მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“..ღმერთი ვარო..”

“..ღმერთი ვარო..”

ალბათ, არცერთ სპექტაკლს არ მოუხდებოდა ხელის მტევნებზე დატეული მთავარი გმირის მინიატიურული თოჯინა ისე, როგორც „ცამეტს“, როგორც გალაკტიონს, როგორც გენიოსს, როგორც ერთნაირად ძლიერს და სუსტს საკუთარ არსებაში, როგორც პოეტს – რეალურის და მისტიკის ზღვარზე მსუნთქავს და მოცახცახეს, როგორც გაორებულს, გაყოფილს – უშიშარს და მფრთხალს, ბობოქარს და მდორეს, აღტაცებულს და სევდიანს..  გალაკტიონს.. შეყვარებულს და ამ სიყვარულზე ამოფარებულს, ერთად.

“ცამეტი“ კარგიცაა და ცუდიც იმიტომ, რომ გალაკტიონზეა. არ იცი ამ დროს სპექტაკლზე ილაპარაკო, თუ მის  შთამაგონებელზე, სტიქიასავით რომ გადაუარა ქართული საბჭოთა ლიტერატურის მაკულატურას, რომელშიც ასობით სახელი და გვარი მოყვა გალაკტიონის ცეცხლოვანი მუსიკის  ქვეშ და დაიკარგა..

ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლში, რომელიც მცირე სცენის რეპერტუარია (ესეც გალაკტიონის თანდაყოლილი ბედისწერით, არადა სულ მასშტაბები უნდოდა), “პოეზიის მეფე“ დღენაკლული უფლისწულივით იბადება იქვე, შენს თვალწინ, დედის (ინგა კაკიაშვილი) წითელი ტკივილით სავსე კალთაში და რამდენიმე შავი ხელთათმანის დახმარებით. სევდიანია დასაწყისიც, ისე, როგორც მისი სიცოცხლის გაგრძელება. “ვერხვის ფოთლების“ ტლანქად მოტივტივე ნოტებში მსახიობი გიორგი შალამბერიძე (გალაკტიონი) მისი გმირის თოჯინასთან ერთად გადის ბავშვობის ფრაგმენტებს, სულის ტკივილებს, სიყვარულს და თვითმკვლელობას – ფრენას ზეციდან მეორე ზეცამდე.. ეს ცამეტი მეტრი ცამეტი ეპიზოდივით იკინძება მცირე ამბავში დიდ ადამიანზე.

დიდხანს ვიკავებდი თავს ამ სპექტაკლზე ბლოგი რომ დამეწერა. თვითმკვლელობაა მაინც..

იშვიათია ადამიანი, რომელიც ამ ბუმბერაზში პატარა ბავშვის უმწიფრობას ვერ ხედავს. ალბათ, ეს დაუბერებელი მატერიაა გენიალურობის მთავარი სუბსტანციაც.

ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლში ერთ გრძელ, წითელ მაგიდასთან მოიკრიბა პოეტის სიყრმეც და ცხოვრებაც. ცოტაა მისთვის. ცოტაა, როცა ამდენი იყო სათქმელი – სიყვარული და სიძულვილი, მტრობა და შიში, აღიარების სურვილი და მიუღებლობა,  მისი ვნებათა ღელვა ყველა საზღვარს გაცდენილი, ამხელა პოეზია და ასე მცირე ჩივილები – ღვთიურის და მიწიერის დატოლება. ზუსტად ამ ბოლო წინადადებას უხდება ნამდვილი გალაკტიონი (გიორგი შალამბერიძე) და გალაკტიონის უსათნოესი თოჯინა ერთად, როგორც მთლიანი, ჩვეულებრივ ადამიანში ვერდატეული სულის კრისტალები.

ერთი ფრაგმენტია ბიძასთან (ნიკოლოზ ჯანგავაძე) დიალოგის, როცა მაყურებელს ეჭვი გიჩნდება ამ უსიამოვნო სიტყვებს ხომ არ ჰქონდა მაგიური ინერცია ბიძაშვილების პოეტური დუელებისკენ დაუსრულებლად? რა იყო ეს? ცისფერყანწელების დაუღლელი ბრძოლა გალაკტიონის სახალხო მგოსნობასთან, ორდენებთან – მიღებულთან და მიუღებელთან, პრეზიდიუმებში ყოფნა-არყოფნასთან, დეკადებზე გამოჩენა-არგამოჩენასთან, ყველაფერთან ბრძოლა, რაც ამ ბუმბერაზ ბავშვს ასე უნდოდა და არ ემეტებოდათ მისთვის?

ულამაზესია და მტკივნეული ოლღასთან ქორწინების სცენა (ანა ჩოგოვაძე). წითელფატიანი ქალის “პასპარტუში“ როგორ ფრთხილად აბიჯებს გალაკტიონის თოჯინა და როგორი მოკრძალებით ეკვრება გულისპირზე, დედის და ცოლის ერთიანობას მოწყურებული. არცერთი სხვა ქალი ნახსენებიც არ არის მისი ბიოგრაფიიდან. მხოლოდ დედა და ოლო – მისი მთავარი მუზა და ენისამდგმელი, ბედნიერების და უბედურების ერთნაირად, საბედისწეროდ მატარებელი არავის მსგავსი არსება – ოლღა.. სწორად აირჩია რეჟისორმა. თუ ერთი უნდა ყოფილიყო, ის ერთია. ის ერთადერთი, ვისთანაც სამყაროს ფლობა ისწავლა პოეზიის მეფემ.

როცა სპექტაკლს ვუყურებდი, მეგონა ყველას გაუთქმელი ტკივილი გვაერთიანებდა – მე და მსახიობებს, რაც სხვებზე მწარედ ვიცით – თვითმკვლელობისკენ მეეტლე-დემონები პოეტის დაკაწრულ სულში, შეუნელებელი სწრაფვით მიწიდან ზეცამდე – შეშლილი გზა – აღტაცების წყურვილს რომ ჭაობი ცვლის და პირიქით.

<<დამდაგველი აფრებით, ჩვენ რომ ირგვლივ გვედება,
იგი, მხოლოდ გაფრენა, არის შემოქმედება >>

და მაინც გაფრინდა ბუმბერაზი სხეულით და ბავშვური სულით. სხვა კაცი იყო..

ესეც შეშურდათ. შეშურდათ და გალაკტიონის ლექსების უთვალავ ფოლიანტს, გამაოგნებელი ფსიქოზივით დააჩნდა სიცოცხლეშერჩენილი კიდევ ერთი ცისფერყანწელის, კოლაუ ნადირაძის ურცხვი ბალღამი, სიტყვებად და წყევლად.. რა უცნაურია. სიკვდილის მერეც კი..

1916 წელს გალაკტიონი ქუთაისიდან და ქუთაისზე  ოლიას წერდა  <<აქ (ქუთაისში) ვგრძნობ მხოლოდ, რომ ღმერთი ვარ!>> – რა უნდა ითქვას ამ ქალაქზე, უფრო ძვირფასი?

კარგია, რომ ჩვენი თეატრის  რეპერტუარს აქვს პატარა ტრაგედია ამ დიდ პოეტზე. ტრაგედია ერთ მოქმედებად, თუნდაც.

არაჩვეულებრივი სიფაქიზით მართვადნენ გალაკტიონის თოჯინას მსახიობები: აბელ სოსელია, გიორგი ქართველიშვილი, ნიკა ძნელაძე – თითქოს მართლა ნამდვილ გენიოსს დაატარებდნენ საკუთარ ხელისგულებზე ფრთხილად და უმტკივნეულად.

ყური მეწვოდა სოფელში ჩატოვებული დედის გაუბედავი ხმით მოხმობაზე (ინგა კაკიაშვილი): “გატუნია, გატუნია, გატუნია…“, როცა გიორგი შალამბერიძის გალაკტიონი, ალიტერაციული შეშლილობით,  საბედისწერო ფრენისთვის ამზადებდა ამწვარ სულს და სხეულს..

ფაქიზი და სულისმიერი იყო იოანე იმედაძის ამ ამბავში ყოფნაც.

ყველასთან მქონდა შინაგანი დიალოგი, ყველასთან, ვინც “ცამეტის“ ტკივილს მიყვებოდა და მაჩვენებდა სცენაზე – ნაცნობს და მტკივნეულს.

და პატარა თოჯინა “გალაკტიონი“ განსაკუთრებული ქმნილება იყო მათ შორის – ბოლოს, დავიწყებულივით დარჩენილი, სცენის ერთ კუთხეში… ტრაგედიის ბოლო ნოტი.

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები