ღანირი – სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ჭაგანი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, ხონი–სამტრედიის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 55 მეტრი, სამტრედიიდან 10 კილომეტრი. სოფელში მოქმედებს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.
1926 წლისთვის ღანირ-ჭაგანის თემი შედგებოდა სამი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3949 ადამიანს, ხოლო ფართობი 35,2 კმ²-ს.
სოფელ ღანირის სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ, დოკუმენტური წყაროს სახით მონაცემები არ არსებობს. გადმოცემის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია გაუვალი ტყით იყო დაფარული და სამეგრელოდან გამოქცეულ ყმა-გლეხებს შეუფარებიათ თავი, შემდეგ აქვე დასახლებულან. აქაურობა არ გამოირჩეოდა მდიდარი მიწებით. მიწის სიმწირისა და სიღარიბის გამო, ადგილობრივებს, ტერიტორიისთვის, ღანირი დაურქმევიათ. სახელწოდება “ღანირი“ ძველი ქართული სიტყვაა და მწირ, მოუსავლიან მიწას ნიშნავს.
ღანირში პირველი სკოლა 1905 წელს გაიხსნა. სკოლა ორკლასიანი იყო, სწავლება – ფასიანი, გადასახადიდან მხოლოდ ღარიბი მოსწავლეები თავისუფლდებოდნენ. 1935 წლის სექტემბერს ღანირში დაარსდა პირველი საშუალო სკოლა. სკოლა დაამთავრა მეორე მსოფლიო ომის გმირმა აკაკი ტერელაძემ, რომლის სახელიც სკოლას მიენიჭა.
კომენტარები