რამდენიმე დღის წინ, ძლიერმა ქარმა ქუთაისის ყოფილ პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა წაიღო. რთული სათქმელია, თუ როდის დაუბრუნდება დაზიანებული დროშა საკუთარ ადგილს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს დროულად მოხდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია წერს.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აუცილებელია, აქტიურად დაიწყოს ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნებაზე საუბარი.
“ევროკავშირის დროშის დაზიანება, ჩემთვის სიმბოლური აღმოჩნდა, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაშიც ქუთაისის ყოფილი პარლამენტი იმყოფება. შენობა, რომელიც ქვეყნის გადასახადის გადამხდელებს ასობით მილიონი ლარი დაუჯდათ, დღეს მიტოვებული და ცარიელი, ყოველდღიურად ნადგურდება. მას არც ძველ ფუნქციას უბრუნებენ და არც ახალს სძენენ.
საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვფიქრობ, აუცილებელია, აქტიურად დაიწყოს ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნებაზე საუბარი. პარლამენტის და რიგი სახელმწიფო უწყებების ქუთაისში გადმოტანა უმნიშვნელოვანესია, არა მარტო ქუთაისის ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც.
პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება არის საკითხი, რომელიც ქუთაისელთა უმრავლესობას აერთიანებს. იმედი მაქვს, ეს განწყობა ფართო პოლიტიკურ სპექტრშიც აისახება და 2024 წლიდან ძალიან მალე ვიხილავთ საქართველოს პარლამენტს უკან, ქუთაისში!”, – წერს ელეონორა არჩაია.
კომენტარები