მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ყველა ფორმით, რომელიც არ მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, უნდა ვებრძოლოთ ამ რეჟიმს”

“ყველა ფორმით, რომელიც არ მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, უნდა ვებრძოლოთ ამ რეჟიმს”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თევდორაძე პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმაურება.

მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ გუშინ ნახა, ყველანაირი საერთაშორისო ნორმების და დემოკრატიული პროცესების უგულველყოფაა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომს ჰყავს ყველაზე უფრო მყარი მოკავშირე და ეს არის საქართველოს ხელისუფლება.

“მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მიეჩვია “ქართული ოცნების” მხრიდან გაუგონარ სისატიკეს, უპასუხისმგებლობას, უგულველყოფას ყველანაირი საერთაშორისო ნორმების და დემოკრატიული პროცესებისა, ის, რაც ვნახეთ გუშინ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. მესამე პრეზიდენტის პატიმრობის ამსახველი და დამამცირებელი კადრები ეს არის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა. შეფასებების მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დღეს საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომს ჰყავს ყველაზე უფრო მყარი მოკავშირე და ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსული ხელისუფლების დანამატას წარმოადგენს. დღეს ადამიანების ტვინის რეცხვა ხდება რუსული მეთოდებით.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს ამას. ყველა ოპოზიციონერის და ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ ყველა ფორმით, რომელიც არ მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, უნდა ვებრძოლოთ იმ რეჟიმს, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია”, – განაცხადა გიორგი თევდორაძემ “ინფო იმერეთთან” საუბრისას.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების “სწორად ინფორმირება” იყო.

კომენტარები