“დინამო თბილისმა“ ქართულ „კლასიკოში“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ერთ-ერთ ლიდერთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
“დინამომ“ მეტოქის კარი 30-ე წუთზე აიღო. გოლი საბერძნეთიდან დაბრუნებულმა ნიკა ნინუამ შორეული დარტყმით გაიტანა.
ქუთაისელებმა შეუტიეს, წონასწორობა სწრაფად აღადგინეს და წინ გასვლაც მოახერხეს. 35-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილის გადაცემის შემდეგ „დინამოს“ მცველებმა კარის წინ გახსნილ მომო იანსანეს ხელი ვერ შეუშალეს. 42-ე წუთზე კი გვინეელმა თავდამსხმელმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში მოედანზე „დინამოს“ თავდამსხმელი თორნიკე ოქრიაშვილი შევიდა, რომელმაც თამაში გაამწვავა. მან 90-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და თავადვე შეასრულა, მაგრამ “ტორპედოს“ მეკარე ფილიპ კლიაიჩმა მისი დარტყმული მოიგერია.
21 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 25 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ (41) გათამაშების ლიდერ გორის „დილასთან“ ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა და იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მატჩი მარაგში აქვს, დაწევაც შეუძლია.
კომენტარები