მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ღამით დაიძინა და დილით ვეღარ გაიღვიძა” – თერჯოლაში ახალგაზრდა სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა

“ღამით დაიძინა და დილით ვეღარ გაიღვიძა” – თერჯოლაში ახალგაზრდა სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა

თერჯოლაში სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

აჩი ბარდაველიძე სოფელ ბარდუბანში მცხოვრებია.

ოჯახი ამ ეტაპზე მედიასთან საუბრისას თავს იკავებს, თუმცა აცხადებენ, რომ ახალგაზრდა დილით გარდაცვლილი დახვდათ.

“არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ბრწყინვალე ოჯახის შვილი. საცოდავმა ღამით დაიძინა და დილით გარდაცვლილი დახვდათ. მთელი რაიონი ვგლოვობთ”, – აცხადებს მეზობელი.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, აჩი ბარდაველიძემ ნარკოტიკული საშუალება აჭარის მთავრობის განათლების მინისტრის მოადგილის თამარ გუდავას შვილთან, ანა გუდავასთან ერთად მიიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ანა გუდავა 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

3 მარტს, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „ლოკაციებიდან“ ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

კომენტარები