მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ჩვენთვის მიუღებელი, ბუნდოვანი და საფრთხის შემცველია ივანიშვილის და კობახიძის განცხადებები”

“ჩვენთვის მიუღებელი, ბუნდოვანი და საფრთხის შემცველია ივანიშვილის და კობახიძის განცხადებები”

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სპეკულაციები საფრთხის შემცველია  და ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას მძიმე დარტყმას აყენებს. ივანიშვილი  ყველაფერზე მიდის და ყველაფრის ფასად აპირებს, რომ ძალაუფლება  შეინარჩუნოს, რაც ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რადგან ეს ქართული სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იქნება”, – აცხადებს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი  კახა ნურალიძე.

მისთვის მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ კეთდება.

“ჩვენთვის მიუღებელი, ბუნდოვანი და საფრთხის შემცველია ივანიშვილის და კობახიძის განცხადებები, რომ ქართველ ხალხს  ბოდიში გვაქვს მოსახდელი და რომ რუსეთი თურმე ოკუპირებულ ტერიტორიებს “გვიბრუნებს”.

დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ ყოვლად უმსგავსო, მოღალატეობრივმა და კატეგორიულად მიუღებელმა “ბოდიშის განცხადებამ”  უკვე გამოიწვია მოვლენათა მთელი კასკადი. სეპარატისტებს მიეცათ საშუალება ისევ  მოითხოვონ თრუსოს ხეობა, ბორჯომ-ბაკურიანი და ალბათ, მცხეთაც. გემახსოვრებათ, 2008 წელს კოკოითის განცხადება, რომ “მცხეთაზეც იფიქრებენ”. ამ ხელისუფლების პირობებში ეს არის სრულიად რეალური საფრთხე და ეს არის ივანიშვილის მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება”, – ამბობს კახა ნურალიძე.

მისთვის, ასევე ბუნდოვანია, როგორ აპირებს საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების ისევ საკუთარ იურისდიქციაში მოქცევას, რაზე დაყრდნობით აკეთებს პრემიერი განცხადებას, რომ “ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვიბრუნებთ მშვიდობით და ღირსებით”.

“შემაშფოთებელია კობახიძის განცხადებებიც, როცა ის არ განმარტავს არცერთ  დეტალს. არ ამბობს, რა ფორმით წავა ეს პროცესი, არის თუ არა მოლაპარაკებები დაწყებული, ან ვისთან? რა სახელმწიფოებრივ მოდელზე შეიძლება შეთანხმება, ფართო ავტონომიაზეა თუ არა საუბარი. საპოლიციო ძალები რა ფორმით გადმოვლენ დაქვემდებარებაში, ეროვნული ვალუტა გავრცელდება თუ არა? – მოკლედ, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც ჩვენს საფუძვლიან ეჭვს და შეშფოთებას იწვევს. ეს არის კრემლის ნარატივი და მოსკოვიდან წამოსული მესიჯები, ასევე ძალიან საშიშია ლავროვის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან, აფხაზეთთან და ოსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და თუ ამ ფორმით  გაგრძელდა საუბარი, საფრთხე დაემუქრება აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარების პოლიტიკასაც. მით უფრო იმ ფონზე, როცა “ოცნება” მიზანმიმართულად ახდენს საქართველოს იზოლაციას  ჩვენი ძირითადი, სტრატეგიული პარტნიორებისა და ცივილური მსოფლიოსგან”, – აცხადებს ნურალიძე.

კომენტარები