მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩხარში 2 თვე წყალი არ იყო, რიგები იდგა წყაროზე” – რა იწვევს სოფლებში უწყლობას?

“ჩხარში 2 თვე წყალი არ იყო, რიგები იდგა წყაროზე” – რა იწვევს სოფლებში უწყლობას?

ჩხარი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელია, სადაც 400 ოჯახი ცხოვრობს. შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა, შესაბამისად, სოფელს წყალი აუცილებლად სჭირდება.

ისე, როგორც საქართველოს სხვა ასობით სოფელში, ჩხარში სასმელი წყალიც პრობლემა იყო და სარწყავიც. წინა საუკუნიდან მოყოლებული სოფელი ე.წ. გოგნის წყლით მარაგდება, რომელიც ყოველ ზაფხულს არასაკმარისი ნაკადის გამო წყდება და სოფელი სრულიად უწყლოდ რჩება.

“2 თვე წყალი არ იყო, დილა-საღამოს რიგები იდგა წყაროზე. ვისაც დიდი ოჯახები აქვს, ძროხები ჰყავთ და რამე, რამდენჯერმე იყიდეს წყალი, 100-150 ლარს იხდიდნენ სამ ტონაში. მართლა არ არის სხვა გზა, ყიდულობ. ზაფხულში მით უმეტეს, ოჯახის შვილები ვართ, ელემენტარული თეფში რომ მორეცხო, ადამიანს მოწესრიგება გინდა, საჭმელი გინდა, სისუფთავე გინდა, წყლის გარეშე ვერ იარსებებ უბრალოდ”, – გვითხრა შორენა ხარაზიშვილმა, ჩხარის მცხოვრებმა.

არადა, ამ სოფელს 2024 წლის ზაფხული რომ უწყლოდ არ გაეტარებინა, ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იყო დახარჯული. კომპანიამ სამუშაოები 2023 წლის დეკემბერში კი დაასრულა, წყლის რეზერვუარიც გააკეთეს და შესაბამისი ქსელიც, მაგრამ ხალხის ონკანებში სასმელი წყალი მაინც ვერ მიიყვანეს. თან სამუშაოები რომ დასრულდა, მერე გაირკვა, რომ ეს წყალი სასმელად არ გამოდგებოდა, რადგან მდინარიდან იყო გადმოყვანილი.

“ის მდინარის წყალი ვის რა ჯანდაბად უნდოდა, მდინარე მოდის აგერ ნაგავი, გოუხსენი კალაპოტი და ამოაკაჩავე ეგერ. ეს რა სისულელეა, დიზენტერია და უბედურება, ჩათვალე, რომ აკიდებული გაქ. ზაფხულზე გვალვების დროს უნდა ყოფილიყო, მარა არ გაამართლა”, – გვეუბნება ადგილობრივი რამაზი ბარბაქაძე.

რამაზი 10 წელია, პარკინსონით დაავადებულ მეუღლეს უვლის და მისთვის ამ ზაფხულის უწყლობა განსაკუთრებით მძიმე გადასატანი იყო: “მე დღე გევიარე ამ ზაფხულზე, სად წამეღო ეს გამოცვლილი ტანსაცმელი აღარ ვიცოდი. რავარია ავადმყოფის პატრონი, კაი, მე არ დევიბან, ჯანდაბას, მარა იმისთვის რა მექნა. იცით რა დღე გადევიტანე? გიჟს ვგავდი. ამ წყაროდან რამდენი უნდა მიმეზიდა, გარეცხვა ხო გინდა, მანქანაში თუ არ გავრეცხე იმას ვინ გარეცხავს, 10 ტონა წყალი უნდა რომ მოიტანო”.

2023 წელს თერჯოლის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “გეოპლასტმა” გაიმარჯვა. მათ საქმე ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ ჩხარს წყლის პრობლემა აღარც ზამთარში ჰქონოდა და არც ზაფხულში. კომპანიას, ჯამში, 585 491 ლარი გადაუხადეს.

“ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთდა, მაგრამ მოსახლეობას წყლის ხარისხი არ მოეწონა”, – გვითხრა სოსო ჭანტურიძემ, ჩხარში მერის წარმომადგენელმა. თვითონაც დაგვიდასტურა, რომ წყალი მხოლოდ ქვიშაში იწმინდებოდა, სასმელად უვარგისია და მისი მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის გამოყენებაა შესაძლებელი.

არადა, თავიდან მერიამ კომპანიას საქლორატორო სადგურის მოწყობაც დაავალა, რომ მდინარიდან ამოღებული წყალი გაეფილტრათ და სასმელად ექციათ. მოგვიანებით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გადაიფიქრეს და კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებაც შეიტანეს. საბოლოოდ, საქლორატორო სადგური აღარ მოეწყო და გადაწყდა, რომ მდინარის წყლით ხალხი ბედნიერი იქნებოდა.

გოდერძი თურქაძემ, თერჯოლის მერიაში სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა, მოსახლეობა თავიდანვე იყო ინფორმირებული მდინარიდან რომ მივაწოდებდით წყალს, მაგრამ სამუშაოები რომ დასრულდა, პრეტენზია მერე გამოაცხადეს ამაზეო. თავად მიიჩნევს, რომ მდინარის წყლის გამოყენება სულაც არაა პრობლემა, მთელს საქართველოში ეგრეაო.

“ყველა დიდ ქალაქს მდინარიდან მიეწოდება წყალი, თბილისში, ქუთაისში, თუნდაც თერჯოლაში სად არის იმდენი წყაროები, რომ მოსახლეობის ინტერესები დაკმაყოფილდეს და შესაბამისი დებეტი მოიძიოს. ყველგან ხდება წყლის მიწოდება შესაბამისი პროცედურების გავლით. მე, პირადად, თერჯოლაში ვცხოვრობ და მდინარის წყალს ვსვამ ოჯახში. იფილტრებოდა ეს წყალი, თვითონ ქლორატორი არ გვაქვს, რადგან საკმაოდ ძვირად ღირებულია და საპასუხისმგებლოა. თუ ნორმალური სპეციალისტი არ იქნა გადამზადებული, შეიძლება, იმ ქსელზე არსებული ხალხი მოიწამლოს. შესაბამისად, ამის რესურსი მუნიციპალიტეტს არ გააჩნია”, – გვითხრა თურქაძემ.

ამ ახალმა გაკეთებულმა წყალმა რომ “არ გაამართლა”, მოსახლეობამ ჭანტურიძეს ალტერნატივა თავად შესთავაზა. უთხრეს, ჩვენ ვიცით საიდანაც უნდა მოგვიყვანოთ წყალიო.

“რადგანაც ხალხმა ეს დაიწუნა, მერე მითხრეს, ჩვენ ვიცით ადგილი, საიდანაც წყალს ამოვაკაჩავებთო, 300 მეტროშიო. იმ წუთში დავრეკე მერიაში ერთი 10 კაცი ისინი იყვნენ, 20 ჩვენ ვიყავით, ვნახეთ, მარა რა ვნახეთ. წყალი გადმოდის, საათში 30 ტონა წყალი შედის. მერია დაგვიდგა გვერდში, ტრუბები გვიყიდა 300 მეტრო, 25-ტონიანი ცისტერნა იყიდა, ხალხი მომეხმარა – 10 დღე წყალში ვიდექით. მე არავის ვადანაშაულებ, მე რომ შარშან მესდია და ეს წყალი ასე გამეკეთებია, მარა მე გადავდე. მერე, მერე და მოხდა ასე”, – გვითხრა სოფელში მერის წარმომადგენელმა.

ურემი რომ გადაბრუნდა, გზაც მერე გამოჩნდა – წყალი რომ სასმელად არ ვარგოდა, მაშინ გაირკვა, როცა სოფელს ყველაზე მეტად დასჭირდა. 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის სექტემბრის ბოლომდე ადგილობრივ მთავრობას პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ამ გადადებულმა საქმემ კი არჩევნებამდე მიგვიყვანა. სოფელში მერის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არჩევნები არაფერ შუაშია, წყალი გვჭირდებოდა და მაგიტომ გავაკეთეთო. თუმცა, ფაქტია, ეს დამატებითი სამუშაოები არჩევნების წინა კვირაში დაასრულეს და დამატებითი თანხაც დახარჯეს – 55 965 ლარი. სწორედ ეს თანხა დაუჯდა მერიას დამატებით 25-ტონიანი ავზის, მილების და სხვა საჭირო ნაწილების ყიდვა.

თავის დროზე, პირველი ტენდერის დაგეგმვისას თერჯოლის მერიას ადგილობრივებისთვის მეტად რომ მოესმინა, არც ფული დაიხარჯებოდა მეტად, არც დრო და ზაფხულში 400 ოჯახიც უწყლობით არ გაწვალდებოდა.

წყარო: “აიფაქტი”

კომენტარები