ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველ საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა.
ამავე ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთი არის გათავისუფლებული.
დაკავების ფაქტს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა განმარტავს, რომ მშობლებში პანიკაა და სხვა გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
სკოლის მიმდებარედ მამაკაცის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და აცხადებენ, რომ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს.
ქუთაისში სკოლებთან უცნობი პირების გადაადგილების და ბავშვების გატაცების მცდელობის ფაქტებზე აქტიურად საუბრობენ ბოლო პერიოდში. მშობლები აცხადებენ, რომ სკოლის ჩატებში მასწავლებლების მიერ ხდება გაფრთხილება და მოუწოდებენ მათ, არ დატოვონ ბავშვები მარტო.
კომენტარები