შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
“ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია,სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით აღებული გვაქვს საორიენტაციოდ 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი, აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები ამ დროისთვის კიდევ და დარჩენილია ორი ადამიანი, ვის ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ, გადასვენება როგორც წესი, მოხდება ქუთაისის სამხარაულის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით უკვე სამი ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ვეძებთ ორი ადამიანის ცხედარს”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ძიებას აზრი ექნება და ყველა იმედი არ გადაიწურება.
“მაქსიმუმი არის, რომ ინახოს თითოეული ცხედარი. ამ ეტაპზე უკვე ორ ადამიანზე გვაქვს საუბარი. რაც შეეხება თეორიულ შანსებს, როგორც პირველივე დღეებში გავაჟღერეთ, გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე საბოლოოდ არ ამოიწურება ყველანაირი იმედი და სამუშაოების გაგრძელებას აზრი აღარ ექნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ შედეგები ალბათ იქნება ბოლომდე მიყვანილი, რაც ჩაფიქრებული გვაქვს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
კომენტარები