ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიებები სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის სტატისტიკა არ შეცვლილა. ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
“როგორც იცით, დღეის მდგომარეობით 18 გარდაცვლილია ამოსვენებული. აქედან 13 იდენტიფიცირებულია და რჩება 16 ადამიანი, რომელთა საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
რაც შეეხება საძიებო სამუშაოების მასშტაბს, 6 ლოკაციაზე მიმდინარეობდა დღის განმავლობაში სამუშაოები ძალიან აქტიურად. ვფიქრობთ, ხვალ უფრო მეტ პერიმეტრს მოვიცავთ და ვიმედოვნებთ, რომ ამის შედეგები გვექნება ხვალისთვის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.
“სტიქიის ზონაში, დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის პოვნა და პროზექტურაში გადასვენება. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს, აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გზის 70% გაყვანილია და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
კომენტარები