საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელების დაჯილდოვებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოლიმპიელების მიღება და დაჯილდოება დღეს 15 აგვისტოს, ნაჩქარევად, დახურულ სივრცეში არ უნდა გაიმართოს, როგორც ეს მთავრობას აქვს გადაწყვეტილი.
“ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეხება ოლიმპიელებს და ოლიმპიელების დაბრუნებას. მე მინდა, პირველ რიგში, მათ, ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება. არა მხოლოდ იმათ, ვინც დაბრუნდა მედლებით და ძალიან გაახარა საქართველოს საზოგადოება, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო, რამეთუ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ვმონაწილეობდეთ ამ დონეზე ამდენი გამარჯვებით. 24-ე ადგილი არ არის ეს ხუმრობა და მე მგონია, რომ მთელი საზოგადოება, მართლაც ზეიმობს მათთან ერთად.
დღეს, პირველ საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს რვა საათზე იქნებოდა დახვედრა ოლიმპიელების, დაჯილდოება. მე არ მჩვევია კინკლაობა, სხვა დონის პოლიტიკური გასარჩევი საკითხები გაგვაჩნია. მე მაქვს ორი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება დღეს მათი სასწრაფო დაჯილდოება, იმიტომ, რომ ეს არის სერიოზული საქმე, მაგრამ არის სხვა ორი მთავარი მიზეზი – ერთი, რომ მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად და მე ვაპირებ სახალხო ზეიმის მოწყობას და მეორე – რომ პარალიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება რვა სექტემბრამდე. წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას, რომ როგორ შეიძლება ჩვენ ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება ცალკე ოლიმპიადის მონაწილეებმა და ცალკე პარალიმპიელებმა. არა, არანაირი დისკრიმინაცია. ეს არის მიუღებელი. ყველას ერთად მივიღებთ, ოლიმპიელებს თუ პარალიმპიელებს. გელოდებით სექტემბერში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები