ქუთაისის მოქალაქეები საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას, შს მინისტრს და ქუთაისის მერიას პეტიციით მიმართავენ და კოლორიტების ბიუსტების აღდგენას ან დაბრუნებას მოითხოვენ.
“ღირსება აყრილი ქუთაისის გადასარჩენად
აღშფოთებული, ღირსებააყრილი ქუთაისელები მოგმართავთ. ორ თვეზე მეტია, რაც ქუთაისში დაფიქსირდა ვანდალურ-კრიმინალური ფაქტები. იძარცვება ქალაქისა და ქვეყნისთვის შეწირული ადამიანების საფლავები საფიჩხიის, ოღასკურის და მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან. ერთ ღამეში გაქრა უამრავი კოლორიტის ბიუსტი. ესენი იყვნენ ცნობილი ექიმები, მხატვრები, სპორტსმენები, განათლებისა და ხელოვნების მუშაკები, ადამიანები რომლებიც საკუთარ შემოსავალს ქუთაისის აღორძინებასა და ხალხის კეთილდღეობას ახმარდნენ. ეს ბიუსტები მათ მადლიერმა საზოგადოებამ დაუდგა.
ქუთაისის ფასდაუდებელი საგანძურის ძარცვა გრძელდება სამართალდამცავი ორგანოების ე.წ. „ჩასაფრების“ პერიოდშიც. განადგურდა ქუთაისის მე-20 საუკუნის ისტორია. თითოეული ეს ბიუსტი ამ ისტორიის მატარებელი იყო.
მიგვაჩნია, რომ ქალაქის თვითმმართველობა, რომლის უშუალო დაქვემდებარაშია სასაფლაოების მართვის ორგანიზება, გულგრილობას იჩენს საქმისადმი. რომ არა ჩვენი საზოგადოების აქტიურობა, საქმის მიჩუმათებასაც ცდილობენ მთელი ეს პერიოდი. ასევე მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაჯეროვნად, გულგრილად და არასრულფასოვნად ახორციელებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს.
მოვითხოვთ სასწრაფო წესით პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა პირად კონტორლზე აიყვანონ ეს საქმე და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოახდინონ კრიმინალთა იდენტიფიცირება.
ვალდებულებას ვაკისრებთ ყველა იმ ინსტანციას, ვინც გამქრალი ბიუსტების კონტროლი ვერ მოახდინა.
დააბრუნონ ან აღადგინონ კოლორიტების ბიუსტები. და თუ ამას ვერ მოხარხებენ, დატოვონ ის თანამდებობები ასე თავმომწონედ რომ უკავიათ.
სირცხვილია!!!
საამაყო ქალაქი – სამარცხვინო ქალაქად იქცა.
აღუდგინეთ ქუთაისს ღირსება!“, – აღნიშნულია ტექსტში.
კომენტარები