მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის სკოლებში ვაჟთა და ქალთა ერთად სწავლების შემოღება (საარქივო დოკუმენტაციის ექსკლუზივი)

ქუთაისის სკოლებში ვაჟთა და ქალთა ერთად სწავლების შემოღება (საარქივო დოკუმენტაციის ექსკლუზივი)

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო (საშუალო) სკოლებში მეოცე საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებამდე ვაჟთა და ქალთა ერთად სწავლა აკრძალული იყო. ცალ-ცალკე არსებობდნენ ვაჟთა და ქალთა სასწავლებლები (მაგალითად, ქუთაისში ვაჟთა სასწავლებლები იყო ქუთაისის ამჟამინდელი # 1 და # 2 საჯარო სკოლები, ხოლო ქალთა სასწავლებელი იყო ქუთაისის ამჟამინდელი # 3 საჯარო სკოლა, რომელიც სწორედ იმ პერიოდიდანვე გახდა წმინდა ნინოს სახელობის და ა.შ.).

1954 წლის 1 ივლისს, მოსკოვში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, სახელწოდებით “მოსკოვის, ლენინგრადისა და სხვა ქალაქების სკოლებში ერთად სწავლების შემოღების შესახებ“. აღნიშნულის საფუძველზე, იმავე წლის 10 ივლისს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ მიიღეს დადგენილება # 607, სახელწოდებით “რესპუბლიკის სკოლებში ერთად სწავლების შემოღების შესახებ“, რომლის მიხედვით, საქართველოს სკოლებში, 1954-1955 სასწავლო წლიდან ოფიციალურად შემოიღეს ვაჟების და ქალების ერთად სწავლება. ამ გადაწყვეტილების თანახმად, იმჟამად, საქართველოში ვაჟთა და ქალთა სკოლების მოსწავლეების გაერთიანება განისაზღვრა პირველიდან მეათე კლასის ჩათვლით, ხოლო მეთერთმეტე კლასები ხსენებულ სასწავლო წელს არ გაერთიანდებოდნენ.

საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1954 წლის 10 ივლისის დადგენილება # 607-ის მეექვსე მუხლში ჩაიწერა: “დაევალოს პარტიის საოლქო, საქალაქო და რაიონულ კომიტეტებს, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღმასკომს, მშრომელთა დეპუტატების საქალაქო და რაიონული საბჭოების აღმასკომებს განსაკუთრებული კონტროლი გაუწიონ სახალხო განათლების ორგანოების მუშაობას, რაც დაკავშირებულია ერთად სწავლების შემოღებასთან და საჭირო დახმარება აღმოუჩინონ მათ სკოლების სასწავლო მუშაობის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა დისციპლინის განმტკიცების საქმეში“, – ვკითხულობთ დადგენილების მეექვსე მუხლში. ხსენებულ დადგენილებას ხელს აწერენ: საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ვასილ მჟავანაძე და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და საფუძველზე, 1954 წლის 22 ივლისს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ბიურომ და ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომმა მიიღეს დადგენილება, სახელწოდებით „ქ. ქუთაისის სკოლებში ვაჟთა და ქალთა ერთად სწავლების შემოღების შესახებ“ (ოქმი # 73 § 2) (დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში; ფონდი 149, ან. 1, საქმე 2295, გვ. 12-13), რომელიც საისტორიო-საპუბლიკაციო მიმოქცევაში პირველად შემოდის წარმოდგენილი პუბლიკაციით.

დადგენილების პირველ მუხლში ჩაიწერა: “შემოღებულ იქნეს 1954/55 სასწავლო წლიდან ქ. ქუთაისის სკოლებში ვაჟების და ქალების ერთად სწავლება, ხოლო მეთერთმეტე კლასები მ/სასწავლო წელს არ გაერთიანდეს.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვაჟთა და ქალთა ერთად სწავლებასთან დაკავშირებით ქალაქის სკოლების ახალი მიკრორაიონები უკვე შექმნილია და შესაბამისად ამისა, ყველა სკოლის მიერ აღწერილია მოსწავლეები, დაკომპლექტებულია კლასები, მასწავლებელთა შორის გაკვეთილების განაწილების და სკოლის ხელმძღვანელთა გადაჯგუფების შესახებ შედგენილია პროექტი და სხვა“, – ვკითხულობთ დადგენილების პირველ მუხლში. დადგენილების ოქმს ხელს აწერენ საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მდივანი გრ. რუხაძე და ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ო. ბიბილეიშვილი.

საინტერესოა, რომ დადგენილების შესრულებაზე პასუხისმგებელ ოფიციალურ სტრუქტურებსა და თანამდებობის პირებს შორის მოხსენიებულნი არიან (მუხლი მე-2) კომკავშირის ქუთაისის საქალაქო კომიტეტი და მისი იმჟამინდელი მდივანი ედუარდ შევარდნაძე (1953 წლის 16 დეკემბრიდან 1956 წლის 11 მაისამდე ედუარდ შევარდნაძე გახლდათ საქართველოს ალკკ ქუთაისის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი).

ხსენებული დადგენილების მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ მის შესრულებაში ოფიციალურად ჩართეს კომუნისტური პარტიის ქუთაისის ქალაქკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებაც, რათა მოსახლეობასთან, მეტადრე მოსწავლეების მშობლებთან ჩატარებულიყო აგიტაციური მუშაობა სკოლებში ვაჟთა და ქალთა ერთად სწავლების მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ.

სწორედ 1954-1955 სასწავლო წლიდან, ქუთაისში, ისევე როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და მთელ საბჭოთა კავშირში, ოფიციალურად დაკანონდა ვაჟების და გოგონების ერთად სწავლება და აღარ იყო საჭიროება, რომ ცალ-ცალკე ყოფილიყო ვაჟთა და ქალთა სკოლები, რისი საფუძველიცაა ზემოთ მოხმობილი დადგენილებები (ქუთაისის შემთხვევაში საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ბიუროსა და ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1954 წლის 22 ივლისის დადგენილება).

აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოფიციალური გადაწყვეტილებებით (უმეტესწილად საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით) ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული მთელი რიგი დადგენილებები, თუმცა ეს არ შეხებია საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1954 წლის 10 ივლისის დადგენილება # 607-ს „რესპუბლიკის სკოლებში ერთად სწავლების შემოღების შესახებ“, რომელიც დღესდღეობითაც ოფიციალურად მოქმედია და მაშასადამე, ამჟამად ოფიციალურად კვლავ მოქმედია მის საფუძველზე საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ბიუროსა და ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1954 წლის 22 ივლისის  დადგენილება „ქ. ქუთაისის სკოლებში ვაჟთა და ქალთა ერთად სწავლების შემოღების შესახებ“.

1954 წლიდან მოყოლებული, დღემდე, უწყვეტად,  საქართველოს სკოლებში ერთად ეუფლებიან განათლების საშუალო საფეხურს ვაჟები და გოგონები, ხოლო ვაჟთა და ქალთა სასწავლებლების ცალ-ცალკე არსებობა ისტორიის კუთვნილება და შესაბამისი სფეროს მკვლევართა დაინტერესებისა და კვლევის საკითხია. თავის მხრივ ჩვენს მიერ ამ პუბლიკაციაში წარმოდგენილი ოფიციალური დადგენილებებიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

ფოტოზე: საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი; ფონდი 149, ან. 1, საქმე 2295, გვ. 12-13 (ქვეყნდება პირველად).

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები