მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩვენ” და არა, “ჩვენ და თქვენ”

“ჩვენ” და არა, “ჩვენ და თქვენ”

მე, ალბათ, ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც პარასკევს საზოგადოებრივ არხზე, ნინო ზაუტაშვილის გადაცემას სულმოუთქმელად უსმინა. მერე ისევ გადაახვია და თავიდან გაიმეორა ყველაფერი, რაზეც ხელოვნებათმცოდნეები საუბრობდნენ.

არ მიყვარს იმ პროტესტში ხმამაღლა და პოსტებით შესვლა, რაშიც თავს კომპეტენტურად ვერ ვგრძნობ. პროფესიონალების ღია საუბრები მჭირდებოდა, თუმცა „ოქროს ჩარდახის“ რენდერი ამ საუბრებამდეც „ცივი შხაპი“ აღმოჩნდა. მერე ზიხარ და შენს თავს კითხვებს უსვამ – რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ წესიერი მოქალაქეც იყო და მოქალაქეობის კულტურაც შეინარჩუნო. რა გევალება?

არადა, ეს ქალაქი ჩვენია. ეს ქვეყანაც ჩვენია.

და სამოქალაქო საზოგადოება, რასაც ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან თეორიულად ვაშენებთ, ზუსტად ამას გულისხმობს – მე – მოქალაქე – ნაწილი ვარ იმ პროცესების, რაც ჩემს გარშემო ხდება. მე – მოქალაქეს – მევალება თვითორგანიზებული ვიყო ნებისმიერი პრობლემის მოგვარება-გადაწყვეტაში. და ვარ პასუხისმგებელი!

ხანდახან მართლა შემიკავებია თავი სწორი პოზიციის (!) კომენტარზე სოლიდარობის რეაქციისგან (ლაიქისგან), რადგან ამ პოზიციის გამომხატველი სიტყვებია ჩემთვის მიუღებელი. ვიცი, რომ აქტიურ მოქალაქეს ეს არ უნდა ანაღვლებდეს, მაგრამ მე მანაღვლებს. მეტიც, მთრგუნავს. პიროვნების გინებით და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით საქმეზე კამათის არ მჯერა. არ მინდა! არადა, ამ სიტყვების შერჩევის მთელ რიტუალში, სხვისი მართალი პოზიცია (!) საჯარო მხარდაჭერის გარეშე მრჩება. ცუდია ეს. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა ფიქრობდეს ამაზე. პროტესტის ავტორებიც და შემოქმედებიც. შეიძლება ჩემით ბევრი არაფერი დააკლდეთ, მაგრამ ცუდ ტრადიციას ვამკვიდრებთ. ცუდს, რომელიც პრობლემის გარეშე ქაოსს აჩენს, არადა, რაციონალურად მიზნამდე მისვლა შეიძლება (ხოლმე).

ის ფოტო, რაც ბლოგის პოსტერზე ჩანს, ჩემთვის, ამ ქალაქის თავიდან შეყვარების ეტაპზე გაჩნდა ისე, როგორც სხვა, ასეულობით ფოტო, სადაც ქუთაისის ახლო წარსულია.

2008 წლის რეაბილიტაციის დროს, მაშინდელმა გუბერნატორმა მიშა ჩოგოვაძემ, იმ დროისთვის ძალიან მაგარი სკანერი შეიძინა და საარქივო მასალების ციფრული ვერსიების შექმნა დავიწყეთ. „რეაბილიტაციის ვნებებიც“ კარგად ვიცი. ე.წ. „სამეფო უბნის“ მცხოვრებლები როგორ მოდიოდნენ და გვწყევლიდნენ ყოველ დღე, რომ სახეს ვუკარგავდით მათ სახლებს, მათ ეზოებს. ეს იმ ტერიტორიაზე ვყვები, დღემდე რომ ყველაზე ხალხმრავალი და თავმოსაწონი გვაქვს ჩვენს ძვირფას ქალაქში. ვიცი, არ არის იოლი ახლის დაწყება. ვიცი, არ არის ყოველთვის პროტესტი სამართლიანი. მაგრამ, როცა საქმე ეხება  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც შესწავლილია, აღწერილია, სამეცნიერო-კვლევითი რეკომენდაციები გაცემულია და მისი სახეცვლილება ასე სტკივა მცოდნეს თუ არ მცოდნეს, საერთო საქმე და სათქმელი ხდება. ყველა ხელისუფლებას გაუვლია ეს ეტაპი. გაივლის ეს ხელისუფლებაც, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. აქ „ჩვენ“ და „თქვენ“ ცალ-ცალკე არ უნდა არსებობდეს. ყველა „ჩვენ“ ვართ. თვითმმართველობაც, გუბერნიაც და მოქალაქეებიც. არადა, ის ექსპერტები აპროტესტებენ „ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციას, ვინც თავის დროზე ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციასაც აპროტესტებდა (ანუ, „ნაცებს“ ვერ უწოდებ, რაც დღეს ასე მარტივია აზრის განუსჯელობისთვის). რატომ არ შეიძლება ამაზე ღია დიალოგები მოეწყოს პროფესიონალებს შორის, სრულიად გაუგებარია. მე ყოველთვის მჯერა, რომ არცერთ ხელისუფალს, ქალაქის მეურვეობაში საკუთარი პასუხისმგებლობის დროს, არ უნდა მომავალს არასწორი მაგალითით დაამახსოვროს თავი. იქნებ ვცდები, მაგრამ მაინც ასე მჯერა. საკუთარი წარსული მავალდებულებს ამ ფიქრს, ინსტინქტით.

სიამოვნებით მოვუსმენდით ჩვენს სწავლულებს უნივერსიტეტიდან, ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს, უფრო ხმამაღლა, მეტი არგუმენტით – ისე როგორც ამას ქუთაისელი ხმოსნები აკეთებდნენ საუკუნეზე მეტის წინ, მე-19-ს ბოლოს და მე-20-ს დასაწყისში: ნაზარიშვილი, თოფურია, ზდანოვიჩი, გველესიანი, ნიკოლაძე, ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი და სხვა. მრავლად იყვნენ. თითქმის ყველა ხმოსანი (ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები), პარალელურად საზოგადო მოღვაწე იყო, პუბლიცისტი, გულანთებული პატრიოტი და პარალელურად – კარგი ექიმი, კარგი პედაგოგი, კარგი ფინანსისტი, კარგი ვექილი. ეს „კარგი“ საკუთარ პროფესიაში მაინც ბევრს ნიშნავს.
მოკლედ, “ოქროს ჩარდახზე“ ვსაუბრობდით.

იმ გადაცემაში ქალბატონმა მაია მანიამ ახსენა ნამდვილი(!) აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე და მე რა თქმა უნდა, მეტი შთაბეჭდილებისთვის, მისი გადაკითხვაც მოვინდომე. აკადემიკოსი თავადაც ტოლოჩანოვის, გიულდენდშტედტისა და დიუბუას ტექსტებზე დაყრდნობით აგებს ძველ სურათს. მათი მოგონებებიც ხელმისაწვდომია და კიდევ ერთხელ ჩავიძირე ქუთაისის წარსულ სურათ-ხატებში. ამაზე გადაცემაშიც ხატოვნად და დეტალურად ჰყვებოდნენ ხელოვნებათმცოდნეები და ბლოგში აღარ შევჩერდები. ლექსი დამრჩა მაინც მეხსიერებაში, ხალხური, სოლომონ მეორეს ცოლისადმი მიძღვნილი:

“ნეტავ რა არის მისთანა,
ამომავალი მზისთანა,
წყალში რო ფეხი უდგია
იმ ოქროს ჩარდახისთანა,
გაღმა-გამოღმით ქალაქი,
შუაზედ მეედნისთანა“

და თუ რეაბილიტაციაა, იქნებ ამ განცდების რეაბილიტაციაც მოვახდინოთ – რიონში ფეხჩადგმულ სამეფო სხეულს რომ ეკადრება. ის, რაც უკვე მოგონილია და არა აწი გამოსაგონებელი. ის, რაც ყველა სტუმარს თავიდან შეაყვარებს ქუთაისს გვიანი შუასაკუნეების ზმანებით, ისტორიულად წელში გამართული, ძვირფასი, ზღაპრული, ლეგენდასავით მომხიბვლელი. ისეთი, როგორიც გინდა შენი წარსული აჩვენო..

იქნებ, როდისმე მოვახერხოთ, საერთო საკითხის გადაწყვეტაში გამთლიანება ღირსეულად, ცოდნით, არგუმენტით, უკეთესის სურვილით და „ჩვენ“ გავხდეთ ამ პრობლემაში. ქუთაისს ისე უხდება ეს.

არადა, ხომ ქუთაისის სიყვარულში ვეცილებით ერთმანეთს?

ჰოდა, უკეთესად დავხატოთ ეს ქალაქი. იმსახურებს!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები