მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შენ ხარ ღმერთი?

შენ ხარ ღმერთი?

ეს ახალგაზრდები ქართული თეატრის (საბჭოური მოდელის) საუკუნოვანი ისტორიებით მხრებდამძიმებული არ მოძრაობენ. იქნებ, ამიტომაც აქვთ სხეულში და ხმაში ამდენი თავისუფლება, ამდენი სილაღე? არ ეფარებიან სხვების შექმნილ ტრადიციას,  წლების წინ სხვებისგან გაწეულ ღვაწლს თუ ფსევდოღვაწლს (დიდი ხანია დავიბენი „კარგის“ და „ცუდის“ ნამდვილ კატეგორიებში). უბრალოდ, ეძებენ! ეძებენ გზებს, ახალ სიტყვებს, ახალ განცდებს, ახალ ფორმებს, ახალ აღფრთოვანებებს, ახალ ტაშს, ახალ სივრცეს, ახალ წინააღმდეგობებს და ახალ თანაგრძნობებს. სიკეთეს ეძებენ საკუთარი შემოქმედებით. ეძებენ, როგორც შეუძლიათ. ეძებენ ღმერთს და ეძებენ ადამიანს.  

ყველაფერს, რასაც გვგონია თავიდან ვქმნით, ოდესღაც ყავდა სხვა ავტორები. მათნაირები. დაუოკებლები. მჩქეფარეები. ზღვარდაუდებლები. გამომწვევები. ჰორიზონტის მჭრელები. მიუღებლები. მერე აღიარებულები. ასეთი ომისგან დაღლილებიც და ასეთ ომში გამარჯვებულებიც. მათი პირი სავსეა იმაზე სალაპარაკოდ – რა არის თეატრი. ზუსტად ისე ჭარბად და სწრაფად მოძრავი სისხლივით ძარღვებში, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას შეუძლია.

დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“ რამდენიმე თვეა უკვე ჩემს ინტერესს აწვალებს. როცა გავიგე, თბილისის ცირკში „დონ ჟუანს“ თამაშობდნენ, და მხოლოდ ერთი დღით (!), თვალებში (თვალები, როგორც სულის სარკე 🙂 ) ეშმაკები ჩამისახლდნენ. ერთგული ძაღლივით ვსდიე ყველა ახალ ამბავს, ყველა კადრს, ყველა ინტერვიუს. სანახაობას ვერ დავესწარი, მაგრამ ყველა სენსორით მივხვდი – ეს განაცხადია- დონ ჟუანი და კომანდორი – როგორც ახალი და ძველი თეატრის (ზოგადი „ახალი“-ს და „ძველი“-ს)  თვადაუზოგავი ორთაბრძოლა. ყველა დროის მოსალოდნელი დუელი, ვიდრე ახალგაზრდა ხარ!

21 ივლისს „ხვლიკი“ მესხიშვილში „ღმერთებს“ თამაშობდა!

მოკრძალებული სცენოგრაფია. ერთი თეთრი კვადრატი და ამ კვადრატ(ზე)თან მჭიდროდ მიდგმული რვა სხეული, შიშველი ტერფებით და თეთრი პერანგებით:

-შენ ხარ ღმერთი!

პირველი ფრაზა და ასოციაციები სამყაროს ყველაზე თავხედ ფრიდრიხთან(ნიცშესთან). ჩემი, ან სხვისიც. ჩემი, ან ყველასი. „შენ ხააარრრ ღმერთი“ -ნელ-ნელა ყველა მათგანის ხმით, ჟღერადობით, თვლით, რიტმით – ულამაზესი მუსიკა ხდებოდა, ჯერ მშვენიერი, კეთილი, მელოდიური, მერე ცოტა გატეხილი, ამბიციური, უფრო ცოტაც და ისტერიული, უფრო ცოტაც და გიჟური, და მე ამ ბგერების არეულობაში ვგრძნობდი როგორ ვხდებოდი ერთი შეკითხვის ტყვე : და მერეეე? როცა გეშინია ამხელა გამოწვევა უცებ არ გაქრეს, უცებ ისე არ შეიცვალოს, რომ დაგავიწყდეს მსახიობისგან/ღმერთისგან ყურში მწარედ ჩარჭობილი ფრჩხილი, უცებ ეს ანთებული რვა წყვილი თვალი ამ ნაპერწკლებისგან არ გაიძარცვოს და ატრაქციონიდან არ ჩამოვარდე..

თეატრალური ატრაქცია გაგრძელდა. ისე გაგრძელდა, ჩასუნთქვაც ვერ მოვასწარი. გაგრძელდა ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანის“ ადაპტირებული ვერსიით (თითქოს მთელი ამ ცოცხალი ორგანიზმის ლამაზი ტორსი იყო)  და მერე სისხლისგამყინავი მანიფესტით –

„თეატრი არის  ეს!!“  

„თეატრი არის ტაძარი, სადაც მოდიხარ შენი ღმერთების სანახავად“!!

„მარადიული ბავშვობის აკვანი“!!

„სიკეთე და დიდსულოვნება“!!

ფრაზა „სიკეთე და დიდსულოვნება“ როგორც ლაზერის ნათება, ისე  აპობდა მესხიშვილის მცირე სცენის დარბაზს და  მე  ყველაზე მეტად მჯეროდა მათი სულისკვეთების ამ სიტყვებში! ამ ლოცვაში! რადგან ახალგაზრდები იყვნენ, მართლები, ძარღვებშიშვლები, ფეხშიშვლებიც, დაუღლელები, სტანდარტულ ზღვარს გადასულები, ამოფრქვეულები,  ნიჭიერები, ენერგიულები, მრავალფეროვნები და ეს ყველაფერი ერთ თეთრ კვადრატზე! თეთრ სამოსში! სიკეთის ძიებით, პროტესტით და მანიფესტით!

“ხვლიკმა“ ჩვენს მზისფერ შენობაშიც გაიბრწყინა და გაქრა. გზა გააგრძელა. მას არ აქვს საუკუნოვანი ტრადიციების თეატრალური სიმძიმე მხრებზე. ის ქუჩაშიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ლამაზ, ან უგვანო შენობაში, ქვაზეც და ბალახზეც, სიმაღლეზეც და სიბრტყეზეც. ყველგან.

მადლობა საბას (საბა ასლამაზიშვილი, რეჟისორი. დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკის“ დამფუძნებელი) და მის არაჩვეულებრივ შემოქმედებით გუნდს, რომელმაც თვითონვე აღნიშნა  სიმბოლურად თავისივე შამპანურით ქუთაისში სტუმრობა თეატრის ეზოში, სპექტაკლის შემდეგ. უბრალოდ, გულწრფელად და მეტი აზრით და პატივისცემით, ვიდრე ეს ტრადიციულ პოსტგასტროლურ ბანკეტებზე ხდება ხოლმე :). იმიტომ, რომ ეს არის თეატრი!  პროტოკოლების გარეშე. დამოუკიდებლობა, ნიჭი, „სიკეთე და დიდსულოვნება“!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები