მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მრავალპროფილური სოციალური საწარმოს პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში მრავალპროფილური სოციალური საწარმოს პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, სამხატვრო გალერეა “ვარლაში“ მრავალპროფილური სოციალური საწარმოს პრეზენტაცია გაიმართა. ადგილზე  საწარმოში დასაქმებული ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ორგანიზატორი არასამთავრობო სათემო ორგანიზაცია “რუბიკონია”, რომლის  პროექტის “ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციართა პროფესიული განვითარება და დასაქმება” ფარგლებშიც შედგა აღნიშნული პრეზენტაცია.

ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება სოციალური საწარმოს შესაძლებლობების, ადამიანური თუ მატერიალური რესურსებისა და პოტენციალის შესახებ.

ღონისძიების და სოციალური საწარმოს შექმნის და ბენეფიციართა ჩართულობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “რუბიკონის” კოორდინატორს  ზაზა ქარჩხაძეს ვესაუბრეთ:

“სოციალური საწარმო შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარების სწავლება და დასაქმება. შევიძინეთ საჭირო  დანადგარები, რათა სოციალური საწარმო გაგვეხსნა. მოვიწვიეთ ბენეფიციარები, რომლებმაც შეისწავლეს სადურგულო და სამკერვალო საქმე, ქარგვა, ფლორტისტობა, ხმის ოპერატორობა. სწავლების შემდეგ დასაქმდა 10 ადამიანი. მათთვის გახსნილია სადურგლო  და სამკერვალო საამქროები. აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ექსკლუზიურ ნივთებს ამზადებენ. სწორედ მათი ნამუშევრებია გამოფენილი გალერეა „ვარლაში“. ჩვენი ბენეფიციარები არიან ძალიან ნიჭიერი და  მონდომებული ადამიანები“, – აცხადებს ზაზა ქარჩხაძე.

დავით ფორჩხიძე, პროექტის კრეატიული მენეჯერი და პროფესიით ფსიქოლოგი, ამავე დროს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მონაწილეა. დავითი აცხადებს, რომ ამ თემის წევრები საზოგადოების მხრიდან ხშირად გარიყულები არიან, ხოლო მსგავსი ტიპის პროექტები მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

“კარგი იქნებოდა, არა მხოლოდ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის, არამედ სხვა პრობლემური ჯგუფებისთვისაც  იყოს მსგავსი შესაძლებლობები. გულწრფელად გეტყვით,  ხშირად არ გვიყურებენ, როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრებს. არადა, ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ფსიქოაქტიური ნივთიერების მომხმარებლების თემშია და გენიოსები არიან. ძალიან მენანება, რომ ისინი არიან ჩრდილში. ამ პროექტის მიზანიც სწორედ მათი ჩრდილიდან გამოყვანა  და სოციუმში მეტად ჩართულობაა“, – განაცხადა დავით ფორჩხიძემ.

სოციალურ საწარმოში დურგლობა შეისწავლა კიდევ ერთმა ბენეფიციარმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა:

“მე ჩავერთე ამ პროექტში, როგორც მონაწილე. ხის დამუშავება მასწავლეს. ბევრი რამ  ვისწავლე ამ საამქროში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ დასაქმება, აქ ენერგიის დახარჯვამ და დატვირთვამ ჩვენში ძალიან დიდი კომპენსაცია მოახდინა. შესაბამისად, ემოციურადაც ძალიან დამამშვიდებელია ეს საქმიანობა“, – განაცხადა სოციალური საწარმოს თანამშრომელმა.

პროექტი “ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციართა პროფესიული განვითარება და დასაქმება” მიმდინარეობს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობის და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ მესამე მხარის ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაცია მომზადებულია “ინფო იმერეთის“  მიერ  ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“.
მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „I (პირველი) ბლოკი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

კომენტარები