მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ცენტრალური მოედნისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების შესახებ – სამთავრობო გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი გამოხმაურებები

ქუთაისის ცენტრალური მოედნისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების შესახებ – სამთავრობო გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი გამოხმაურებები

სამი ათასხუთასწლოვან ქუთაისში არაერთი ღირსშესანიშნაობა თუ თვისობრივად საინტერესო ადგილია. ერთ-ერთი მათგანი არის ქუთაისის ცენტრალური მოედანი, რომელიც უდავოდ არის ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, რაც, ასევე, ქალაქში ერთ-ერთი უძველესია.

ქუთაისის ცენტრალური მოედანი სხვადასხვა დროს იცვლებოდა, როგორც მოცულობითი ტერიტორიული ფართობით, ასევე იერსახით, რაც თანადროული ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შედეგი იყო.

ამ ტერიტორიაზე (დღევანდელი შადრევნის და “თიბისი ბანკის“ შენობას შორის არსებული სივრცე) მდებარეობდა ქუთაისის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი (სობორო) მისი აგება დაიწყო 1851 წელს, აკურთხეს 1871 წელს), რომელიც, სამწუხაროდ, ათეისტურმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა დახურა 1923 წლის მარტში და შემდგომ, კიდევ უფრო სამწუხაროდ, სრულად დაანგრია 1924 წლის ზაფხულში. საკათედრო ტაძრის სრულიად უგუნური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემდგომ, საბჭოთა ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრალური მოედანი გააფართოვა ტაძრის ტერიტორიის ხარჯზე (რისი აუცილებლობაც რეალურად ნამდვილად არ არსებობდა). კომუნისტური მმართველობის პერიოდში რამდენიმეგზის შეუცვალეს იერსახე ქუთაისის ცენტრალურ მოედანს. მოედნის შუაგულში ჯერ დადგეს ლენინის ძეგლი, ხოლო შემდგომ აღმართეს სტალინის ძეგლი, მოგვიანებით კი სხვადასხვა დროს ორივე ძეგლი აიღეს და ვარდების ბაღი გააშენეს.

პოსტსაბჭოთა საქართველოში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აღმართეს დავით აღმაშენებლის ძეგლი, ხოლო შემდგომ კოლხური შადრევანი, რომელიც ამჟამადაც არის განთავსებული ამ სივრცეში.

1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოში გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა, რომლის კვალად ეროვნული სულისკვეთების საერთო აღმავლობაც აშკარად დაეტყო ქვეყანას. 1988 წლის მაისში, ჯერ კიდევ საბჭოთა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებულმა გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფის კომისიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სათაურით „როგორია თქვენი წინადადება?“, რომლითაც მიმართა ქუთაისელებს. ხსენებული სამთავრობო უწყების ამ მიმართვაში ჩაიწერა:

“საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებულ გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფისა და ქალაქის ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელწოდებების მიკუთვნების წინადადებათა შემმუშავებელ კომისიას განზრახული აქვს, მორიგ სხდომაზე, მოსახლეობის ფართო წარმომადგენლების მონაწილეობით, მოაწყოს ქალაქის ქუჩებისთვის ადრეულ წლებში მინიჭებულ სახელწოდებათა გადასინჯვა, რათა ჩვენს ქალაქში გვქონდეს ისეთ სახელოვან მამულიშვილთა სახელობის ქუჩები, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ერისა და ქვეყნის წინაშე.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანაქალაქელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მოცემული საკითხის გადაჭრაში.

თქვენი კონკრეტული წინადადებები, გთხოვთ, შემოიტანოთ საქალაქო საბჭოს აღმასკომში და გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში.

კომისიის სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს დამატებით გაცნობებთ“, – ნათქვამი იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფის კომისიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

აღნიშნული განცხადებით ხსენებულმა სამთავრობო უწყებამ კვლავ განმეორებით მიმართა საზოგადოებას.

მალევე, 1988 წლის ზაფხულში, გაზეთ “ქუთაისში“ გამოქვეყნდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოღვაწე ისტორიკოსების, პროფესორ ლევან სვანაძისა და დოცენტ პეტრე ვაჭრიძის წერილი, რომელშიც მათ წამოჭრეს იდეა, რომ ქუთაისის ცენტრალურ მოედანს მინიჭებოდა დავით აღმაშენებლის სახელი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი დაიბადა და აღიზარდა ქუთაისში, მან თავისი მეფობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა საქართველოს იმჟამინდელ დედაქალაქ ქუთაისში, საიდანაც გააერთიანა ქვეყანა და მოიგო დიდგორის ბრძოლაც. ამ ისტორიული მოცემულობის ფონზე, რა თქმა უნდა, უპრიანი იყო იდეა, რომ ქუთაისის ცენტრალური მოედანი გამხდარიყო დავით აღმაშენებლის სახელობის.

1988 წლის 5 აგვისტოს გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფის კომისიამ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წარუდგინა შუამდგომლობა (თანდართული შესაბამისი ოქმით), რომ ქუთაისის ცენტრალურ მოედანს მინიჭებოდა დავით აღმაშენებლის სახელი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 1988 წლის 10 აგვისტოს, ქუთაისის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება N 17.6.600, სახელწოდებით „ქალაქის ცენტრალური მოედნისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მიკუთვნების შესახებ“, რომელშიც ჩაიწერა:

“საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა:

დაკმაყოფილდეს საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა უკვდავსაყოფად სახელწოდებების მინიჭების წინადადებათა შემმუშავებელი კომისიის შუამდგომლობა /1988 წლის 5 აგვისტოს ოქმი/ და ქ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანს ამიერიდან ეწოდოს დავით აღმაშენებლის სახელი“, – ნათქვამია ქუთაისის აღმასკომის ხსენებულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ხელს აწერენ: აღმასკომის თავმჯდომარე ვ. ოყრეშიძე და აღმასკომის მდივანი გ. ფაჩუაშვილი.

ქუთაისის აღმასკომის ამ გადაწყვეტილების ოფიციალური დოკუმენტი ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში (ფონდი # 149).

ფოტო: ქუთაისის აღმასკომის 1988 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება ქალაქის ცენტრალური მოედნისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების შესახებ /დოკუმენტი დაცულია ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში; ფონდი # 149/

ხსენებულ სამთავრობო გადაწყვეტილებას, 1988 წლის აგვისტოშივე, გაზეთ „ქუთაისში“ გამოეხმაურა ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის იმჟამინდელი დირექტორი მიხეილ ნიკოლეიშვილი პუბლიკაციით „დავითი, გელათი და ქუთაისი – დედა დედაქალაქობისა“, რომელშიც ავტორი წერდა:

“ამ დღეებში ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა ქალაქის ცენტრალურ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი მიაკუთვნა. ეს არის დიდმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი საზოგადოებრიობა უაღრესი კმაყოფილებით შეხვდა, რადგან იგი ეხება ჩვენი ერის გამოჩენილი საისტორიე პიროვნების სახელის უკვდავყოფას.

მომავალ წელს (იგულისხმება 1989 წელი. ლ. დ-შ) 900 წელი სრულდება იმ დღიდან, როდესაც დავით აღმაშენებელს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის კარიბჭესთან, საქართველოს სამეფო გვირგვინი დაადგეს. „კურთხეულ არს მოსვლა და დამტკიცება სამეფოსა ამასა თქვენსა ზედა“, – ასე დალოცა საქართველოს კათოლიკოსმა აქ გვირგვინოსანი დავით აღმაშენებელი…

ქუთაისი სრულიად საქართველოსთვის დედაა დედაქალაქობისა და ამიტომაც ფრიად სიმბოლურია, რომ მადლიერი შთამომავლობა დავით აღმაშენებლის მეფედ კურთხევის 900 წლისთავზე ამ ქალაქში უმთავრეს და უძველეს მოედანს სწორედ მის სახელს ანიჭებს და ამ სახელის მიმრქმელი ორი ცნობილი ქუთაისელი ისტორიკოსია (იგულისხმებიან ისტორიკოსები ლევან სვანაძე და პეტრე ვაჭრიძე. ლ. დ-შ)“, – წერდა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-მუზეუმის მაშინდელი დირექტორი მიხეილ ნიკოლეიშვილი, რომელმაც აქვე გააჟღერა საზოგადოებრივი იდეა ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვის აუცილებლობის შესახებ და აუწყა საზოგადოებას ამ მიზნით არსებული სამოქალაქო მოძრაობისა და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქუთაისში დადგმის მიზნით სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ და ასევე, დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვის ადგილად ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ, იმხანად ეწოდა დავით აღმაშენებლის სახელი. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ეს იდეაც განხორციელდა და ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დავით აღმაშენებლის ძეგლი აღიმართა (2011 წლიდან ის გადაიტანეს და ამჟამად აღმართულია ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირის დასაწყისში).

1988 წლიდან დღემდე ქუთაისის ცენტრალური მოედანი სრულიად სამართლიანად და უწყვეტად ატარებს დავით აღმაშენებლის სახელს და ამგვარად იცნობენ მას ჩვენს ქვეყანაში, როგორც ქუთაისელები, ასევე ქალაქის სტუმრებიც. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დავით აღმაშენებლის სახელით იცნობენ ქუთაისის ცენტრალურ მოედანს.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები