ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უერთდებიან სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე.
“მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს ისტორიული არჩევანის და ევროპული ფასეულობების დაცვა, რაზეც მეტყველებს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიც და შესაბამისად ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ – შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება და უარს ვაცხადებთ პროტესტის ნიშნად ლექციებზე დასწრებაზე”, – განაცხადეს სტუდენტებმა.
ისინი გმობენ რუსულ კანონს და სამართალდამცველების მხრიდან, აქციების მონაწილეების დარბევას. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები მოუწოდებენ სხვა თანატოლებს, ასევე ლექტორებს, გაიზიარონ ეს პოზიცია და შეუერთდნენ პროტესტს.
ცნობისთვის, ქუთაისში ახალგაზრდები დილიდან მართავენ აქციას და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან.
კომენტარები