საგვარეულო სახლი
ჩოგოვაძეების საგვარეულო სახლი ქუთაისთან ახლოს, სოფელ ბანოჯაში მდებარეობდა. წლების განმავლობაში მყუდრო ხის სახლმა საცავის ფუნქციაც შეიძინა. ისაია ჩოგოვაძისა და პელაგია ბალანჩივაძის ფუძეზე 6 შვილი, მათი შვილები და შვილიშვილები გაიზარდნენ. პელაგია მელიტონ ბალანჩივაძის ნათესავი ყოფილა და ამდენად სტუმრობდა კიდეც ამ ოჯახს. ელისო ჩოგოვაძე: “ბაბუაჩემი ივანე ისაიას ძე ბრწყინვალე მუსიკალური მონაცემების, ექსპრომტების დიდოსტატი იყო. მის საწოლთან შპალერგაკრული კედელი მოფენილი იყო საინტერესო ჩანაწერებით… ძმა ნიკიფორე ქუთაისის დამსახურებული პედაგოგი იყო. დედმამიშვილებში ყველაზე ტრაგიკული ბედი მიშა ჩოგოვაძეს ხვდა. (მამას მისი სახელი დაარქვა ბებომ) 30–იან წლებში იგი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლისას მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მის განსწავლულობაზე მის მიერ გამოგზავნილი წერილებიც მეტყველებს, რომელსაც ბებიაჩემი რუდუნებით ინახავდა. ნაწილი იმ ხანძარმა შთანთქა, რომლის შედეგად დაიწვა ხის საგვარეულო სახლი.
ბებიაჩემი ვერა ანტონის ასული ბოდოკია ნათესავების მოსიყვარულე ადამიანი იყო და ყველაფერს აკეთებდა, რომ კავშირები რაც შეიძლება მტკიცე ყოფილიყო”.
ივანესა და ვერას ოჯახში 5 შვილი აღიზარდა. ისინი ქუთაისში ვოლოდარის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. თამარი, არჩილი, ზურაბი, მიხეილი (სოსო) და რუსუდანი. რუსუდანი მუსიკამ გაიტაცა, თამარმა და ზურაბმა ტექნიკური განათლება მიიღეს. არჩილი და მიხეილი (სოსო) მხატვრობით დაინტერესდნენ.
ძმები ჩოგოვაძეები
ქუთაისი მხატვრების ქალაქია. ამას ამბობენ ის ადამიანები, ვინც ხატავს ქუთაისს და ისინიც ვინც ქუთაისს სტუმრად ეწვევა.
სოსო ჩოგოვაძე: “ბრწინვალე და საინტერესოა ქუთაისი ფერმწერებისთვის. ნოემბერი განსაკუთრებულად მიყვარს, ამ დროს ქალაქში ფერები ინთება, საოცარი გამაა… რიონი როცა დაიკლებს, თეთრი ქვები უკეთ მოჩანს. ვინც კი ჩამოდის, ყველა ხატავს, ჩვენც მოვეფერეთ , როგორც შევძელით.. .” ჭარმაგ ხელოვანს დღეს თუ შეეკითხებით სურდა თუ არა მას საზღვარგარეთ ცხოვრება, დაუფიქრებლად გიპასუხებთ – “ჩემი ქუთაისი მთლად მირჩევნია ყველაფერს!”
ქუთაისელ მხატვრებზე საუბრისას სოსოს და არჩილს მეტწილად ერთად ახსენებენ და ყველამ იცის ვინ იგულისხმება სახელდებაში “ძმები ჩოგოვაძეები”. ამას კი ბევრი კარგი მიზეზი აქვს. სოსოს და არჩილის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება სტუდენტებში ხუმრობის მიზეზიც გამხდარა. როცა არჩილი ჩასაბარებლად თბილისს გაემგზავრა სოსოც გაედევნა. ეუბნებოდნენ რთულია, ორივეს ერთად ვინ მიგიღებთო, მაგრამ სოსომ ბედი მაინც სცადა. გამოცდების დასრულების შედეგ იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალში, ვინც აკადემიაში ჩაირიცხა ერთმანეთის გვერდით ეწერა: არჩილ ჩოგოვაძე, მიხეილ ჩოგოვაძე. მას შემდეგ მოდიან ერთად…
მხატვართა კავშირის შექმნა თუ სახვითი ხელოვნების გალერეის გახსნა, სამხატვრო სკოლის ცხოვრება შეუძლებელი განიხილო ძმები ჩოგოვაძეების დამსახურების და თავდადების გარეშე. 20–ე საუკუნის ქუთაისის ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეები, წლები თუ მოვლენები ძმები ჩოგოვაძეების ცხოვრების ისტორიაცაა.
ძმებს შორის დამოკიდებულების გამოსახატავად ოჯახურ არქივში ელისო ჩოგოვაძისადმი ბიძის მიერ საჩუქარზე მინაწერიც კი მეტყველებს, ,,ჩემს ელისოს, ჩემი ძმის, კოლეგის, მეგობრის შვილს. ჩვენი ქართული ხელოვნების მოჭირნახულეს ახალი სიხარულისთვის’’
შენი ბიძია არჩილ ჩოგოვაძე
30. 11 . 1995.
სამხატვრო სკოლა
ბატონო სოსო, როგორც პედაგოგი სამხატვრო სკოლაში მუშაობდა. 28 წლის ახალგაზრდა ენთუზიაზმით იყო სავსე, იმ პერიოდში, როგორც თავად იხსენებს ყველა ხატავდა, ყველას სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, აკადემია მოდური იყო.
“ბავშვები აღტაცებით მუშაობდნენ, ინტერესი დიდი იყო. ახლა ეს სიყვარული არ ჩანს, არადა თუ გიყვარს უნდა ჩანდეს!” მისი ყოფილი მოსწავლეები, შემდეგ უკვე ცნობილი მხატვრები, არამარტო საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ, მათ შორის არის მისი ძმისშვილი, არჩილ ჩოგოვაძის ვაჟი ირაკლი.
ირაკლი ჩოგოვაძისთვის დღემდე სასიამოვნო მოგონებად რჩება სოსო მასწავლებელთან გატარებული მეცადინეობები. განსაკუთრებით მასთან სახელოსნოში მუშაობა აღაფრთოვანებდა.
ირაკლი ჩოგოვაძე: “მონდომებული პედაგოგი იყო, სულით და გულით უნდოდა, ცდილობდა გადმოეცა შენთვის ცოდნა და გამოცდილება, ოსტატობით სოსო, როგორ მხატვარი, ნამდვილად მისაბაძი იყო…”
ირაკლი ძირითადად ესპანეთში მუშაობს და როგორც უცხოელს სხვა ქვეყანაში მეტი ძალისხმევა სჭირდება თავის დასამკვიდრებლად. სხვა ტემპია, სხვა მოთხოვნები, სხვა ინტერესი, არ უნდა ჩამორჩეს! როცა უცხოეთში შენს ნამუშევრებს ყიდულობენ, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, გინმტკიცდება განცდა, რომ მხატვარი ხარ!
ირაკლი ჩოგოვაძე: “სიცოცხლე არ შემიძლია ხატვის გარეშე, წვალებისა და უბედურების მეტს არაფერს ვგრძნობ, როცა ვმუშაობ, საკუთარ თავს ვეომები… ვასრულებ და შედეგი მსიამოვნებს. ნახატის გაყიდვა კი მაგარი რამეა!”
ბატონ არჩილთან დაუგეგმავად მივედი. ოჯახში ირაკლის დეიდა, ქალბატონი ფლორინა დამხვდა სტუმრად. არაჩვეულებრივ მასპინძელს, ირაკლის მეუღლეს, მშვენიერ ელზას სუფრა საზეიმოდ ჰქონდა გაწყობილი. ირაკლიმ ძმის, გოგის დაწურული რქაწითელი შემოგვთავაზა და საუბარიც ასე დავიწყეთ… ქალბატონი ფლორინა თბილისში ცხოვრობს, როგორც აღმოჩნდა ის ჩოგოვაძეების ოჯახებიდან ჩასული სტუდენტების დიდი ხელშემწყობი ყოფილა და ამდენად ამ მონათხრობში მასზე საუბარი სიმბოლურ ამბად მივიჩნიე და აქვე მინდა, აღვნიშნო ის უთბილესი და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობები რაც ამ ოჯახში სხვადასხვა თაობის ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აქვთ.
90 წელს გადაცილებული მხატვარი არჩილ ჩოგოვაძე ჩვეული ენაწყლიანობით ახლა ნაკლებად მოგხიბლავთ, მაგრამ როცა გალერეის გახსნის თაობაზე ვკითხე, რამდენიმე წუთი არაფერი უთქვამს, ფიქრობდა და მოკლედ მომიგო: “დღესასწაულები და კარგი დღეები ბევრი იყო, ბევრი..”
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში მუშაობის პერიოდში პირადად არ ვიცნობდი ბატონ არჩილს, მაგრამ მისი ყოფილი თანამშრომლებისგან ხშირად მესმოდა სიყვარულით სავსე სიტყვები: “ჩვენი არჩილ ივანიჩი..”
არჩილ ჩოგოვაძეს ჰყავს ორი შვილი, გოგი არქიტექტორია, ირაკლი მხატვარი, მისი მეუღლე ლია ნუცუბიძე თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული მუსიკის პედაგოგი გახლდათ. ოჯახში… შვილიშვილი იზრდება
არჩილ ჩოგოვაძე დაიბადა ქუთაისში 1925 წლის 25 აგვისტოს
1942 წელს დაამთავრა ქუთაისის კ. მარქსის სახელობის 1 სანიმუშო–საცდელი სკოლა.
1950–1956 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე.
ქუთაისში დაბრუნებული 1956 წელს ახლად გახსნილ გრიგოლ მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში იწყებს პედაგოგიურ მუშაობას.
1958–1970 საქართველოს სამხატვრო ფონდის ქუთაისის განყოფილების დირექტორი.
1967 წელს გახდა სსრკ მხატვართა კავშირის წევრი
1972–1986 წლებში ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის პირველი დირექტორი
1985 წელს მიენიჭა დამსახურებული მხატვრის წოდება.
1997 წელს მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება
1989–2004 წლებში ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში პრორექტორად და პედაგოგად.
2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით
მისი შემოქმედება მოიცავს ფერწერულ ტილოებს, აკვარელით და პასტელით შესრულებულ სურათებს, გრაფიკულ პორტრეტებს, ილუსტრირებისა და სარეკლამო დანიშნულების ნიმუშებს და სხვა…
ხელოვნებათმცოდნე ზურაბ თოდუამ არჩილ ჩოგოვაძის ნამუშევრებს “სიცოცხლის მოტრფიალე მსოფლმხედველობით სავსეს და დიდ მშვენიერ ხელოვნებას” უწოდებს.
“ჭეშმარიტი სიყვარული მშობლიური იმერეთისადმი, ძველი და ახალი ქუთაისის ლამაზი უბნებისა და ჩვენი თანამედროვეებისადმი შთააგონეს ოსტატს ფერწერულ ტილოებსა თუ გრაფიკულ ფურცლებში უბრალოდ და ბუნებრივად გადმოსცეს თავისი ფიქრები, გრძნობები და განცდები, რომლის უკან ყოველთვის დგას მისი სულიერი სამყაროს სინატიფე, მისის პოეტური მსოფლშეგრძნება”, – ზურაბ თოდუა
ერთი ნახვით სიყვარული
სოსო ჩოგოვაძე 30 წლის ასაკში დაქორწინდა. ის ამ ამბავს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის აღნიშვნით იწყებს. მხატვართა პირველი სახელოსნოები ქუთაისში, რომელიც საერთო ბინის ბოლო სართულზე მოეწყო ავტოქარხანაში გაჩნდა. ერთ სახელოსნოში ძმები ჩოგოვაძეები მუშაობდნენ, მეორეში კი მოქანდაკეები გოგილო ნიკოლაძე და ვალერიან მიზანდარი. ამ სახელოსნოში გაიცნო ბატონმა სოსომ იპოლიტე ხვიჩია (ვალერიან მიზანდარი აქანდაკებდა) და მისი მომავალი მეუღლე. ქეთევანი იმ ოთხ გოგონათა შორის იყო, ვისაც გოგილო ნიკოლაძე აქანდაკებდა. “მერე მე დავხატავთქვა” – ვუთხარი გოგილოს (იცინის)
მოსიძის ასული ქეთევანი კი ამ ამბავს ასე იწყებს: ოპერის თავზე (ქუთაისში ასე უწოდებენ ოპერის გვერდით მეორე სართულს) ვცხოვრობდით, ახალგაზრდებს წესად გვქონდა ცენტრალურ ბაღში, საღამოობით სეირნობა. მე და ნორა გაბრიაძე (რეზო გაბრიაძის და)
ერთად წავედით სასეირნოდ ბულვარში, გავიცანი გოგილო ნიკოლაძე. ჩემთვის დიდი სიხარული იყო იმის მოსმენა, რომ გოგილოს, რომელიც იმხანად გოგონებს არჩევდა, ძალიან მოვეწონე. ნორა თავად გვესტუმრა ოჯახში და დედას თხოვა ნებართვა, მაშინ 18 წლის ვიყავი.
სახელოსნოში გავიცანი სოსო, მანაც რომ მოინდომა ჩემი დახატვა, ახალგაზრდა ვიყავი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შემექმნა, “თავში ამივარდა” (იცინის) გულში ვფიქრობდი – თბილისიდან ჩამოსული მხატვარიც დამხატავს!”
ქალბატონი ქეთევანი მართლაც ქანდაკებასავით მოხდენილი და პეწიანი ქალია, იმერლები რომ იტყვიან “ჩამოსხმულიო” აი ისეთი!
მას ახლაც ახსოვს იმ ჩაქუჩის კაკუნის ხმა, როცა სახელოსნოში პირველად დაინახა სოსო.
პორტრეტზე დაწყებული მუშაობა ოჯახის შექმნით დასრულდა. დღემდე ხატავს ქეთევანს, მაგრამ პორტრეტები რჩება დაუსრულებელი. ქალბატონი ქეთევანი თვლის, რომ ყველაფერი მისი მოუცლელობის ბრალია. “მაგას ხატვის, სეირნობის, კურორტებზე სიარულის მეტი არაფერი ახსოვდა და მე ყოველთვის ოჯახის საქმეებს ვაკეთებდი, არ მეცალა დასაჯდომად, ჩემი ბრალია. საოჯახო ნივთებსაც ჩუმ–ჩუმად ვიძენდი, ხან დედაჩემი მჩუქნიდა თითქოს”, – იხსენებს ერთგული მეუღლე. პედაგოგი უჩა ჯაფარიძე სოსიკონას მოვლისთვის ყოველთვის დიდ მადლობას უხდიდა ქეთევანს, კარგია ხელს რომ უწყობო. ქეთევანი და სოსო დღემდე დიდი მეგობრები არიან . ახალგაზრდობის წლებში სოსოს მოგზაურობების მიუხედავად ქეთევანი ყოველთვის ახერხებდა ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო, რამდენად პროდუქტიულად ხატავდა მხატვარი მეუღლე და ა. შ. ყირიმში ყოფნის დროს სოსოს გამორჩეულად ლამაზი ქალის დანახვისას აღტაცება ვერ დაუმალავს, იქვე ქალაქის ბაღში სახელდახელოდ ყვავილები დაუკრეფია მისთვის. “დუშკას” (ქ. მ) ყვავილების ამბავი იმით დასრულდა, რომ პოლიციამ ჩვენი “ჯენტლმენი სოსო” დააჯარიმა. ფინანსური გაჭირვებიდან თავის დასახსნელად სოსომ დახმარებისთვის ისევ ქეთევანს მიაშურა. რომ არა მეუღლის გულმოწყალება, უფულოდ დარჩენილი მხატვარი უკან უნდა გამობრუნებულიყო.
2020 წელს ქეთევან მოსიძე და მიხეილ (სოსო) ჩოგოვაძე თანაცხოვრების 60 წელს მოითვლიან.
ბაფთიანი გიტარის ქალაქი
მეოცე საუკუნის ქუთაისში აივნიანი სახლებიდან ხშირად ისმოდა გიტარაზე მომღერალთა ტკბილი ხმები. იშხნელების ქალაქში ბევრი მღეროდა, დროს ტარებისა და ქეიფის ხალხიაო – ხუმრობნენ ქუთაისელებზე. გიტარა ჩოგოვაძეების სახლშიც აჟღერდა. სოსო ჩოგოვაძე ჯერ კიდევ პატარაობისას დაინტერესდა ამ ინსტრუმენტით, მეზობლის ბიჭი უკრავდა თურმე… ბებიას დამ, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობდა სოსოს ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა, ისწავლე, რადგან ასე ძალიან გინდაო და ბაფთიანი გიტარა უსახსოვრა. ჩემთვის საოცარი აღმოჩენაა იმის შეტყობა, რომ ბატონი სოსო თუ ხატავს სხვადასხვა მელოდიაზე სტვენს და ფუნჯის მოძრაობებს აყოლებს, თუ არ მუშაობს მაშინ მეტწილად სიმღერით და სიმღერაში ისვენებს.
სტუდენტობისას თანაკურსელებთან ერთად გამოდიოდა თეატრალური ინსტიტუტისა და და კონსერვატორიის სცენაზე
“ერთხელ მცხეთაში ვიყავით, სტუდენტებს ფული სად გვქონდა, რესტორანში სიმღერის იმედად შევედით, ისეთი დავცხეთ კარგადაც გაგვიმასპინძლდნენ და ფულიც გვაჩუქე” –იხსენებს ბატონი სოსო და დასძენს “გიტარა ჩემი უსაყვარლესი მეგობარია, წყაროა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, აუ, როგორ მიყვარს?!”
ძმები ჩოგოვაძეები ახლაც ღიღინებენ, მათ ნამუშევრებში ისეთი ქუთაისია შემონახული, რომელიც უკვე ისტორიად იქცა, ბევრი ადგილი და უბანი სრულიად შეცვლილი ან განახლებულია. ისინი ძმები არიან და მეგობრებივით ცხოვრობენ, მაგრამ ძმები კიდევაც რომ არ ყოფილყვნენ მათზე იტყოდნენ, ისე მეგობრობენ ძმებივით უყვართ ერთმანეთიო. “რის უცხოეთი, ჩემი ქუთაისი..” ამბობს ერთი ძმა, ასე ფიქრობს მეორეც!
ელისო
1976 წლის 27 აპრილს ქუთაისის გალერეის დაარსება უმნიშვნელოვანესი ფაქტია ჩვენი ქალაქისათვის. იმხანად მიხეილ გოკიელის საცხოვრებელი რეკონსტრუქციის შემდეგ მხატვართა უსაყვარლეს ადგილად იქცა . გალერეის გახსნას წინ უსწრებდა მხატვართა კავშირის ქუთაისის განყოფილების შექმნა, რაშიც დიდი წვლილი აქვთ მოქანდაკე ვალერიან მიზანდარს და მხატვარ არჩილ ჩოგოვაძეს.
გალერეის გახსნაზე ორ დიდ დარბაზში გამოიფინა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, კულტურის სამინისტრომ მუდმივ ექსპოზიციაში გამოსაფენად გალერეას გადასცა ცნობილ მხატვართა ნამუშევრები. ამ პერიოდში ნაყოფიერად მუშაობდნენ ძმები ჩოგოვაძეები, გალერეის პირველ დირექტორად დაარსებიდანვე 1976 წელს არჩილ ჩოგოვაძე დაინიშნა, წლების შემდეგ მან თავად დაწერა სამსახურიდან განთავისუფლებაზე განცხადება, რაც იმხანად დიდი იშვიათობა იყო, მაგრამ მხატვარს სურვილი ჰქონდა ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო შემოქმედებისთვის დაეთმო. მაშინ ალბათ არავის წარმოედგინა, რომ წლების შედეგ ამ გალერეის პირველი ქალი ხელმძღვანელი მიხეილ (სოსო) ჩოგოვაძის შვილი და არჩილ ჩოგოვაძის ძმისშვილი ხელოვნებათმცოდნე ელისო ჩოგოვაძე იქნებოდა.
ბატონი სოსოს სახელოსნოში ელისოს პორტრეტებს მრავლად ნახავთ. სხვადასხვა ასაკში სათქმელს მხატვარი სხვადასხვანაირად ამბობს. დედაც სპეციალურად უკერავდა ახალ კაბებს ბავშვობაში პოზირებისთვის. მუდმივი ნატურა მოთმინებით გამორჩეული რომ არ ყოფილიყო, მხოლოდ გარეგნული ხიბლი და სილამაზე არ იქნებოდა საკმარისი მამის ფავორიტობისთვის.
ელისო ჩოგოვაძე: “მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყავი… მამა კარგი მთხრობელია და ბავშვობაში სულ ცდილობდა ჩემთვის განწყობა შეექმნა, ცდილობდა სახელოსნოში მუშაობა არ ყოფილიყო მოსაწყენი. მახსოვს მამა ქალაქში ფეხით სეირნობის დროს, რაც ძალიან უყვარდა, ლამაზ ქალებს აკვირდებოდა, პატარა ვიყავი და ვეჭვიანობდი, არ მესმოდა, თურმე მათ მოძრაობებს აკვირდებოდა და სწავლობდა, შთაბეჭდილებებს აქტიურად იყენებდა მუშაობაში, ჩემი აზრით მამა ლაღი, თამამი კოლორისტი და ფერმწერია, მხატვარი უნდა იყოს მდიდარი და ვფიქრობ მამამ ეს შეძლო. როგორც ადამიანს მე კიდევ უფრო მეტად გამიმართლა, უმდიდრესი ვარ, რადგან ჩოგოვაძეების დიდ ოჯახში გავიზარდე”.
მიხეილ სოსო ჩოგოვაძე დაიბადა ქუთაისში 1930 წლის 20 ნოემბერს
1948 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი სანიმუშო საცდელი სკოლა
1950–1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე
1957 დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ და შემოქმედებით ცხოვრებაში,
1959 წელს მუშაობა დაიწყო გიორგი მაისურაძის სახელობის ქუთაისის სამხატვრო სკოლაში.
1976 წელს შემოქმედებითი მივლინებით გაემგზავრა ყირიმში საკავშირო პლენერზე.
2002 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი
ნამუშევრები დაცულია ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ნ. ნიკოლაძის სახლ–მუზეუმში, ქუთაისის გალერეაში, სათაფლიის მუზეუმში, საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა კოლექციებში.
დიდი პაშა–ქუთაისის ნოტარიუსი
19–ე საუკუნის ბოლოს ქუთაისში იმ ადგილს, სადაც ახლა წერეთლის უნივერსიტეტს პატარა გვერდითი ქუჩა ჩამოუყვება, ორსართულიანი დიდი ქვის სახლი ამშვენებდა. ყოფილი კიროვის (ახლანდელი თამარ მეფის) ქუჩაზე მდებარე გამორჩეულ სახლში დიდად პატივსაცემი საზოგადოება იკრიბებოდა. მასპინძელი, მაშინდელი ნოტარიუსი პავლე მოსიძე გავლენიანი პიროვნება გახლდათ და ხალხი მას “დიდ პაშად” უხმობდა.
პავლე მოსიძე 1865 წლის 1 იანვარს ბაღდათის რაიონის სოფელ როკითში დაიბადა. დაამთავრა ნოვოროსიისკის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1888 წელს ქუთაისის საოლქო სასამართლოში დაიწყო მუშაობა.
ამ დროიდან იწყება 23 წლის განსწავლული ჭაბუკის პროფესიული აღმასვლა. ყოველი საფეხური წარმატებითა და აღიარებით გვირგვინდებოდა. 1917 წლიდან პავლე მოსიძე ქუთაისის ნოტარიუსად გაამწესეს.
მას მიღებული ჰქონდა სტანისლავის ორდენი. ამ ჯილდოს მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებისათვის იღებდნენ. იშვიათი ინტელექტისა და გარეგნობის ადამიანმა მეტად საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. მეუღლე ეკატერინე (კატო) კანდელაკი ქუთაისის წმინდა ნინოს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
ქეთევან მოსიძე (შვილიშვილი): “ჩვენს ოჯახში ბებიასა და ბაბუაზე არ საუბრობდნენ. აუხსნელი შიში იყო გამეფებული, რაც ყველას აიძულებდა წარსულზე არ ეფიქრათ. ის, რაც მათ შესახებ ვიცი, ძირითადად ბავშვობისდროინდელ მოგონებებს უკავშირდება.
კიროვის ქუჩაზე 11 წლის ასაკამდე ვიზრდებოდი. სახლს თაღები და მდიდრული იერი ჰქონდა. ეზოში განთავსებული სათავსოებიც მოსიძეების ოჯახს ეკუთვნოდა. გადმოცემით ვიცი, რომ ამ სახლში თავს იყრიდა იმდროინდელი არისტოკრატული საზოგადოება. ბევრი სტუმარი თბილისიდან ჩამოდიოდა – კიტა ბუაჩიძის მამიდა, ვერიკო ანჯაფარიძის დედა, ცნობილი მსახიობები, ბანქოს მოყვარულები და სხვა. მოგვიანებით აქ ისეთი უბედურება დატრიალდა, მარმარილოს კიბეებიც კი მოხსნეს და წაიღეს…
ქველმოქმედებით და განათლებით გამორჩეულ პავლე მოსიძეს ქუთაისში ბევრი კეთილშობილური საქმე უკავშირდება. ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმისთვის მას არაჩვეულებრივი კოლექცია გადაუცია. რამდენიმე უცხო ენაზე ჩინებულად მოსაუბრე ნოტარიუსი იმავე საზოგადოებამ, რომელმაც ახალგაზრდობაში “დიდ პაშად” მონათლა, 80 წლის ასაკში “ხალხის მტრად” შერაცხა.
პავლე მოსიძე (უკვე ნოტარიუსად აღარ მუშაობდა) აივანზე, ქალაქში ახლად შემოსული მანქანების სერიის აღრიცხვით ირთობდა თავს. ეს მისი უკანასკნელი “საქმიანობა” აღმოჩნდა. სერიების აღნუსხვით ის თვალს ადევნებდა ქალაქის განვითარების ტემპს… და რადგან განსხვავებულობა ყოველთვის დასჯადია, ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნეს. მაშინ მეთოდები და ფორმები სასტიკი იყო. – “დიდი პაშა” აგენტად მიიჩნიეს. იდგა 1943 წელი.
ელისო ჩოგოვაძე (შვილთაშვილი): “გადმოცემით ვიცი, რომ ჩემს ბებიას თამარ იაკობის ასულ მდივნიშვილს განსაკუთრებულად ჰყვარებია მამამთილი. მას და ბატონ პავლეს მეტად თბილი და ურთიერთმოკრძალებული დამოკიდებულებები ჰქონიათ. ბებო სამსახურიდან დაბრუნებული თავად შესწრებია ამაზრზენ სურათს, პატივაყრილი და ღირსებაშელახული პავლე მოსიძისთვის იმდენად გამანადგურებელი იყო რძლის იქ ყოფნა, რომ თვალზე ცრემლი მოსდგომია. ამ ფაქტს ბებო მთელი ცხოვრება ვერ ივიწყებდა…
ქეთევან მოსიძე: “კიროვის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ყველაფერი წაიღეს, სახლი 24 საათში დაცარიელდა. მისმა ნათლულმა, რომელზეც ბატონ პავლეს დიდი ამაგი ჰქონდა, დრო იხელთა და საცხოვრებელი ბინა გააფართოვა. ჩვენ ოჯახში უნიკალური ფოტოარქივი ინახებოდა, მაგრამ დედა იძულებული გახდა, პავლე მოსიძის დაპატიმრების შედეგ, ყველაფერი გაენადგურებინა. მოდიოდნენ დაკითხვაზე… ამოწმებდნენ სახლს, სადაც კარადა და საწოლი იყო მხოლოდ გადარჩენილი და ისიც ვიღაც ქალმა წაიღო. დედა მიჩვეული იყო იმას, რომ ყველაფერი მიჰქონდათ და აღარაფერს ამბობდა…”
პავლე მოსიძის სიმდიდრიდან ერთგული მეზობლების დახმარებით მაინც გადარჩა – რამდენიმე ნივთი, სარკე და ბანქოს სათამაშო მაგიდა.
მათ შორის არის ერთი სერიოზული ნამუშევარი, საინტერესო ტექნოლოგიით შესრულებული. ის საძინებელი გარნიტური, რომლის მხოლოდ სარკე ინახება მის შთამომავალთან, სავარაუდოდ, ბაღდათის რაიონში უნდა იყოს დაბინავებული. შვილთაშვილებს ახსოვთ, ოჯახის წევრები როგორი სიმწარით ახსენებდნენ იმ ქალის სახელს, რომელმაც ნოტარიუსის ოჯახის კონფისკაციით ხელი მოითბო.
ელისო ჩოგოვაძე: “გადმოცემით ვიცი, რომ საძინებელი გარნიტური ბაღდათში ინახებოდა. 2003 წელს დაკრძალვაზე ყოფნისას შემთხვევით სწორედ ამ ოჯახში მოვხვდი. დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პაშასეული გარნიტურია, მაგრამ ამას უკვე ჩვენი ოჯახისთვის აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს.
ბებია ხშირად ამბობდა: ჩემთვის არქონებას იმდენი სიმწარე არ მოუტანია, რაც ქონებამ მომიტანაო. მის თვალწინ უდიდესი სიმდიდრე განადგურდა. ცვალებადი ეპოქა იყო, ხელმოცარული, “გატეხილი ვარცლის” ამარა დარჩა.
უცნობია პავლე მოსიძის ცხოვრების ბევრი საინტერესო ფურცელი, მხოლოდ ლეგენდასავით შემორჩა ამბავი მისი ქველმოქმედებისა თუ მოღვაწეობის ამსახველი განსაკუთრებული ფაქტები, ისტორიული მნიშვნელობის ურთიერთობის შესახებ ცნობები, რომელიც ქუთაისის ნოტარიუსს მაშინდელ ინტელიგენციასთან აკავშირებდა.
უცნობია ის წერილები, რომელსაც ციხეში ყოფნის დროს პავლე მოსიძე ოჯახის წევრებს უგზავნიდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ არაჩვეულებრივი არქიტექტურის მქონე სახლი მოსიძეებს ოპერის თეატრთან, მეორე სართულზე პატარა ოთახით შეუცვალეს. იგი იმდენად კეთილმოუწყობელი იყო, ბოლოს ქალაქის გარეუბანში ერთოთახიან ბინაზე გადაცვალა. “დიდი სახლის პატარა დიასახლისმა” თამარ მდივნიშვილმა 1961 წელს პავლე მოსიძის გამამართლებელ ქაღალდთან ერთად ფულადი კომპენსაციაც მიიღო.
ქეთევან მოსიძე: “რაც თავი მახსოვს დედას სისხლი ჰქონდა გამშრალი, ის ქაღალდი, რომელიც ადასტურებდა პავლე მოსიძის უდანაშაულობას, დედამ ნაკუწებად აქცია. ის ფული, რომელიც სურათის ჩარჩოსაც ვერ იყიდდა, არც აუღია–მე პავლე მოსიძის პატივს და ღირსებას გროშებში არ გავცვლიო”.
ჩოგოვაძეების დიდ ოჯახში თითოეული წევრი ცალკე ისტორია და საინტერესო ამბავია, მე მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე შევაჩერე ყურადღება. შვილებისა და შვილიშვილების, შვილთაშვილების შესახებ ცალკე თანამედროვე ამბები შეიძლება გიამბოთ, ფიქრად გამომყვა თუ როგორ ელოდებოდა ბატონი სოსო შვილთაშვილების სტუმრობას ინტერვიუს ჩაწერის დროს და რა მონდომებით ეცნობოდა ბატონი არჩილის შვილიშვილი ჩემი იქ ყოფნის დროს აზიურ კულტურას, თაობები იცვლებიან… მაგრამ ქუთაისს ლეგენდასავით ძალიან დიდხანს შემორჩება ამბავი მოსიყვარულე “ძმები ჩოგოვაძეების” შესახებ, რომლებმაც დაგვიხატეს ქუთაისი ანთებული ფერებით.
ამონარიდი ალბომიდან: “ქუთაისური ოჯახები” (რედაქტორი ცირა შალაშვილი, 2019 წელი)
კომენტარები