მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე,  სამხედრო ტექნიკა და სხვა კულტურული, შემეცნებით, გასართობი  დეკორაციებია მოწყობილი.

ადგილობრივები ქვეყნის დამოუკიდებლობას ზეიმობენ და იმედოვნებენ, რომ ოკუპანტი რუსეთი ვეღარასოდეს შეძლებს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას.

“გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, მისი  მეგობარი ევროპული ქვეყნებით და ამერიკით. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთისგან საბოლოოდ ვდისტანცირდებით. ჩვენი მომავალი ევროპაშია”, – ამბობს ადგილობრივი ლილე მანაგაძე.

ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 106 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, კვირას, 17:00 საათსა და 10 წუთზე დამფუძნებელი კრების წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მათივე ხელმოწერით შეიქმნა დამოუკიდებლობის აქტი.

პირველი ქვეყანა,რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ აღიარა არგენტინა იყო. 1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. გაიმარჯვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ.

დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლით, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციამდე, 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება. იმჟამინდელ მთავრობას კი, იძულებით ემიგრაციაში მოუწია წასვლა.

 

კომენტარები