ქუთაისში, ჯომარდობის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.
ჯომარდობის გამშვები ბაზა მოეწყობა ლესელიძის ქუჩაზე, მიმღები ბაზა კი – დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.
გამშვები ბაზა განკუთვნილია მდინარეზე საჯომარდო ნავების დაშვების დასაწყებად, ხოლო მიმღები ბაზა – დაშვების დასრულებისთვის.
შენობებში მოეწყობა მიმღები სივრცე, გასახდელი და საშხაპე მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის, პერსონალის ოთახი, სველი წერტილები, ვერანდა. პროექტი ითვალისწინებს ფასადის მოპირკეთებას და შიდა სარემონტო სამუშაოებს, ასევე მდინარეში ჩასასვლელი ბეტონის ბილიკისა და ნავმისადგომის მოწყობას.
ჯომარდობის სპორტული ბაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობას საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა აფინანსებს და 1 844 097 ლარია განსაზღვრული.
სამუშაოებს შპს “ინჟმშენი 96“ ასრულებს. ჯომარდობის სპორტული ბაზის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.
კომენტარები