1918 წლის 26 მაისი ერთ-ერთი განსაკუთრებული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თარიღია საქართველოს მრავალათასწლიან ისტორიაში. ამ დღეს ჩვენმა სამშობლომ აღიდგინა რუსეთის მიერ ერთ საუკუნეზე მეტი დროის მანძილზე უკანონოდ წართმეული თავისი უძველესი სახელმწიფიოებრივი დამოუკიდებლობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ბუნებრივია, ქვეყნის ცხოვრების დღის წესრიგში დადგა არაერთი საჭირბოროტო საკითხი. აუცილებელი იყო დროული რეაგირება და გონივრულ გადაწყვეტილებათა მიღება.
1918 წლის მაისის მიწურულშივე გაიმართა ქუთაისში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლების კრება, რომელიც მოიწვია გუბერნიის კომისარმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა. აღნიშნული კრების მოწვევას წინ უძღოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის დეპეშა გუბერნიის კომისარისადმი. ხსენებულ დეპეშაში ვკითხულობთ:
“27 მაისს ოსმალეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა ულტიმატუმი, რომელიც წარმოდგენილი იყო ამიერკავკასიის მთავრობის სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარისადმი. ოსმალეთი მოითხოვს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს და ამიერკავკასიის რკინის გზით სარგებლობას. პასუხს ითხოვენ სამი დღის განმავლობაში. ამისთვის საჭიროა მოვახდინოთ ძალთა მობილიზაცია და ფრონტზე გაიგზავნოს“, – ნათქვამი იყო დეპეშაში.
ამ დეპეშის მიღების გამო გუბერნიის კომისარმა 1918 წლის 28 მაისისთვის მოიწვია ქუთაისში იმხანად არსებული ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების თათბირი. ასევე, იმავე დღეს, ქალაქის საბჭოში დანიშნული იყო საბჭოს კრება, რათა განსახილველი საკითხები ფართო წრეში ყოფილიყო წარმოდგენილი. პარტიათა წევრების კრება შედგა ქალაქის საბჭოში, სადაც ხმოსნები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ 1918 წლის 28 მაისს, საღამოს 18 საათისთვის.
კრება მუშაობას შეუდგა 20:00 საათზე. ის შესავალი სიტყვით გახსნა გუბერნიის კომისარმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა, რომელმაც დამსწრეთ გააცნო სამხედრო მინისტრისაგან მიღებული დეპეშის შინაარსი, მასში ასახულ საკითხთა ირგვლივ არსებული ზოგადი ვითარება და აღნიშნა:
“ბატონებო! ასეთი შერეული კრება ქალაქის ხმოსნებისა და პარტიების წარმომადგენლებისა შემთხვევითი არ არის. ჩვენ ცნობა მოგვივიდა, რომ მოგვეწვია პარტიათა წარმომადგენლები და გაგვემართა აზრთა გაზიარება ჩვენის ბედის, ჩვენის არსებობის შესანარჩუნებლად; მაგრამ რადგანაც ამ დარბაზში ამავე დროს დანიშნული იყო საბჭოს კრება, განვიზრახეთ კრება შეგვეერთებინა, რომ თათბირს უფრო ფართე ხასიათი მიეღო“, – განაცხადა გუბერნიის კომისარმა.
კომისრის გარდა შეხვედრაზე სიტყვებით გამოვიდნენ პოლიტიკოსები: ა. თორაძე, გრ. გველესიანი, მ. ბერძული, მეგრამიძე, გრ. ურატაძე.
ა. თორაძემ თავის სიტყვაში აღნიშნა:
“ჩემის აზრით, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ვეღირსეთ, უნდა ვეცადოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავათ… თუ კი უწინ ამიერკავკასიის დასაცავათ სისხლს ვღვრიდით, მითუმეტეს ამჟამად უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და მოვახდინოთ სხვადასხვა მიმდინარეობათა ძალების შეერთება“, – განაცხადა ა. თორაძემ.
იმხანად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კრება გაგრძელდა მეორე დღესაც, 1918 წლის 29 მაისს და საბოლოოდ მიიღო დადგენილება:
„1) მოსპობილ იქმნეს პარტიული რაზმები და შესდგეს მთლიანი ჯარი; 2) მობილიზაცია მოახდინონ 35 წლამდის, თანახმად მთავრობის განკარგულების; 3) ჯარში გამოწვეულებმა წამოიღონ ერთი კვირის საყოფი საგზალი; 4) მოგვარდეს სურსათის საკითხი ჯარისათვის; 5) შესდგეს კომისია, რომელიც მოაწყობს მიტინგს და პროვინციებში დაგზავნის ინტერპარტიულ მფრინავ კომისიებს, რომ ხალხს შეაგნებინონ მობილიზაციის აუცილებლობა; 6) შესდგეს კომისია, რომელიც შეკრებს სესხს ყველა პროფესიის მცხოვრებლებისასაგან ომის საჭიროებისათვის“, – ნათქვამი იყო 1918 წლის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქუთაისში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლების პირველი კრების დადგენილების ოქმში.
აღნიშნული კრება და მის მიერ მიღებული დადგენილება ნათელს ხდის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული ქალაქი ქუთაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე აქტიურად და თავისი ისტორიული პატივის შესაბამისად ჩაერთო ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მისიაში.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
ფოტოზე: ბენიამინ ჩხიკვიშვილი
კომენტარები