მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისი კრისტოფორო დე კასტელის ნახატებში

ქუთაისი კრისტოფორო დე კასტელის ნახატებში

მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველო პოლიტიკურად დაშლილ-დაქუცმაცებული იყო სამეფო-სამთავროებად. ამ ფონზე ქვეყანა მწვავედ განიცდიდა მტრის თავდასხმებს. ხსენებული პერიოდის ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ საინტერესო და უნიკალური ნახატებია დაცული მეჩვიდმეტე საუკუნეში მოღვაწე კრისტოფორო დე კასტელის ალბომში.

კრისტოფორო დე კასტელი გახლდათ იტალიელი მისიონერი და კათოლიკე მღვდელი, რომელმაც აღწერა 1628-1654 წლებში საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება.

კასტელი საქართველოში ჩამოვიდა 1628 წელს კათოლიკე მღვდელ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. კასტელი იმყოფებოდა ქართლში, იმერეთში, გურიაში, ოდიშში. ის მეჩვიდმეტე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში გაემგზავრა საქართველოდან, შესაბამისად მან წლების მანძილზე საფუძვლიანად მოასწრო ჩვენი ქვეყნის გაცნობა მრავალი მიმართულებით.

კასტელის ალბომში სულ 570 ნახატია მოთავსებული, თუმცა, ამ ალბომმა ჩვენამდე სრული სახით ვერ მოაღწია. აღნიშნული ნახატები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის, კათოლიკე მღვდლის, თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ მიხეილ თამარაშვილის მეშვეობით, რომელმაც აღმოაჩინა კრისტოფორო დე კასტელის ალბომი.

კასტელის ალბომში იმ პერიოდის ქუთაისის შესახებაც მოხვდა ნახატები.

კასტელის ალბომში ქუთაისზე წარმოდგენილ ნახატებს შორის დაინტერესებას იწვევს არაერთი მათგანი, მათ შორის ერთ-ერთზე წარმოდგენილია იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის შერიგება, მეორეზე ასახულია როგორ შეჰყავთ კასტელი მხედრების თანხლებით ქუთაისის ციხესიმაგრის სანახავად, ხოლო მესამე ნახატს ეწოდება “ყაბახი ქუთაისში“.

ნახატი “ყაბახი ქუთაისში“ არის # 328. აქ წარმოდგენილია ვრცელი მოედანი, სადაც მოასპარეზე მხედრების უკან მოჩანს ქალაქის ხედი. აქვეა მაღალ რელიეფზე არსებული  ციხესიმაგრე და მის ქვევით მდებარე ორ ტაძარს შორის არსებული დასახლებული უბანი. ხსენებულ ნახატზე დატანილია მინაწერები, რომელიც ამგვარად სრულდება: „ამ ადგილს ქუთაისი ეწოდება“. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევრის ქუთაისის მხოლოდ ერთი ნაწილი.

კასტელის ნახატი “იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის შერიგება“ არის # 38. აქ გამოსახულია ქუთაისის ხედი უფრო შორიდან, ვიდრე ზემოხსენებულ ნახატში. # 38 ნახატზე წარმოდგენილნი არიან ცხენებზე ამხედრებული იმერეთის მეფე გიორგი მესამე და სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი და მათი ამალა, ხოლო უკანა ფონზე მოჩანს ქალაქისა და ციხის ხედი. ამ ნახატზე არის მინაწერები: “თეათინელთა რეზიდენცია. სამეფო სახლი. იბერის დიდად ღვთის მოშიში მეფე. დიდად ბედნიერი სამეგრელოს მთავარი. იბერის მეფე და კოლხეთის მთავარი დიდი ამალით, შერიგების დროს ერთმანეთს შორის შესაფერის ნდობას ამყარებენ“, – ვკითხულობთ მინაწერებში.

კასტელი არ უთითებს ზუსტ ადგილს, სად მოხდა ხსენებული შეხვედრა, თუმცა, აღნიშნავს, რომ ის შედგა მეფის სამფლობელოში, “სამეფო სახლის“ მახლობლად, მაშასადამე ქუთაისში. თუ დავაკვირდებით ამ ნახატზე გამოსახული მეფისა და მთავრის შეხვედრის ადგილს, კასტელის მიხედვით ის შედგა “ხიდის კარისა“ და გარეთუბნის დასახლების სამხრეთით, სადაც რუსი ელჩების, ტოლოჩანოვისა და ივლევის ცნობებით მდებარეობდა საასპარეზო მოედანი, რომელიც იწყებოდა იმერეთის მეფეთა რეზიდენციის, “ოქროს ჩარდახის“ გალავანთან, ჩრდილოეთის მიმართულებით 400 საჟენის სიგრძეზე, ხოლო სიგანით – 150 საჟენი. აქ გამოსახული ციხესიმაგრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე რიონის პირას არსებული კოშკის თავზე, დროშაა აღმართული, რომელიც დიდად სავარაუდოდ სამეფო დროშაა. ხსენებული ნახატი 1634 წლის ქუთაისს აღწერს.

კასტელის ალბომის კიდევ ერთი ნახატი, # 92, წარმოგვიდგენს მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევრის ქუთაისის ციხესა და ე.წ. “ზედა-ქალაქს“. ხსენებული ნახატი იმერეთის მეფის, ალექსანდრე მესამის ზეობისას (1639-1660 წ.წ.) არის შექმნილი.

კრისტოფორო დე კასტელის ნახატების მეშვეობით ჩვენამდე მოაღწია არაერთი ქართველი მეფის, მთავრის, სხვა მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწისა თუ ცნობილი პიროვნების სახეებმა, რომელთა უმრავლესობის გარეგნობა კასტელის ალბომის გარეშე არ გვეცოდინებოდა. ამ ალბომის მეშვეობით იმჟამინდელი საქართველოს ზოგადი მდგომარეობის ამოკითხვაცაა შესაძლებელი, მათ შორის ქუთაისის მაშინდელი რეალობისა და პოლიტიკური თუ სოციალური ყოფა-ცხოვრების.

ფოტო: კასტელის ნახატი “ყაბახი ქუთაისში”, სადაც გამოსახულია ყაბახის თამაში ქუთაისში

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები