მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მე-4 დღეა, მშრალ შიმშილობაზეა”

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მე-4 დღეა, მშრალ შიმშილობაზეა”

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი მეოთხე დღეა, შიმშილობს. ადვოკატ ნენე გუგავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ  სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას, საკვებზე არსებულ პრობლემებს და სამედიცინო კუთხით არსებულ ხარვეზებს აპროტესტებს.

უფლებადამცველი “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ როდესაც პატიმარმა ამ პირობებზე სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა, ციხის ადმინისტრაციამ მას მოსთხოვა, რომ წერილის შინაარსი შეცვლილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახში გადაიყვანდა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მე-4 დღეა, მშრალ შიმშილობაზეა. ის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მძიმე და გაუსაძლის მდგომარეობას აპროტესტებს. ადგილზე არ არის დაცული ჰიგიენურ-სანიტარიული  ნორმები. 6 თვეა, საშხაპეში არ გასულა, რადგან ადგილზე ანტისანიტარიაა და საკანში იწესრიგებს თავს. საკვები არის ძალიან უხარისხო, რის გამოც პატიმრები იძულებულები არიან მაღაზიაში შეიძინონ საკვები. თვეები უწევთ პატიმრებს რიგში ყოფნა, სტომატოლოგთან რომ კონსულტაცია გაიარონ. სწორედ ამ პრობლემებზე პატიმარმა გოჩა ცინდელიანმა სახალხო დამცველს და გენერალურ პროკურატურას მიმართა  და მის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ პირობებში სასჯელის მოხდა წამების ტოლფასია.

ვიდრე შიმშილს დაიწყებდა დირექცია ბევრჯერ მიმართა და უთხრა, რომ ეს პირობები გამოესწორებინათ, თუმცა ამაოდ, ამის შემდეგ მან წერილობით მიმართა სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას, რის შემდეგადაც დირექცია პატიმარი დაიბარა და უთხრა, რომ თუ განცხადების შინაარსს არ შეცვლიდა, დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანდა”, – აცხადებს “ინფო იმერეთთან” საუბრისას ადვოკატი ნენე გუგავა.

კომენტარები