ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, პოლონელი ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს. 22 წლის პოლონელ სტუდენტს, საქართველოში მოგზაურობისას თავის ტვინის ანევრიზმა გაუსკდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ტურისტს კლინიკაში ოპერაცია 9 საათის განმავლობაში უტარდებოდა და ექიმებმა მისი სიცოცხლე შეინარჩუნეს.
“საქართველოში ვიმყოფებოდი, თავდაპირველად ქვეყნის დათვალიერებას ვაპირებდით მე და ჩემი მეგობარი, მაგრამ მეორე დღეს სეირნობისას, როდესაც მონუმენტის წინ ფოტოებს ვიღებდით, უეცრად საშინლად ამტკივდა თავი.
ჰოსპიტალში ჩამიტარეს გამოკვლევები, მითხრეს, რომ ტვინში ანევრიზმა მქონდა და სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა. ოპერაცია ცხრა საათი გაგრძელდა და საბედნიეროდ, წარმატებით დასრულდა. როგორც შემდეგ შევიტყვე, ოპერაციამდე ჩემი გადარჩენის შანსი არც ისე დიდი ყოფილა. ახლა ძალიან მადლიერი ვარ იმ ექიმების, რომლებმაც სიცოცხლე შემინარჩუნეს”, – აცხადებს პოლონელი ტურისტი.
ქუთაისის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენის ხელმძღვანელი იაგო ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ ტიპის სერვისების არსებობა რეგიონში ქმნის უსაფრთხო გარემოს, როგორც მოსახლეობისთვის ასევე ტურისტისთვის.
“ჩვენს კლინიკაში მას დაუდგინდა მასიური თავის ტვინის სისხლჩაქცევა, რომელიც გამოწვეული იყო თავის ტვინის ერთ-ერთი სისხლძარღვის, ანევრიზმის ჩაქცევით. გამსკდარი ანევრიზმა ეს არის მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს დროულ ქირურგიულ ჩარევას, ასევე ის მოითხოვს ქირურგისგან სპეციალურ უნარჩვევებს. ამ ტიპის სერვისების არსებობა რეგიონში ქმნის უსაფრთხო გარემოს, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტისთვის”, – აცხადებს ქუთაისის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენის ხელმძღვანელი იაგო ცერცვაძე.
ირაკლი ვაჩიბერაძე
კომენტარები