მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარები მეზობლებმა შენობაში არ შეუშვეს

ქუთაისში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარები მეზობლებმა შენობაში არ შეუშვეს

ქუთაისში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ “ღია სახლის” ბენეფიციარები და თანამშრომლები დღეს მეზობლებმა შენობაში არ შეუშვეს.

“რამდენიმე მეზობელთან ერთად ჩვენს ცენტრს – “ღია სახლს“ საერთო შესასვლელი ეზო აქვს. დილის ცხრა საათზე იწყება ჩვენი სამუშო საათები. ცხრას რომ ათი წუთი აკლდა მოვედით და ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა. გარეთ დავრჩით თანამშრომლები, ბენეფიციარი ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ვერც ეზოში შევდიოდით და ვერც შენობაში. მეზობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ დისკომფორტი ექმნებათ ჩვენი ბენეფიციარებისგან. მეზობლებს უწევთ ამ ეზოს გავლა, სადაც ბავშვებიც გამოდიან ხოლმე. ბევრი ხალხი მოძრაობს ჩვენს ცენტრში და ხშირად აღნიშნავენ მეზობლები, რომ არასასიამოვნოა მათთვის „ასეთი ბავშვების“ ყურება. ასე განმარტეს ჩვენთვის ჭიშკრის ჩაკეტვის მიზეზი“, – აცხადებს “ღია სახლის” თავმჯდომარე ნინო კილაძე.

კილაძის თქმით, ცენტრის თანამშრომლებს შენობაში შესასვლელად და ჭიშკრის გასაღებად პატრულის გამოძახება დასჭირდათ. მეზობლებს, რომლებმაც ჭიშკარი ჩაკეტეს, სხვა უბნებიდანაც ჰყავდათ მიყვანილი მოსახლეობა მხარდასაჭერად.

“ბათუმელების” ინფორმაციით, როგორც ირკვევა, ეს “ღია სახლისთვის” პრობლემის შექმნის პირველი შემთხვევა არ არის და მათ 4 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე მოუწიათ შენობის გამოცვლა მეზობლებისგან მსგავსი დამოკიდებულების გამო.

ცენტრი “ღია სახლი“ ფსიქოლოგიურ სერვისებს სთავაზობს შშმ, ცერებრალური დამბლისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს

ორგანიზაცია ბენეფიციარებს უფასოდ ემსახურება – ცენტრს ფინანსურად მხარს უჭერს ქუთაისი მერია და ჯანდაცვის სამინისტრო.

კომენტარები