორე გამოცემის შესახებ დაიბეჭდა „ივერიაში“.

პოლიევქტო ყვიცარიძის მოღვაწეობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც ის მთელი შემართებით ემსახურა ქართულ ეროვნულ საქმეს რუსეთის მიერ ანექსირებულ საქართველოში. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში იმხანად სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა ქართული ენა და ლიტერატურა, არც „ბალებს“ (შეფასების ნიშნები) ექცეოდა ყურადღება ხსენებულ საგანში. პოლიექვტო ყვიცარიძე კი შექმნილ სიტუაციაში დიდი შემართებით ემსახურებოდა ფაქტობრივად რუსულ სასწავლებელში ქართული ენის სწავლებას. იმ დროს ქართული წიგნის მოპოვებაც კი რთული იყო… ქართულ წიგნს გაყიდვაში იშვიათად თუ ნახავდით მთელ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში. ამგვარ ვითარებაში პოლიევქტო ყვიცარიძე სხვადასხვა ქართულ წიგნს თავისივე შერჩეული სასწავლო პროგრამის მიხედვით აკითხებდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მოწაფეებს, რომლებიც ამგვარად ახასიათებდნენ პოლიევქტო ყვიცარიძის მოღვაწეობას: „როგორც სამშობლო ენის მოტრფიალემ და ღრმად მცოდნემ, მოწაფეებსაც შეგვაყვარა ქართული ენა; კლასში გვაკითხებდა სხვადასხვა ქართულ წიგნებსა, გვასწავლიდა ქართულ გრამატიკას, გვაწერინებდა თხზულებას…

ბ-ნ ყვიცარიძის მოსვლას კლასში დიდის აღტაცებით მოველოდით, რადგან ყოველს გაკვეთილზედ უსათუოდ ახალს რამეს გვეტყოდა, ახალს წიგნს წაგვიკითხავდა, ახალს დარიგებას მოგვცემდა. ერთის სიტყვით ის ცდილობდა მოწაფეთა განვითარებას, მათ გულში სწავლა-განათლების ტრფიალის გაღვივებას. ბ-ნ ყვიცარიძის მამაშვილური დარიგება არცერთ მის მოწაფედ ნამყოფს არ დაავიწყდება. სასულიერო სასწავლებლის მეოთხე კლასში ბ-ნ ყვიცარიძე გვასწავლიდა ქართულ გრამატიკას, ისტორიას და გვაკითხებდა ჩვენი საუკეთესო მწერლების თხზულებებს“, – აღნიშნავდნენ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მოწაფეები ქართული ენის პედაგოგის შესახებ.

პოლიევქტო ყვიცარიძის მიერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის გულმოდგინებით სწავლებამ და მისი მოწაფეების ბეჯითობამ იმდენად დიდი როლი შეასრულა, რომ ხსენებულ სასწავლებელში ქართული ენის საგანი შეიტანეს სავალდებულო საგანთა ნუსხაში. პედაგოგი შეგირდებს თავის საცხოვრებელ სახლშიც იბარებდა და იქაც ასწავლიდა სრულიად უანგაროდ.

სამწუხაროდ, 1902 წლიდან, პოლიევქტო ყვიცარიძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუწია, რომ დაეტოვებინა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.

პოლიევქტო ყვიცარიძე გარდაიცვალა 1904 წლის 19 იანვარს (ახალი სტილით 1 თებერვალს), 55 წლის ასაკში. დაკრძალეს თბილისში. მისი მოღვაწეობა ერთ-ერთი განსაკუთრებულია რუსული კოლონიალური უღლის ქვეშ მგმინავ საქართველოში ქართული პატრიოტიზმის გაღვივების დიდ ეროვნულ საქმეში, რომელსაც პოლიევქტო ყვიცარიძე დიდწილად სწორედ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლიდან ემსახურა.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

ფოტოზე: პოლიევქტო ყვიცარიძე. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში

კომენტარები